"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

დედაჩემი მოხრჩობის საშუალებითაა მოკლული, და მეც ასე ვკვდებოდი…

ახალი წლის ბედნიერი საღამო ნანა გოგალაძისთვის და მისი ბავშვებისთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ეჭვიანობის ნიადაგზე, პარტნიორი ნანას იმ ზომამდე დაუპირისპირდა, რომ მისი მოხრჩობა სცადა. ნანამ უკანასკნელი მობილიზაცია გაუკეთა ფიზიკურ ძალებს და მოძალადის გაუვნებელყოფა მხოლოდ მისი სამზარეულოს დანით დაჭრის გზით მოახერხა. დღემდე, ნანა პარტნიორის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობაშია ბრალდებული.

ნანა გოგალაძე: ეს ადამიანი ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე, ისე, რომ თავადაც არ ვიცოდი, დამიბლოკა ყველა კონტაქტი ტელეფონში, სოციალური ქსელებიდან ამომიშალა ბავშვობის მეგობრები, ჩემს პირველ მეუღლეზე, ბავშვების მამაზეც საშინლად ეჭვიანობდა. ამის გამო, მთელი სკანდალები გვქონდა. ფსიქოლოგიურად დამამუშავა მთელი მასთან ურთიერთობის მანძილზე, რომ მართლა დავიწყე იმის დაჯერება, რომ მის გარეშე ცხოვრებაში სულ დავიკარგებოდი.

ახალი წლის იმ ავბედით დილას, ბავშვები მამას ტელეფონით ესაუბრებოდნენ. საუბრის წუთების დათვლა დაიწყო, ამდენი ხანი რატომ ელაპარაკებოდით ამ კაცსო. მე ვუპასუხე, ამ ადამიანთან ურთიერთობა რომ მდომოდა, შენთან, ორი ბავშვით თბილისში არ წამოვიდოდი-მეთქი.

მოკლედ, იმ ღამეს საშინელი აგრესია ვეღარ გააკონტროლა, ფიზიკურად დამიპირისპირდა იმ დონემდე, რომ ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო.

დედაჩემი სწორედ მოხრჩობის საშუალებითაა მოკლული, მძარცველების ხელით. წარმოიდგინეთ, რა საშინელი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დაუკავშირე, სიცოცხლეს მოხრჩობით გასრულებინებს. იმ წამს, დედას ამბავმაც გამიელვა თვალწინ, და ამან ჩემი სასოწარკვეთილება კიდევ უფრო გაამძაფრა. ისიც კი ვიფიქრე, რა ენით აუწერელი საშინელება ელოდათ ამ ამბის შემსწრე ჩემს შვილებს – ეს ყველაფერი ხომ თავად მაქვს გამოვლილი…

როდესაც ამ ყველაფერმა წამიერად თვალწინ გამირბინა, მივხვდი, რომ თავდასაცავად უკანასკნელი ძალები უნდა მომეკრიბა – სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. ასეც მოხდა, მოგერიების მიზნით, ეს ადამიანი სამზარეულოს დანით დავჭერი. მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ მანამდე გამოძახებული პატრული 45 წუთის დაგვიანებით მოვიდა. პოლიცია დროულად რომ მოსულიყო, ალბათ ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა და თავს მოსაკლავადაც ვეღარ დამესხმებოდა.

დაგვიანებით მოსულმა პატრულმა ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. უბრალოდ თავს იცავდი, ადვოკატი არაფერში გჭირდებაო.

…და მართლა ასე მოხდა?

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დამიბარეს და ბრალი წამიყენეს. სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი, იურიდიულად ბევრი არაფერი მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. პარალელურად, ჩემი დამშვიდება არ შეუწყვეტიათ, ნუ ღელავთ, დიდი-დიდი, პირობითი მოგცენ, რადგან აქამდე არანაირი კრიმინალური ქმედება არ ჩაგიდენიათო.

მიუხედავად ამ დამშვიდებებისა, მოგვიანებით კარგად მივხვდი, რომ განვითარებული მოვლენები მშვიდად ყოფნის საფუძველს ნაკლებად მაძლევდა.

საბედნიეროდ, ამ გასაჭირში მყოფს, მეგობარმა საფარისთვის მიმართვა მირჩია.

ამ ინციდენტის შემსწრე ბავშვები ახლა როგორ გრძნობენ თავს?

ბავშვები უსაშინლეს მდგომარეობაში იყვნენ. „საფარში“ მომართვის შემდეგ, ორგანიზაცია GCRT-ის ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან მუშაობამ მათი მდგომარეობა ოდნავ შეამსუბუქა, მაგრამ მათ გამო ახლაც ძალიან ვღელავ…

ვინ იყვნენ ისინი, ვინც გამშვიდებდათ და საქმის რეალურ სურათს გიმალავდათ?

ორი გამომძიებელი დაბეჯითებით მიმტკიცებდა, რომ „საშიში არაფერი იყო“ და „ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლიდა“, რადგან თავს ვიცავდი და სხვა არაფერი. სიტყვებით ყველაფერი ისე შეამსუბუქეს, რომ ერთი პერიოდი მართლა დავიჯერე, რომ ამ საქმეში ჩემთვის სანერვიულო არაფერი იყო.

და რა მოხდა სინამდვილეში?

უამრავ ქაღალდზე მომაწერინეს ხელი, მაგრამ ხელზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოუციათ. საქმეს მთლიანადაც კი არ ვიცნობდი. თურმე, ის მუხლი მქონდა წაყენებული, რომლის მიხედვითაც, ამ კაცის მოკვლა განზრახ მინდოდა, მაშინ, როცა აუცილებელი თავდაცვის მუხლი საერთოდ გამოირიცხა. ეს იყო საშინელი უსამართლობა! ასე ყოფილა ჩვენს სისტემაში – თუ დაინახეს, რომ ადამიანს კერძო ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ გააჩნია ან ნაკლებად იცის ქართული, თვალს არ დახუჭავენ, ისე აჩეჩებენ სრულიად არაადეკვატურ ბრალს. მხოლოდ იმაზე დარდობენ, თავიანთი საქმე წასწიონ წინ და „პაგონები“ მოიმატონ…

ჩემს შემთხვევაშიც ასე კოხტად გადააკვალიფიცირეს ყველაფერი… პროკურორი ჩემ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და უხეშად მიღრენდა, ხომ გითხარი, მე რასაც გეტყვი, უნდა დამიჯერო, 5000-იან გირაოზე უნდა დათანხმებულიყავიო. მარწმუნებდა, დათანხმდი ამ გირაოზე და არანაირი პრობლემები არ შეგექმნებაო. მე ვუპასუხე, ნეტავ იცოდეთ, სად ვცხოვრობ, 5000 კი არა, 200 ლარის გადახდის საშუალებაც კი არ მაქვს-მეთქი. ეს რომ ავუხსენი პროკურორს, მუქარაზე და დედის გინებაზე გადავიდა, მე შენ გიჩვენებ სეირსო. წარმოგიდგენიათ? ადამიანი მტრად გადამეკიდა იმის გამო, რომ 5000-იანი გირაოს გადახდაზე უარი ვთქვი…

როგორ შეიცვალა თქვენი საქმის მიმდინარეობა „საფარში“ მომართვის შემდეგ?

პირველი კითხვა, რაც ელისომ საქმის გაცნობის შემდეგ დამისვა, გირაოს ეხებოდა. ორი პატარა ბავშვით ქირით მცხოვრებ მარტოხელა ქალს, არასტაბილური შემოსავლით და ქმრის ალიმენტზე დამოკიდებულს, რა გირაოს გადახდა შემეძლო?

ელისოს ძალისხმევით, ახლა ამ პროკურორსაც აღარ მიჰყავს ჩემი საქმე. ამ მომენტში, მისი დაუღალავი მუშაობის შედეგად, დაზარალებულის სტატუსი მაქვს, – მეორე ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც იგივე ადამიანმა, რომელიც ჩემს მოხრჩობას ცდილობდა, ერთ დღეს, შუაღამისას, შვილებიანად ქუჩაში გამომაგდო.

ახლა რა პროცესშია საქმე?

როგორც უკვე გითხარით, აუცილებელი მოგერიების მუხლის ნაცვლად, სხეულის განზრახ დაზიანების მუხლი მაქვს წაყენებული, – მკვლელობის მცდელობა მბრალდება. ელისო რუხაძე თავდაუზოგავად მუშაობს ჩემს საქმეზე და იმედი მაქვს, რომ ჩემი სიმართლე და „საფარის“ უდიდესი ძალისხმევა თავის შედეგს გამოიღებს. ეს ჩემი უკანასკნელი იმედია…

ამჟამად სად არის თქვენი პარტნიორი?

მართალი გითხრათ, არ ვიცი. რაც პატრულმა მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, მას შემდეგ ჩემ ირგვლივ არ გამოჩენილა. იმედია, მასთან ურთიერთობა საბოლოოდ დავასრულე.

„საფარს“ დიდი, დიდი წარმატებები მინდა, ვუსურვო. დიდი მადლობა, რომ ხართ! ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანი ძალიან ბევრია, ყველას ვინ გაწვდება, მაგრამ ყველას ვუსურვებ, ასე უმაღლესი ხარისხით დახმარებოდეთ, როგორც მე.

ესაუბრა შორენა გაბუნია