სიახლეები

გაეროს სპეციალური მომხსენებელი: უფლებადამცველებზე თავდასხმები უნდა შეწყდეს

ფოტო: https://unric.org

ჟენევა (5 სექტემბერი, 2024 ) – 2024 წელს ქართველი უფლებადამცველები რეპრესიების ტალღას შეეჯახნენ, რომელიც არ ნელდება, განაცხადა დღეს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მერი ლოულორმა ქართველი უფლებადამცველების მდგომარეობაზე საუბრისას.

“მე საქართველოს 2023 წლის ბოლოს ვეწვიე სწორედ იმისთვის, რომ უფლებადამცველების მდგომარეობას დავკვირვებოდი და მაშინ ვითარება დაძაბული იყო.- თქვა ლოულორმა – ამის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.”

სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2024 წლის დასაწყისში პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პროცესში უფლებადამცველების მიზანში ამოიღეს. კანონი, რომელიც 2024 წლის 28 მაისს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად მიიღეს, არღვევს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებს, რომლებიც გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებას ეხება. კანონი ძალაში 2024 წლის 1-ელ აგვისტოს შევიდა.

„როდესაც პარლამენტმა “უცხოური გავლენის აგენტების” კანონი დაჩქარებული წესით მიიღო, უფლებადამცველები საშინელი, მიზანმიმართული თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ,“ – განაცხადა ლოულორმა. „მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სატელეფონო ზარებით აშინებდნენ, ხოლო უფლებადამცველი ორგანიზაციების ოფისები და ამ ორგანიზაციების თანამშრომლების სახლები მუქარებითა და ცილისწამებით გაჯერებული მესიჯებით გაავსეს.“

სპეციალურმა მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები დაუსჯელად განხორციელდა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მთავრობის მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებებითაც იყო წახალისებული. ამის მაგალითად, მან 2024 წლის 11 ივნისს, ზუკა ბერძენიშვილის, სასტიკად ცემის ფაქტი გაიხსენა, რის შედეგადაც აქტივისტი საავადმყოფოში მოათავსეს. ზუკა ბერძენიშვილს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბერძენიშვილი და სხვები, რომლებიც უცხოური აგენტების კანონს აკრიტიკებდნენ, 11 ივნისის დილას საჯარო განცხადებით ტერორიზმში დაადანაშაულა.

“მთავრობის ოფიციალური პირების და მმართველი პარტიის წევრების მიერ უფლებადამცველების ხალხის მტრებად საჯაროდ მოხსენიება, კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში,“ – განაცხადა ლოულორმა. „ამგვარი განცხადებები ახალისებს და ამართლებს უფლებადამცველებზე თავდასხმებს, ხოლო საქართველოს კონტექსტში, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მათი მიზანი სწორედ ეს არის.

სპეციალურმა მომხსენებელმა მოუწოდა მთავრობას, შეცვალოს არჩეული კურსი და სერიოზულად განიხილოს იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც მან ადამიანის უფლებათა საბჭოს ამ წლის დასაწყისში წარუდგინა, რათა ქვეყანაში უფლებადამცველების მდგომარეობა გამოსწორდეს.

გამოთქვამს მზადყოფნას, რეკომენდაციების განხორციელების მიზნით, გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა.

მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადებები გამოაქვეყნეს “ამნესთი ინთერნეიშენალმა” და “ჰუმან რაითს ვოჩმა” და დაგმეს, როგორც საქართველოს მთავრობის კრიტიკოსებზე თავდასხმები, ასევე ამ თავდასხმების გამოუძიებლობა.

საფარმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს 2024 წლის 11 ივლისს გაუგზავნა ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში , რომელშიც საუბარი იყო მმართველი პარტიის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მუდმივ დევნაზე, მათ მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებასა და არაეფექტურ გამოძიებაზე, რის გამოც აქტივისტებისთვის მიყენებული ზიანის მიუხედავად, მოძალადეები ამ დრომდე არ დასჯილან. 

გაეროს სპეციალური მომხსენებლის განცხადება სრულად იხილეთ აქ.