უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ საფარის ბენეფიციარები ერთმანეთში ერთგვარ სოლიდარობის ქსელს ქმნიან, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოვდება და მრავალფეროვნდება.
ძალადობის მსხვერპლ ქალებს საერთო ბევრი აქვთ. გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ფსიქოლოგიურად ამხნევებენ, ასევე, ყველანაირად ცდილობენ, ერთმანეთს მძიმე ყოველდღიურობა შეუმსუბუქონ.
ელისო რუხაძე, საფარის იურისტი: “პანდემიის დროს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჩვენი ქალების სოლიდარობა. ისინი ერთმანეთს ყველა შესაძლო საშუალებით და არხით ეხმარებიან.
ამას წინათ, ამაღელვებელი რამ მოხდა: ჩვენმა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა თავისი კუთვნილი გასამრჯელო სხვას ჩაურიცხა, ქალს, რომლის ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ძალზე მძიმეა: საჭმლის ფულიც კი უჭირს და ხშირად სიცივესა და შიმშილში უწევს ცხოვრება.
მსგავსი ბევრი შემთხვევის გახსენება შემიძლია. დეა გოშხეთელიანი და სხვები ხშირად ეხმარებიან რეგიონებში ხელმოკლედ მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლებს.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძალადობის ერთ მსხვერპლს, რომელიც კულინარიულო ოსტატობითაა ცნობილი, ძალადობის სხვა მსხვერპლისთვის, მცირეწლოვანი ბავშვების დედისთვის, კერძები მოუმზადებია და მიუწოდებია.
ასევე, ძალადობის მსხვერპლი ქალები ერთმანეთს ხშირად დასაქმებაშიც ეხმარებიან. პანდემიის დროს სამსახურის გარეშე დარჩენილი ქალები ერთმანეთისთვის შესაბამის სამუშაოს შოულობდნენ.
ქალები ერთად არიან მაშინაც, როდესაც რომელიმეს ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება. თავიანთი ინდივიდუალური შესაძლებლობის ფარგლებში, ისინი მზად არიან, ერთმანეთს ყველანაირად დაეხმარონ.
ამ რთულ პერიოდში, ტოტალური უმუშევრობის, ფასების ზრდის, სოციალური რყევების ფონზე, როდესაც იმ ადამიანებისთვისაც ძალზე რთულია წონასწორობის შენარჩუნება, ვინც ძალადობის პირობებში არ ცხოვრობს, პირადად ჩემთვის ეს ნამდვილად ასმაგად დასაფასებელი ამბავია. როდესაც ქალი მოსულა ჩემთან და უთქვამს, ჩემს თანხას სხვას გადავცემ, ვისაც ჩემზე უფრო მეტად სჭირდებაო, ამაზე მეტად გულისამაჩუყებელი რა უნდა იყოს… მიხარია, რომ საფარში ჩვენი გოგონები მხოლოდ იურიდიულ დახმარებას კი არა, სოლიდარობას, მხარში დგომას, თანალმობასა და ურთიერთგაძლიერებას პოულობენ. ეს ყველაფერი კი შეუძლებელია გულწრფელი ურთიერთობების გარეშე”.