საქართველოს დელეგაციამ კომიტეტს წარუდგინა მე-4 და მე-5 პერიოდული კომბინირებული ანგარიში „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულებაზე. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე. მან ისაუბრა როგორც საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ პერიოდში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებზე (სტამბოლის კონვენციის ხელმოწერა, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა), ასევე სამომავლო გეგმებზე. საბჭოს თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ CEDAW კომიტეტის წევრებმა საქართველოს დელეგაციას ქვეყანაში ქალთა დისკრიმინაციის კუთხით არსებული სიტუაციის შესახებ კითხვებით მიმართეს.
18 ივლისს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტმა დასკვნითი დებულებები გამოსცა, რომელშიც განიხილა ქვეყანაში ქალთა დისკრიმინაციის კუთხით არსებული მდგომარეობა და წარადგინა მისი გაუმჯობესების შესახებ საკუთარი რეკომენდაციები. აშკარაა, რომ დოკუმენტში კომიტეტმა გაითვალისწინა არასამთავრობოების მიერ დასმული ყველა საკითხი.
კომიტეტის ძირითადი რეკომენდაციები მოიცავს შემდეგ საკითხებს: პირველ რიგში, კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, რომ მან კონვენცია და კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციები აქციოს სამართლებრივი განათლების განუყოფელ ნაწილად, რათა მოსამართლეებს, პროკურორებსა და ადვოკატებს შეეძლოთ კონვენციის სწორი გამოყენება და მის შესაბამისად ქვეყნის კანონმდებლობის ინტერპრეტაცია.
კომიტეტი ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, იმუშაოს კონვენციით გარანტირებული უფლებების შესახებ ქალთა ცნობიერების გაზრდაზე. კომიტეტი გამოყოფს ცალკეულ საკითხებს და მოუწოდებს მთავრობას, იმუშაოს ყველა ეთნიკურ ჯგუფში ბავშვთა ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, ამ პრაქტიკის პრევენციის მიზნით დაარწმუნოს საზოგადოება მის უარყოფითი გავლენაში გოგონების ჯანმრთელობასა და პიროვნულ განვითარებაზე, დანერგოს სკოლებში ასაკის შესაფერისი სექსუალური და რეპროდუქციული განათლება, ხელი შეუწყოს გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლას მედიისა და სასკოლო პროგრამების საშუალებით.
დასკვნით დებულებებში ასევე საუბარია კონვენციის იმპლემენტაციისთვის მეტი ფინანსების გამოყოფაზე. კომიტეტი მოუწოდებს მმართველ გუნდს, უზრუნველყოს როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭო საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსით იმისათვის, რომ მათ შეძლონ გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაცია.
კომიტეტმა ასევე წარადგინა საკუთარი რეკომენდაციები სამართლებრივი ცვლილებების შესახებ. იგი მოუწოდებს სახელმწიფოს გააუქმოს ტრანსგენდერი პირებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად არსებული შეზღუდვები, შეიტანოს ცვლილება სამოქალაქო კოდექსში და აკრძალოს 16-დან 18-წლამდე ქორწინება სასამართლოს ნებართვის გარეშე, ასევე იძულებითი ქორწინებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახადოს ბავშვის თანხმობა სასამართლოს წინაშე.
დოკუმენტში საუბარია ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების რიცხვის ზრდაზეც. კომიტეტი მოუწოდებს მმართველ გუნდს, ეფექტურად გამოიძიოს მსგავსი ძალადობრივი აქტები, დასაჯოს დამნაშავეები დანაშაულის სიმძიმის ფარდი სასჯელით, უზრუნველყოს დანაშაულის მსხვერპლი როგორც ზარალის ანაზღაურებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრითა და სხვადასხვა ტიპის დახმარებით, ითანამშრომლოს ამ კუთხით მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
დოკუმენტში განხილულ პრობლემებს შორისაა ქვეყნის პოლიტიკაში ქალთა დაბალი ჩართულობის საკითხი. არსებული სიტუაციის გასაუჯობესებლად, კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ქალთა მაქსიმალური მონაწილეობა, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღების დონეზე, შემოიღოს სავალდებულო კვოტირება, როგორც ქალთა წარმომადგენლობის ზრდის ეფექტური იარაღი და ჩართოს მეტი ქალი კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, განსაკუთრებით კი უმაღლეს დონეზე გამართულ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში.
გარდა ზემოთ განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა, დოკუმენტში მწვავე პრობლემადაა წარმოჩენილი ოჯახის დაგეგმვის სერვისებისა და კონტრაცეპტიული საშუალებების არახელმისაწვდომობა, რაც ხელოვნური აბორტების რიცხვის ზრდას იწვევს. კომიტეტი მოუწოდებს მთავრობას, გახადოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისები და კონტრაცეპტიული საშუალებები უფრო ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით სოფელში მცხოვრები ქალებისათვის, მოახდინოს სამედიცინო პერსონალის გადამზადება და სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაფართოება, ასევე, იზრუნოს იმ ქალების სამედინიცინო მომსახურეობაზე, განათლებასა და დასაქმებაზე, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს მიეკუთვნებიან (ეთნიკური უმცირესობები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები).
სამუშაო ადგილზე ქალთა მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციასთან საბრძოლველად კომიტეტი მმართველ გუნდს შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის დამკვიდრებას სთავაზობს, რაც ხელს შეუწყობს შრომის კოდექსის დარღვევების აღმოჩენასა და აღმოფხვრას.
დოკუმენტის ბოლოს, კომიტეტი იწვევს მმართველ პარტიას, წარადგინოს შემდეგი, რიგით მე-6 პერიოდული ანგარიში 2018 წლის ივლისში; ხოლო ორ წელიწადში საქართველომ უნდა წარადგინოს შუალედური ანგარიში და აღწეროს 21 და 25 პარაგრაფებში გაწერილი რეკომენდაციების განსახორციელებლად გადადგმული ნაბიჯები. 21-ე პარაგრაფი ეხება ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და ქალთა მკვლელობებს, ხოლო 25-ე პარაგრაფი – ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და სავალდებულო პარტიულ კვოტირებას.
შეგახსენებთ, რომ კონვენცია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) არის გაეროს ასამბლეის მიერ 1979 წელს მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულება და მას დღესდღეობით 188 ქვეყანა აწერს ხელს. საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა.