გუშინ, 12 ოქტომბერს, მიკროსაფინანსო კომპანია CCloan-ის დისკრიმინაციული შინაარსის რეკლამასთან დაკავშირებით, კავშირმა „საფარმა“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასა და სახალხო დამცველს საჩივრით მიმართა.
როგორც ონლაინ გამოცემა On.ge იუწყება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ CCloan-მა განაცხადა, რომ დასახელებული სარეკლამო რგოლი ბადიდან უკვე ამოღებულია. კომპანიის მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენლები აცხადებენ: “ჩვენთვის აღარ არის აქტუალური, ეს თემა არის თუ არა დისკრიმინაციული”.
“საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია აცხადებს, რომ CCloan-ს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს: “სამწუხაროა, რომ CCloan-ი ვერ აცნობიერებს იმ ზიანს, რომელიც დისკრიმინაციულმა რეკლამამ უკვე გამოიწვია, არ გრძნობს პასუხიმგებლობას დისკრიმინაციული რეკლამის განთავსების გამო და ამ საკითხს არააქტუალურს უწოდებს.”
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის ქეთი შუბაშვილის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატმა CCloan-ის დისკრიმინაციული შინაარსის რეკლამასთან დაკავშირებული საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო, რეკლმის გავრცელებისთანავე. საქმეზე მუშაობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილებაც მალე მზად იქნება.