"საფარის" აქტივობები / სიახლეები / ჩვენი შედეგები

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წიგნის კლუბი და თანასწორობის კუთხე გაიხსნა

UNFPA

3 ივნისს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში “საფარის” წიგნის კლუბი გაიხსნა. ეს არის სივრცე, სადაც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ წაიკითხონ და განიხილონ წიგნები; შეხვდნენ ავტორებს, მთარგმნელებსა თუ ლიტერატურათმცოდნეებს; გამართონ დისკუსიები; მონაწილეობა მიიღონ კონკურსებსა თუ საგანმანათლებლო ვიქტორინებში და სხვ.

“საფარის” წიგნის კლუბი ქართულ-სომხური განძისა  და ქართულ-აზერბაიჯანული ფანჯარას ბაზაზე შეიქმნა. შესაბამისად, მისი ძირითადი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობა, ასევე ქართულ ენაზე კითხვისა და გამართული წერის უნარების გაუმჯობესება იქნება. Კლუბის ფარგლებში ჩატარდება როგორც ონლაინ, ისე პირისპირი შეხვედრები – განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს.

წიგნის კლუბის გარდა ამ ორ ქალაქში UNFPA-ს ინიციტივით “თანასწორობის კუთხეები” გაიხსნა. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრისა და ნინოწმინდაში მომუშავე ქალთა ორგანიზაციის, ფაროსის ბიბლიოთეკას 200-ზე მეტი წიგნი შეემატა. წიგნების თემა თანასწორობა, ქალებისა და გოგოების გაძლიერება, ტოლერანტობა და ადამიანის უფლებებია.

“თანასწორობის კუთხეების” გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა საშუალებას აძლევს მოზარდებს და ახალგაზრდებს, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, მეტი გაიგონ თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ.