საქართველოში უაღრესად პოპულარულმა პერსონამ, არნოლდ შვარცენეგერმა, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპის ბოლოდროინდელ ქმედებებს აფასებს. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ არჩევნების შედეგების იგნორირება, 6 იანვარს კი მისი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმი შვარცენეგერმა გერმანიასა და ავსტრიაში 1938 წლის “ბროლის ღამეს” (ჩამსხვრეული ვიტრინების ღამე) შეადარა.
ვიდეოს თავში, არნოლდი მამის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე საუბრობს. მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიბადა და ბავშვობაში “გატეხილი ადამიანებით” იყო გარშემორტყმული, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის თანაგრძნობის გამო სინანულს განიცდიდნენ. “მამაჩემი შინ კვირაში ერთი-ორჯერ მთვრალი მოდიოდა, ჩვენ და დედას გვიყვიროდა, გვაშინებდა და გვირტყამდა. მაგრამ, მე მხოლოდ მას ამ ყველაფერში არ ვადანაშაულებდი, რადგან იგივეს უკეთებდა თავის ოჯახს ჩვენი მეზობელიც, და იმის მეზობელიც”, – განაცხადა შვარცენეგერმა. იგი მამამისის და “მეზობლების” ძალადობრივ ქმედებებს იმ მოვლენებისგან გამოწვეულ ემოციურ და ფიზიკურ ტკივილს უკავშირებს, რომელთა მომსწრენიც ისინი იყვნენ. მსახიობი დასძენს, რომ ეს ადამიანები “სიცრუით შეცდომაში შეიყვანეს” და მან კარგად იცის, თუ რა შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანოს ადამიანი ამ სიცრუემ.
არნოლდ შვარცენეგერი აუდიტორიას მოუწოდებს, დემოკრატიული ღირებულებები პირველ ადგილზე დააყენონ და მხარი დაუჭირონ არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.