პოლიტიკაshe

ქალები ლუკაშენკოს წინააღმდეგ

50-ზე მეტი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ბელარუსში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგად ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან გადაყენების მოთხოვნით. ამ დემონსტრაციების ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია მოვლენებში ქალთა ლიდერობა. უფრო მეტიც: ლუკაშენკოს მთავარი პოლიტიკური მეტოქე ქალია, ასევე, უამრავი ქალია პროტესტის მონაწილე ოპოზიციონერთა შორისაც. თავად ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ ქალები “ცოდოები” არიან და პრეზიდენტობის ტვირთს ვერ გაუძლებენ.

ის, რაც თეთრებში გამოწყობილი ქალების მშვიდობიანი შეკრებით დაიწყო, გადაიზარდა პროტესტებში, როცა პოლიცია წარბშეუხრელად შეუდგა ასობით ქალი დემონსტრანტის ძალადობრივი გზით დაკავებას. მიუხედავად ამისა, ბელარუსი ქალები, როგორც ჩანს, დაშინებულები სულაც არ არიან და ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნას განაგრძობენ.

ვინ არიან ის ქალები, რომლებიც ბელარუსში პოლიტიკური ცვლილებების შემოქმედნი გახდნენ?
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ პრეზიდენტად კენჭისყრა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი კენჭისყრიდან მოხსნეს. იგი სხვა ქალებთან – მარია კალესნიკოვასთან და ვერანიკა ცაპკალასთან გაერთიანდა, რომლის ქმარსაც ასევე აუკრძალეს პრეზიდენტობაზე კენჭისყრა. ქალები პროდემოკრატიულ მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში და ეს სამეული ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან გადაყენების მოთხოვნის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

18 აგვისტოს, სცეტლანა ტიხანოვსკაიამ საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ხელისუფლების გადაბარების პროცესს გააუმჯობესებს. ამბობენ, რომ საბჭოში 600-მდე ადამიანია გაერთიანებული, მათგან შვიდი, მარია კალესნიკოვას ჩათვლით, პრეზიდიუმის წევრია. ბევრი მათგანი დაკავებულა, ზოგი კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.

დემოკრატიის მხარდასაჭერად გამართულ რეგულარულ პროტესტებში, ქალები ასევე ორგანიზებას უკეთებენ ქალთა მარშებს, რათა ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატონ.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ეგზიტპოლმა 9 აგვისტოს ალექსანდრ ლუკაშენკოს უპირობო გამარჯვება გამოაცხადა, ქუჩებში ათასობით დემინსტრანტი გავიდა. მას შემდეგ, დემოკრატიის მხარდამჭერი მიტინგები მინსკის მთავრობაზე ზეწოლას განაგრძობენ.

უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ჩაერთნენ ბელარუსი ქალები ამ პროტესტებში ასეთი დიდი რაოდენობით, მიუხედევად მათ წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობისა, მაგრამ სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამოჩენამ, უდავოდ, მათთვის გადამწყვეტი როლი შეასრულა. დიასახლისის ისტორია, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი გახდა, სხვა ქალებისთვისაც სამაგალითო აღმოჩნდა, გასულიყვნენ ქუჩაში და მოეთხოვათ პოლიტიკური ცვლილებები.

გარდა ამისა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსის კონსტიტუცია ქალებისთვის არაა და საზოგადოება ჯერ არ მომწიფებულა იმისთვის, რომ ქალი პრეზიდენტი ჰყავდეს. ჰოდა, შესაძლოა, ქალებმა გადაწყვიტეს, დაემტკიცებინათ, რომ იცი მწარედ ცდება.

rferl.org