პოლიტიკაshe

ფინეთის პრემიერმა სავარძელი ერთი დღით 16 წლის გოგონას დაუთმო

მართალია, ფინეთი მიჯრით იკავებს პირველ ადგილს გენდერული თანასწორობის სხვადასხვა რეიტინგში, მაგრამ მისი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი (Sanna Marin) კვლავ აქტიურად განაგრძობს ქალთა უფლებებზე მუშაობას.

ამჯერად, მან გადაწყვიტა, თავისი სავარძელი მთელი დღით 16 წლის აავა მურტოსთვის (Aava Murto) დაეთმო.

იმ დღეს, აავა მურტოს ახალ კანონებზე არ უმუშავია, მაგრამ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა პოლიტიკოსებთან, სადაც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა უფლებებზე ისაუბრა.

პრემიერმა და 16 წლის აქტივისტმა გოგონამ ერთმანეთს ადგილები გაეროს ეგიდით დაწესებული გოგონათა საერთაშორისო დღის (11 ოქტომბერი) პატივსაცემად გაუცვალეს.

ფინეთი უკვე მეოთხედ იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ორგანიზაციის Plan International-ის პროგრამაში Girls’ Takeover, რომლის ფარგლებშიც, მოზარდებს მთელი მსოფლიოდან საშუალება აქვთ, ერთი დღე გაატარონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ, ბიზნეს თუ სხვა სფეროების ლიდერებთან.

ამჯერად, ეს დღე გოგონების განათლებას ეძღვნება ციფრულ და ტექნოლოგიურ სფეროებში. წელს, სხვა ქვეყნებთან ერთად, პროექტში კენიის, პერუს, სუდანისა და ვიეტნამის წარმოადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

“ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა დღეს თქვენთან საუბარი, თუმცა, რაღაც მომენტში მინდოდა, რომ ჩემთვის საჭირო არ ყოფილიყო აქ ყოფნა, და რომ ისეთი კამპანიები, როგორიცაა Girls’ Takeover, საერთოდ არ იყოს აუცილებელი. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გენდერული თანასწორობისთვის ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია დედამიწის არც ერთ კუთხეში. მართალია, უკვე ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი”, – განაცხადა მურტომ თავის გამოსვლაში.

მურტო ქალთა უფლებებისა და კლიმატის ცვლილებების აქტივისტია. მან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განცხადება თავად შეიტანა.

2019 წელს, ფინეთმა მესამე ადგილი დაიკავა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის ყოველწლიურ რეიტინგში, მაგრამ ტექნოლოგიების სფეროში ადგილობრივი ქალები კვლავ არასაკმარისი წარმომადგენლობით არიან ჩართულნი.

შარშან ფინეთის მთავრობის სათავეში მოსვლით, 34 წლის მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა. იგი მესამე ქალია, რომელმაც ფინეთში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. ოთხ სხვა პარტიასთან ერთად, მარინი მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციას ხელმძღვანელობს. სხვათა შორის, ყველა ამ პარტიას ქალები უდგანან სათავეში, რომელთა შორის სამის ასაკი 35 წელს არ აღემატება.

youthincmag.com