სექსუალური ძალადობა

#MeToo-ს გამარჯვება – ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით პატიმრობა მიესაჯა

ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ ჰოლივუდის კინოპროდიუსერს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული სასამართლოში ხელბორკილებითა და შშმპ ეტლით გამოცხადდა – მარტის დასაწყისში მან გულის სტენტირების ოპერაცია გაიკეთა.

“ბრალდების პირველი პუნქტით, თქვენ მოგესაჯათ 20 წლით თავისუფების აღკვეთა, ხოლო მეორეთი – 3 წლით”, – განაცხადა მოსამართლე ჯეიმს ბერკმა (James Burke).

თებერვალში, ნაფიცმა მსაჯულებმა პროდიუსერი თავისი ასისტენტის მირიამ ჰალეისთვის ორალური სექსის იძულებასა და სტილისტი ჯესიკა მანის გაუპატიურებაში ცნეს დამნაშავედ.

ბრალდება მოცემული მუხლების მიხედვით მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდა – საერთო ჯამში 29 წელს, დაცვა კი – ხუთ წელს, “იმის გათვალისწინებით, რომ ამ ვადის ბოლომდე, 67 წლის ვაინშტაინმა, შესაძლოა, ვერც მიაღწიოს”.

პროდიუსერი სამ დანარჩენ ბრალდებაში გამართლდა. ასე რომ არ მომხდარიყო, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჰარვი ვაინშტაინის სექსუალური ძალადობის საქმეებმა უდიდესი რეზონანსი ჰპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

cnn.com