სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

გაუპატიურების მსხვერპლიდან ცრუ დასმენაში ბრალდებულამდე – 19 წლის ბრიტანელი გოგონა სიმართლისთვის ბრძოლას განაგრძობს

ბრიტანეთის 19 წლის მოქალაქეს კვიპროსზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის 4 თვით პირობითი მსჯავრი შეეფარდა, ისრაელის 12 მოქალაქის გაუპატიურებაში დადანაშაულების და ამით „ცრუ ჩვენების“ მიცემის გამო.

სასამართლო დარბაზში დამსწრე ჟურნალისტების თქმით, განაჩენის გამოტანის შემდეგ, ბრიტანეთის მოქალაქემ სასამართლო დარბაზი აქვითინებულმა დატოვა.

ფამაგუსტას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგონასთვის გამოტანილ განაჩენს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ერთვის. გარდა ამისა, გოგონა ვალდებულია, გადაიხადოს სასამართლო ხარჯები, 148 ევროს ოდენობით.

სასამართლო სხდომაზე უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ: გამამტყუნებელი განაჩენი გააპროტესტეს აქტივისტებმა როგორც კვიპროსიდან, ასევე ისრაელიდან.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ქალები ცდილობდნენ, ბრალდებული გაემხნევებინათ, და მას უმეორებდნენ: „ნუ გეშინია, ჩვენ შენი გვჯერა!“.

განაჩენის გამოტანისას, მოსამართლე მიხალის პაპატანასიუმ (Michalis Papathanasiou) აღიარა, რომ საქმე მეტად რთული იყო. „ყველა სამხილი იმაზე მეტყველებდა, რომ ქალი ცრუობდა და პოლიციას სერიოზული მუშაობისგან აცდენდა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, საქმის მსვლელობისას დააპატიმრეს 12 ადამიანი, მათ შორის 7-მა პატიმრობაში სულ ცოტა 10 დღე გაატარა, რაც ბრიტანეთის მოქალაქის „დანაშაულს ამძიმებს“.

„მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი ახალგაზრდა ასაკი, ოჯახთან და მეგობრებთან განშორება, სწავლის შეწყვეტა მთელი წლით – ამ ყველაფერმა მომცა იმის საფუძველი, მას შანსი მივცე და მისი სასჯელი სამ წლამდე გამოსაცდელი ვადით შემოვფარგლო“, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლე პაპატანასიუს საკამათო გადაწყვეტილებამ ფართო საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია არამხოლოდ ბრიტანეთში, არამედ – კვიპროსსა და ისრაელშიც. უპრეცედენტო ინტენსიობით ჩაერია საქმეში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. დაუნინგ-სტრიტმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა „მოცემულ საქმეზე დაინტერესებულია ქალის უფლებების დაცვასა და სამართლიან სასამართლო განხილვაში“. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმეს უჩვეულო შეფასება გაუკეთა და მას „მეტად სამწუხარო“ უწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი (Dominic Raab) კვიპროსელ კოლეგას ესაუბრა და განაცხადა, რომ ამიერიდან კვიპროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს – კვიპროსი, როგორც ყოფილი ბრიტანული კოლონია, ყოველწლიურად ბრიტანელ დამსვენებელთა ვეება ნაკადს იღებს.

სოციალური ქსელები ააფეთქა კვიპროსზე დასვენებისთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებებმა.

გოგონას მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა ლონდონსა და კვიპროსზე, სადაც უფლებადამცველები თავად ისრაელიდანაც კი ჩავიდნენ.

კვიპროსი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას აბამს ისრაელთან. ახლახან, მან ხელი მოაწერა შეთანხმებას გაზსადენთან დაკავშირებით, რაც ბევრს იმის ვარაუდის საფუძველს უქმნის, რომ შესაძლოა, ისრაელის „არწყენინების“ შიში მთელს მოცემულ საქმესაც დაეტყო. გარდა ამისა, მოზარდები, რომლებსაც გოგონამ გაუპატიურებაში დასდო ბრალი, ისრაელის რჩეული ელიტური ოჯახებიდან არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადრეც იყვნენ შემჩნეულნი ძალადობრივ ქმედებებში, მათ ვიდეოზე გადაღებასა და შემდეგ ინტერნეტში ატვირთვაში, ამჯერად მათ თავი ადვილად დაიხსნეს.

ასევე, ბრიტანელი გოგონას მხარდამჭერი კამპანიის მონაწილენი აღნიშნავენ, რომ ჯგუფური გაუპატიურების დადასტურების შემთხვევა დასვენების ბიზნესით მცხოვრები კუნძულისთვის ნამდვილი პიარკატასტროფა იქნებოდა.

რა მოხდა სინამდვილეში?

გასული წლის 17 ივლისს, გოგონამ კვიპროსის პოლიციას გაუპატიურებაზე საჩივრით მიმართა. მისი მტკიცებით, ადგილობრივ კურორტ აია-ნაპას სასტუმრო Pambos Napa Rocks-ში, იგი ისრაელელმა 12-მა მოზარდმა ტურისტმა გააუპატიურა.

გოგონას საჩივრის შედეგად, დააპატიმრეს ისრაელის 12 მოქალაქე, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც მომჩივანმა საჩივარი უკან გამოიხმო.

ბრიტანეთის მოქალაქე ამბობს, რომ პირველი განცხადების უკან გაწვევა მას კვიპროსის პოლიციის განყოფილებაში აიძულეს.

„ცრუ დასმენის“ გამო, გოგონას ბრალდება წაუყენეს. მან ციხეში დაახლოებით ერთი თვე გაატარა და მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა, როდესაც აგვისტოში სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო. სასამართლოზე გოგონამ თავი არ ცნო დამნაშავედ „საზოგადოებრივი ზიანის მიყენებისა“ და „ადამიანების ჯგუფის გაუპატიურებაში ცრუდ დადანაშაულებაში“.

გოგონას ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ისრაელელი მოზარდების მიერ გადაღებულ ზოგიერთ ვიდეოში ჩანს, რომ გოგონას თანხმობით სექსი ჰქონდა მხოლოდ ერთ-ერთ ახალგაზრდასთან, რის შემდეგაც, მათ ოთახში მისი მეგობრები შევიდნენ, რომლებსაც გოგონამ მაშინვე ნომრის დატოვება სთხოვა.

ხუთი ისრაელელი მოზარდი ერთი კვირით ადრე გაათავისუფლეს მანამდე, სანამ ბრიტანელი გოგონა თავის ბრალდებებს უკან გამოიხმობდა. დანარჩენი შვიდი ამ ამბიდან უკვე რამდენიმე საათში იყო თავისუფალი. ისრაელში მათ გმირებივით დახვდნენ, სკანდირებით The Brit is a whore (ბრიტანელი ძუკნაა).

გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, გოგონას ადვოკატმა ლუის პაუერმა (Lewis Power) განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ გადაწყვეტილებას კვიპროსის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ასევე, განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა. „ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სიმართლე გაირკვა. ჩვენი აზრით, ჩვენ ვერ მივიღეთ სამართლიანი სასამართლო განხილვა“, – დასძინა მან.

სუსანა პავლოუ (Susana Pavlou), კვიპროსში გენდერული კვლევების ხმელთაშუაზღვის ინსტიტუტის დირექტორი: „წელს გამოირკვა, რამდენად მორღვეულია ჩვენი სისხლის სამართლის სისტემა – მთლიანობაში, ქალთა მიმართ ძალადობაზე პოლიციისა და სოციალური სამსახურების რეაგირებით დაწყებული, სპეციალური სამსახურებით დამთავრებული. ეს ასე არ ჩაივლის, ჩვენ არ გავჩუმდებით!“.

bbc.com