თანასწორობის პოლიტიკა

პოლონეთში აბორტის აკრძალვის ირგვლივ კვლავ ვნებათაღელვაა

პოლონეთის სეიმმა იმ კანონპროექტის განხილვა გადადო, რომელიც ფაქტიურად ქვეყანაში აბორტების გაკეთებას კრძალავს.
კანონპროექტის განხილვა გაგანია პანდემიის დროს პოლონელი უფლებადამცველებისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ ამ დოკუმენტის წინააღმდეგ დიდი პროტესტი გამოთქვეს, თუმცა, პროტესტის გამოხატვა საკარანტინო შეზღუდვების პირობებში ადვილი არ ყოფილა.

“მარტის ბოლოს მილიონამდე ადამიანმა დაკარგა სამსახური, 15 000 საწარმო გაკოტრდა, ადამიანები კვდებიან, მთელი პოლონეთი ნიღბების კერვაზეა გადასული, და ამ პირობებში, ხელისუფლებამ აბორტის აკრძალვისთვის მოიცალა… ეს ხდება იმის ნაცვლად, რომ დაეხმარონ ადამიანებს, საწარმოებს, ჯანდაცვის სამსახურებს!”, – აღშფოთებულია უფლებადამცველი მარტა ლამპარტი.

აბორტის შესახებ ხმაურიანი დისკუსიის შემდეგ, გუშინ სეიმმა ხმა მისცა კანონპროექტის ხელახლა დამუშავებას საპარლამენტო კომიტეტებში ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის განხრით.

ეს გადაწყვეტილება აბორტების მოწინააღმდეგეებს მეტად აძლევთ ხელს: კომიტეტებში კანონპროექტის განხილვა შესაძლოა, დაუსრულებლად გაგრძელდეს.

ქვეყანაში აბორტის გაკეთება დაშვებულია მხოლოდ სამ შემთხვევაში:

– თუ ორსულობა დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება;

– თუ სამედიცინო ჩვენება ნაყოფის უკურნებელ სენს ან შეუქცევად დეფექტს აღმოაჩენს;

– თუ ორსულობა სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგია.

მსგავსმა კანონმდებლობამ ქვეყანაში ე. წ. “სააბორტო ტურიზმის” განვითარებას და უკანონო აბორტებს შეუწყო ხელი.
მიუხედავად ყველაფრისა, აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრების კანონპროექტი სეიმში რეგულარულად ჩნდება.
2016 წლის შემოდგომით, “შავი პროტესტების” სახელწოდების აქციებში პოლონეთის ქალაქებში გამართულ მიტინგებზე ასობით ადამიანი გავიდა.

მაშინ, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ნაყოფის დეფექტების გამო ჩატარებული აბორტებიც დასჯადი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, უნდა დასჯილიყვნენ აბორტის გამკეთებელი ქალებიც და ექიმებიც.

მასობრივმა პროტესტებმა მაშინ მმართველი პარტია აიძულა, უარი ეთქვა დასახელებული კანონპროექტის მიღებაზე.

აბორტების ამკრძალავი ახალი კანონპროექტი 2017 წელს შევიდა სეიმში. იგი ნაყოფის დეფექტის გამო აბორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

კარანტინის პირობებში პროტესტი მის წესებს მოერგო: პოლონეთის კანონის მიხედვით, პროდუქტების მაღაზიების რიგში ადამიანები ორმეტრიანი დისტანციით დგანან რიგში. პოლონეთის მსხვილ ქალაქებში, მაღაზიების წინ, ათობით აქტივისტი გამოჩნდა, რომლებსაც აბორტის აკრძალვის გამაპროტესტებელი ლოზუნგები ეჭირათ. ასე გაჩნდა კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე პროდუქტების მაღაზიების რიგში აქტივისტების უგრძესი ხელოვნური რიგი. მათ პროტესტი კანონპროექტის განხილვის დღეს სეიმის შენობასთანაც რიგის ფორმით ჩაატარეს, და მას “თავისუფლების რიგი” უწოდეს.

დანარჩენმა აქტივისტებმა პროტესტი ავტმობილებით გამოხატეს: სამშაბათს ვარშავის ცენტრში იმპროვიზებული ავტოპიკეტი ჩატარდა ათობით ავტომობილით.

ასევე, მოქალაქეებმა თავიანთ ფანჯრებზე პროტესტის სიმბოლოები გამოსახეს – შავი ქოლგები და ლოზუნგები ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ.

მაგრამ, ყველაზე მძლავრი პროტესტი ადამიანებმა ინტერნეტის მეშვეობით გამოხატეს.

“რა ვიგინდარა უნდა იყო, რომ იმ მომენტში, როცა პოლონეთი ეპიდემიას აბრძვის, გამოაგდო კანონპროექტი, რომელიც ადამიანების უფლებებს უზარმაზარი დარტყმის ქვეშ აყენებს?!”, – განაცხადა სეიმის ოპოზიციურმა დეპუტატმა იოანა შოირინგ-ველგუსმა.

bbc.com