კავშირი საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ს. ჩ.-ს ინტერესებს.
ს. 2020 წლის 5 მარტს მისმა ყოფილმა მეუღლემ სასიკვდილოდ დაჭრა საჯარო ადგილას, უამრავი ხალხის თვალწინ, ქალაქ ხაშურის ცენტრში.
მეუღლის და დედამთილის მხრიდან ძალადობის გამო, ს. ჩ.-მ არაერთხელ მიმართა პოლიციას. შემთხვევის დღესაც, მან გადაწყვიტა, პოლიციაში წასულიყო, ვინაიდან იმავე დილით, მას მოძალადე მოკვლით დაემუქრა. მაგრამ, მსხვერპლს მოძალადე გზაში აედევნა და პოლიციაში მისვლამდე, ქალთან დალაპარაკებას შეეცადა.
უარის მიღების შემდეგ, დამნაშავემ ს.-ს დანით გულმკერდისა და მუცლის არეში 9-ჯერ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად, ს. ჩ.-მ მალევე გონება დაკარგა, ხოლო რამდენიმეთვიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ს. ჩ.-ს დედა ცნო.
2020 წლის 5 მარტს, გამოძიება დაიწყო 11 პრიმა 19-109 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, განზრახ ჩადენილი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ).
ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს და მომხდარში მსხვერპლს ადანაშაულებდა. ამავდროულად, ბრალდებულის დედამ უარყოფით კონტექსტში მოიხსენია ს. ჩ. როგორც საქმის მასალებში, ასევე – ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში.
აღნიშნულის გამო, „ნანუკას შოუს“ წინააღმდეგ საფარმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში საჩივარი შეიტანა; საზოგადოების მხრიდან საქმისადმი მაღალი ინტერესის ფონზე, მოწვეული რესპონდენტის ნათქვამის გადაუმოწმებლად ტირაჟირებით და ბავშვების პერსონალური მონაცემების გაჟღერებით, ზიანი მიადგა ს. ჩ.-ს ბავშვების საუკეთესო ინტერესებსაც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 8 ივლისის გადაწყვეტილებით, ნანუკა ჟორჟოლიანმა დასახელებულ გადაცემაში დარღვია ქარტიის მე-7 და მე- 10 პრინციპი.
„სადავო გადაცემაში იყო საუბარი მსხვერპლი ქალის პირადი ცხოვრების დეტალებზე [მაგალითად: მას სხვა პირთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და ა.შ.]. თავად ინფორმაცია არ არის დადასტურებული, რადგან მასზე საუბრობდა მხოლოდ დაინტერესებული მხარე. გარდა ამისა, ინფორმაციის მიმართ არ არსებობდა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ინფორმაცია არასრულწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ…“, – ვკითხულობთ ქარტიის გადაწყვეტილებაში.
2020 წლის 16 ნოემბერს, გორის რაიონული სასამართლომ ბრალდებული მ. ლ. დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საფარი კვლავ განაგრძობს დაზარალებულის უფლებამონაცვლის დაცვას სააპელაციო სასამართლოში.