შორენა გაბუნია
– ნეტავ რა ეტაკათ, ამ დემნას საბავშვო რეკლამაზე ამხელა ხმაური რომ ატეხეს?! – გაღიზიანებულად ჩაიბუტბუტა ლიკამ, რომელიც სკოლასთან იდგა და შვილს ელოდებოდა, ნერვიულად ჩააგდო ტელეფონი ჩანთაში და თავის გოგონასთან შესაგებებლად გაემართა.
თანამედროვე სამყაროში მოვლენების ელვის სისწრაფით ცვალებადობის არავის უკვირს, მაგრამ ამ ბოლო დროს მაინც მოხდა ერთი ამბავი, რომელიც, წესით, ჩვენში გაოცებას, აღშფოთებას, დიდ აჟიოტაჟსა და დისკუსიებს უნდა იწვევდეს.
საქმე ბალენსიაგას ბრენდთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ სკანდალს ეხება. ჩვენთვის, ქართველებისთვის, უპირველესად დემნა გვასალიას სახელთან დაკავშირებული მონსტრი მოდის ინდუსტრიაში – ბალენსიაგა – საყოველთაო გაკიცხვისა და უარყოფის ისეთ ქარცეცხლში გაეხვა, რომ საეჭვოა, ამან არ დააზიანოს მისი აქამდე თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარებული ტრიუმფი. დემნამ მართლაც, მოდის ინდუსტრიაში არსებული ბევრი სტერეოტიპი დაამსხვრია და აქამდე არსებული ცნობიერებაც ერთგვარად შეცვალა, თუმცა, იგი ვერ გადაურჩა იმ უკვე ტრადიციად ქცეულ უარყოფის კულტურას, რომელმაც აქამდე არანაკლებ ცნობილი ავტორიტეტების რეპუტაცია და კარიერა შეიწირა.
მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა მოხდა სინამდვილეში ბალენსიაგასთან დაკავშირებულ სკანდალში. აქ მთავარია ის, რომ ბალენსიაგას მუდამ განსხვავებული რაკურსის მქონე კრეატიული დირექტორის სარეკლამო კამპანიებს პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ. შესაბამისად, ამ სკანდალური კამპანიების გამო, ბალენსიაგამ ბევრი ერთგული კლიენტი თვალის დახამხამებაში დაკარგა. დემნასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა მისმა მუზამ – კიმ კარდაშიანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია ამ სარეკლამო კამპანიის შინაარსით.
თუმცა, ჩემთვის ბალენსიაგას სარეკლამო სკანდალის შესახებ საქართველოში არსებული გამოხმაურება უფრო იყო ნიშანდობლივი.
ჩვენს სახელოვან თანამემამულეს, ბუნებრივია, ჩვენში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, ბევრსაც არ მოსწონს და ქვეყანაში არსებული რელიგიურ-ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლებისთვის მისი პერსონა და საქმიანობა კატეგორიულად მიუღებელიცაა.
მაგრამ, ამ მსოფლიო სკანდალს ქართული საზოგადოება მოკრძალებული დუმილით ხვდება.
ალბათ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველას ეწყინა დემნას სახელთან ასეთი კატეგორიულად მიუღებელი თემის მიბმა. ალბათ, ამის მიზეზი სხვა რამეში უნდა ვეძებოთ, – არც მეტი, არც ნაკლები, ქართულმა საზოგადოებამ უბრალოდ ვერ გაიგო, რატომ “დაქენსელდა” ბალენსიაგას ასეთი სახელგანთქმული ბრენდი ასეთი “გაუგებრობის” გამო.
ერთია ის, რომ ჩვენთან საზოგადოება ცნობილ ადამიანებს ყველა უკანონობას უპრობლემოდ პატიობს, მაგრამ მეორეა ბავშვის სექსუალიზაციასთან დაკავშირებული ძალიან, ძალიან ცუდი ტრადიცია.
სოციალურ ქსელებში პერმანენტულად ვხედავთ პროცესს, თუ როგორი დაუოკებელი სექსუალიზაციით “ვამკობთ” ჩვენს ბავშვებს – 6-8 წლის ბავშვების ფოტოები საქორწინო კაბებში, მძიმე, სრული მაკიაჟით და ვარცხნილობით, უამრავ სილამაზის კონკურსს, სადაც ბადიან კოლგოტებში და ტყავის კორსეტებში გამოწყობილი ბავშვები მონაწილეობენ, საბავშვო არხები პერმანენტულად გადასცემენ მსგავსად სექსუალიზებული ბავშვების ვიდეოკლიპებს… ტრაგედიაა, როდესაც მშობლებს სოციალურ ქსელებში გაცხარებული შეჯიბრი აქვთ თავიანთი შვილების სექსუალიზებული ფოტო/ვიდეოკონტენტის გამოქვეყნებაზე, და ამ ყველაფერს, აუდიტორიაში უდიდესი მოწონება აქვს და ათასობით ლაიქიც ამშვენებს.
სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ჩვენს შვილებს ჩვენვე ვუკეთებთ, და ბალენსიაგასი რა უნდა გაგვკვირვებოდა? კი, დეკლარირების დონეზე ყველანი ვგმობთ პედოფილიას და ბავშვთა პორნოგრაფიაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენს შვილებს სექსუალიზაციის უდიდესი წნეხის პირობებში ვზრდით და მათ ადრეული ასაკიდან ვუნერგავთ, რომ ამ სექსუალობის გარეშე, მათი ფასი ნულია.
ალბათ ამიტომაც არ გაგვიკვირდა დემნას სკანდალი, ალბათ ამიტომაც ჩააგდო ნერვიულად ტელეფონი ჩანთაში სკოლაში შვილის მომლოდინე დედამ, და ამიტომაც კარგა ხანს ვერ მივხვდებით, რატომ იჩაგრებიან ამ ქვეყანაში ქალები და რატომ არის საშინელი საქციელი, როდესაც საკუთარ შვილს, მისი სექსუალიზებით, მომავალ ცხოვრებას სამუდამოდ ვუმახინჯებთ.