"საფარის" საქმეები

საფარმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე მოიგო: საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის გადაწყვეტილება

2023 წლის 15 სექტემბერს  საფარმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით  მიმართა. საქმე ეხებოდა 22 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსთავი 2-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ნიუსი, სახელწოდებით – “კურიერის” ექსკლუზივი: თეა გოდოლაძე ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული”. საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა  ქარტიის პირველი, მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპი დაარღვია. 

ცნობილია, რომ თეა გოდალაძის ყოფილი პარტნიორის მიმართ აღძრულია საქმე და მას შეფარდებული აქვს გირაო. შურისძიების მიზნით, მან გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა, რომ  შემაკავებელი ორდერი გოდოლაძესთვის გამოეცათ, თუმცა ეს ორდერი ორივე სასამართლო ინსტანციით გაუქმებულია და დადასტურდა, რომ გოდალაძე მოძალადე არ ყოფილა. რუსთავი 2-ს მომზადებულ მასალაში  არც თეა გოდალაძის და არც  მისი იურისტის კომენტარი გაუჟღერებია.

“ქარტიამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კამპანიას, რომელიც აგორებული იყო თეა გოდოლაძის მიმართ. რაც გულისხმობს, ფაქტების განზრახ დამახინჯებას. ჟურნალისტმა გაავრცელა არაზუსტი და ცალმხრივი ინფორმაცია, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და ადამიანის პირად ცხოვრებაში შეიჭრა. ეს შეჭრა არ მართლდება განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესით. რუსთავი 2-მა საჯაროდ შეარცხვინა თეა გოდოლაძე და და მიხარია, რომ ქარტიამ დაადგინა ყველა ეს დარღვევა.” –  ნინო ანდრიაშვილი, საფარის იურისტი.

ჟურნალისტურ პროდუქტებზე  კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მათ შორის, არც მედიასაშუალების მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია, გადაწყვეტილებაში  „არაიდენტიფიცირებული ავტორის“ მითითება.

საფარი თვლიდა, რომ, 2023 წლის 22 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპი დაირღვა. ქარტიის რეზოლუციით რუსთავი 2-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ყველა ზემოთჩამოთვლილი პრინციპი, გარდა მე-3 და მე-4 პრინციპებისა.