სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება — ომის სტრატეგიული დანაშაულები

ელენე ნაკაიძე

სქესობრივი ძალადობა და გაუპატიურება ომის დროს სამწუხარო პრაქტიკაა და ისტორიის მანძილზე ამის არაერთი ფაქტი გვახსოვს. სქესობრივი ხასიათის ძალადობის მსხვერპლი, შესაძლებელია, გახდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის წარმომადგენელი, თუმცა, უდავოდ, ამგვარი ძალადობის მსხვერპლთა ძირითად რაოდენობას ქალები შეადგენენ და ეს პირდაპირ უკავშირდება მათთვის მიჩენილ მეორეხარისხოვან როლს საზოგადოებაში. საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნებში, მეომრები ქალსაც ერთგვარ ძღვნად აღიქვამდნენ, რომელიც ომში სხვა დანარჩენ ნადავლთან ერთად უნდა მოეპოვებინათ. ამგვარი მოქმედებები, ძირითადად, ინსტინქტებზე იყო დაფუძნებული, თუმცა მე-20 საუკუნიდან აშკარა გახდა, რომ გაუპატიურება იქცა სტრატეგიულ იარაღად, რომელმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საბრძოლო არსენალში.

გაუპატიურება, როგორც ბრძოლის სტრატეგია, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მისი შედეგი ადამიანების დემორალიზება და ამ გზით წინააღმდეგობის გატეხვაა, ასევე, მშვიდობიან მოსახლეობაში, ტერორის დანერგვის გზით, ადამიანების იძულებითი განდევნა მათი საკუთრებიდან და შემდგომში მათი უკან დაბრუნებისა და რეაბილიტაციის ალბათობის შემცირება.

ამ მიზნით, თავდამსხმელები დანაშაულს ხშირად თვითმხილველების თანდასწრებით სჩადიან. უმეტესწილად, ქალებს შვილების, ხოლო გოგონებს – მათი მშობლების თვალწინ აუპატიურებენ. ბუნებრივია, ძალადობის ეს სასტიკი ფორმა არა მხოლოდ უშუალო მსხვერპლის, არამედ ამ ყველაფრის შემყურე ოჯახის წევრების დემორალიზებასაც იწვევს.

 

გაუპატიურება, როგორც იარაღი

1992-93 წლებში, ყოფილ იუგოსლავიაში გაუპატიურება ეთნიკური წმენდის იარაღად გამოიყენეს. ეს იყო კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ სისტემურად და მიზანმიმართულად სჩადიოდნენ დანაშაულს ტერორისა და დემორალიზების მიზნით. ამ ომში გაუპატიურება არ ყოფილა სამხედრო შეტაკებების გვერდითი მოვლენა, ის იყო მიზანმიმართული სამხედრო სტრატეგია, წინასწარ დაგეგმილი და კონკრეტული შედეგებისთვის გათვლილი. იუგოსლავიაში, გაუპატიურების გზით, განზრახ აორსულებდნენ ეთნიკური ნიშნით დაქვემდებარებულ ქალებს.

ბოსნიის ომის დროს, გაუპატიურებული ქალების რაოდენობა 10 000-დან 50 000-მდე მერყეობს, თუმცა, მათი ზუსტი რაოდენობა დღემდე დადგენილი არაა და მიიჩნევა, რომ დაუდგენელი შემთხვევების რიცხვი გაცილებით უფრო დიდია.

ბოსნიის ომი გახდა პრეცედენტი, როდესაც გაუპატიურების დანაშაული საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ იქნა აღიარებული და გასამართლებული.

 

გაუპატიურება — უხილავი დანაშაული

პატრიარქალურ კულტურაში ქალი, მისი ქცევა და ცხოვრება მამაკაცის ღირსების თემად განიხილება. ამიტომ, ქალის გაუპატიურება ხშირად მამაკაცის ღირსების შელახვად ფასდება და უშუალო მსხვერპლის გარდა, მისი ახლობელი მამაკაცების მადემორალიზებელი და მატრავმირებელი აქტიცაა.

სხვადასხვა კვლევა თუ ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა ომში სექსუალურ დანაშაულებს და მათ გამოვლენას კონკრეტული ქალების მიმართ, ცხადყოფდა, რომ ძირითად შემთხვევებში, სტიგმატიზებული საზოგადოების წევრ კაცებს არ სურდათ, მათი ოჯახის წევრ მსხვერპლს ღიად ესაუბრა და საზოგადოებისთვის მოეთხრო საკუთარი გამოცდილების შესახებ. მათთვის გაცილებით კომფორტული იყო ამ თემის დამალვა. შესაბამისად, ის, რომ ქალები ძალადობის შემდეგ უმეტესწილად გაჩუმებას არჩევენ, ხშირად დაკავშირებულია სწორედ მათი ოჯახის წევრების მსგავს განწყობასთან.

მშვიდობის დარგში ნობელიანტმა ნადია მურადიმ, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ტყვედ ჰყავდა აყვანილი, შემდგომ წლებში, გაეროს კეთილი ნების ელჩ ანჯელინა ჯოლისთან ჩაწერილი ინტერვიუს დროს, გაიხსენა საკუთარი გამოცდილება ძალადობაზე და მის წინააღმდეგ ბრძოლის სირთულეებზე. მურადის თქმით, მისი ძმები თავდაპირველად ნადიას ურჩევდნენ, რომ ამ თემებზე ყურადღების შეჩერება და საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბარი დამაზიანებელი იქნებოდა მისთვის და მისი ოჯახისთვის. ამიტომ, ძმები აქტიურად არწმუნებდნენ ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომ დამატებითი ტრავმების და ზედმეტი ყურადღების თავიდან აცილებისთვის უფრო გონივრული იქნებოდა ამ თემის დახურვა.

დროის გასვლის შემდეგ, ძმები მხარში ამოუდგნენ ნადიას და მის წამოწყებულ საქმიანობას მხარი დაუჭირეს. თუმცა, ნადიას ძმების თავდაპირველი დამოკიდებულება არ არის უცხო უამრავი მსხვერპლი ქალისთვის, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საკითხზე ღია საუბარს ოჯახის წევრების ხათრით ერიდებიან.

გარდა ოჯახის ფაქტორისა, მსხვერპლებს სექსუალური ძალადობის შემდეგ ხშირად უჩნდებათ დანაშაულის შეგრძნება, სირცხვილის განცდა, მომხდარის დავიწყების სურვილი, მოძალადის მხრიდან შურისგების შიში, რაც, თავის მხრივ, ასევე ხდება მიზეზი მსხვერპლი ქალების დუმილისა.

ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სქესობრივი ძალადობა და გაუპატიურება ხშირად უხილავ დანაშაულად რჩება. ომის დამთავრების შემდგომ წლებშიც, სახელმწიფოებს უჭირთ გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მიახლოებითი რაოდენობის გამოვლენაც კი.

შესადარებლად, აღსანიშნავია, რომ წამების სხვა ფორმებსა და ომში მიღებულ ნაკლებად სტიგმატიზებულ ტრავმულ გამოცდილებებზე ადამიანებს გაცილებით უფრო ეიოლებათ საუბარი, ვიდრე – სქესობრივი ხასიათის მქონე ძალადობებზე.

 

უკრაინის მაგალითი

2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელი ქვეყნის, უკრაინის  ტერიტორიაზე ხელახლა შეიჭრა, უკრაინელი ქალები ყოველდღიურად დგანან ძალადობის და გაუპატიურების საფრთხის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი ქალების რიცხვი არცთუ მცირეა, მსოფლიოს დღესაც უჭირს, თვალებში ჩახედოს რეალობას და ამ დანაშაულზე სათანადო ყურადღება გაამახვილოს.

“გაუპატიურება იმდენად სტიგმატიზებულია, მასზე მშვიდობიან პერიოდშიც იშვიათად ლაპარაკობენ. ვშიშობ, რომ ის, რაც აქამდე შევიტყვეთ, ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია“.

პრამილა პატენი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაუპატიურება „ჩუმი დანაშაულია“. აქედან გამომდინარე, მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე არც უკრაინაშია გამოვლენილი.

აშკარაა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში გაუპატიურება გამოიყენება სამხედრო სტრატეგიის ნაწილად, მსხვერპლთა დეჰუმანიზაციისა და მოსახლეობის წინააღმდეგობის შეჩერების მიზნით.

უკრაინელები ჰყვებიან, რომ ქალებს ოჯახის წევრების თანდასწრებით აუპატიურებენ; ხშირია შემთხვევები მრავალჯერადი ძალადობისა; აღწერენ  „ვიაგრით“ მომარაგებულ რუს სამხედროებს. ყოველივე ეს რუსების მხრიდან ქალების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიზანმიმართულობაზე მიანიშნებს.

 

შედეგები

ომში სტრატეგიად გამოყენებული გაუპატიურება ხშირად არაა მხოლოდ ერთი მსხვერპლი ქალის პირადი ტრაგედია. მას გაცილებით მძიმე და მასშტაბური შედეგები მოაქვს – დაავადებების უკონტროლო გავრცელება, გენდერული სტერეოტიპების კიდევ უფრო გამყარება, ომის შემდგომ სქესობრივი ხასიათის დანაშაულების ნორმალიზება, პანიკისა და შიშის თესვა, ოჯახური კავშირების დარღვევა, ტრავმირებული მომავალი თაობა და ა. შ.

რაც უფრო მეტად მოდერნიზებულია საზოგადოება და რაც უფრო ნაკლებადაა იგი პატრიარქალური სტიგმებით გაჯერებული, მით მეტად უადვილდებათ მსხვერპლ ქალებს რეაბილიტაცია, მომხდარზე ღიად საუბარი და სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მზაობა ადეკვატურად რეფლექსირდეს დაზარალებული ქალების ისტორიების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია გადატანილი ტრაგედიების გათავისება და მათზე სათანადო რეაგირების მოხდენა, რათა ქალების მიერ გაღებული მსხვერპლი არ დარჩეს მხოლოდ ტრაგედიად და მან სამომავლოდ პრევენციული როლი შეასრულოს.