თებერვლის თვეში საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც აპლიკაცა Tinder-ის საშუალებით გაცნობილმა კაცმა სექსუალურად იძალადა. მიუხედავად შეხვედრაზე გაცხადებული თანხმობისა, ქალი მასთან სექსუალურ ურთიერთობას არ დათანხმებულა. მოძალადემ ის ბინაში გამოკეტა, ჯერ ფიზიკურად იძალადა მასზე, შემდეგ მოკვლით დაემუქრა და გააუპატიურა.
ბინიდან დაღწევისთანავე ქალმა პოლიციას მიმართა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, თუმცა მოძალადე არ დაუკავებიათ. ბრალის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებების – ქალის სხეულზე დაზიანებების არ არსებობის გამო გართულდა.
ქალმა მიმართა საფარს, რის შემდეგაც საქმეში იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო და მოითხოვა, ჩატარებულიყო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის – ექსპერტიზა ქალის სამოსზე, რის შედეგადაც გამოძიებამ მოძალადის მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა, ხოლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ქალის სამოსი კაცმა დააზიანა, რაც მის მიერ ძალის გამოყენებას ადასტურებდა. მარი ვარამაშვილმა ქალის დაზარალებულად ცნობა და მოძალადესთვის ბრალის წარდგენა მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო კონვენციების და სასამართლოების სტანდარტებს და გაუპატიურებად ისეთ ქმედებას მოიაზრებს, რომლის შედეგადაც დაზარალებულს სხეულზე ძალადობის კვალი ემჩნევა, ქალი დაზარალებულად ცნეს, ხოლო მოძალადეს 31 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. 23 ივნისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა და საქმეზე არსებითი სხდომები გაიმართება.