დისკრიმინაცია / რა უნდა იცოდე სექსუალობაზე / სტატიები / ქალზე ძალადობა

პროსტიტუციის კრიმინალიზება, დეკრიმინალიზება თუ ლეგალიზაცია?

ირმა კირთაძე, მკვლევარი, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია”

პროსტიტუცია, გვინდა თუ არა, მსოფლიოს უძველეს პროფესიათა რიგში რჩება და ბუნებრივია, რომ არ იყოს მასზე მოთხოვნა, არც იარსებებდა. ამ საკითხის გარშემო უთანხმოება ფემინისტებშიც კი იჩენს თავს. იდეოლოგიური შეჯახება, პროსტიტუციას, როგორც ქალთა მიმართ ძალადობასა და სექს-მუშაობას, როგორც პროფესია-სამუშაოს შორის, შესაძლოა, ვერასდროს გადაწყდეს. მაგრამ, როდესაც ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევაზე იწყება საუბარი, იდეები კონკრეტული ხდება და შეიძლება, ლოგიკურად მიჰყვე კიდეც.

დღესდღეობით, მსოფლიო პროსტიტუციისადმი მიდგომის შვედურ (ნორდიკული მოდელი, მიღებული აქვს ნორვეგიას და ისლანდიას, განიხილავს მის მიღებას საფრანგეთი, კანადა და დიდი ბრიტანეთი) და ახალზელანდიურ მოდელებს გვთავაზობს. ამ მოდელებში გასარკვევად, საჭიროა გავიგოთ, რა განსხვავებაა პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის.

პროსტიტუციის ლეგალიზაციის ქვეშ იგულისხმება, რომ სექს-სამუშაო კონტროლდება სახელმწიფოს მხრიდან და კანონიერია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სპეციფიკური პირობებით, მაშინ, როდესაც დეკრიმინალიზაცია გულისხმობს პროსტიტუციასთან დაკავშირებული ყველა სპეციფიკური კანონის გაუქმებას, თუმცა სექს-მუშაკი და სექს-ბიზნესი კი უნდა მუშაობდეს ჩვეულებრივად, ქვეყანაში მოქმედი კანონებით რეგულირდებოდეს, ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესი.

ლეგალიზაციის ნათელი მაგალითებია ნიდერლანდები, ავსტრია და გერმანია. ნიდერლანდებში ბორდელები ლეგალური გახდა 2000 წლიდან, მაგრამ მათ ევალებათ სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება, მათ შორის პოლიციის მხრიდან რეგულარული შემოწმების უზრუნველყოფაც კი. ქუჩაში მომუშავე სექს-მუშაკებს აქვთ სპეციფიკურ ადგილებში დგომის უფლება, რომლის დარღვევაც კრიმინალურ დანაშაულად ითვლება. ავსტრიაში სექს-მუშაკს მოეთხოვება რეგისტრაცია პირდაპირ პოლიციაში, ან ბორდელის მფლობელთან. ეროვნული რეგულაცია ითხოვს სექს-მუშაკის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველკვირეულ შემოწმებას, რის დამადასტურებელი საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნას.

თუმცა, “ამნესტი ინტერნეშენალის” თქმით, ეს ორივე მიდგომა, ადამიანის უფლებების დარღვევაა.

გერმანიაში სიტუაცია კიდევ უფრო დამაბნეველია, რადგან სექს-მუშაკებს დე ფაქტო იძულებითი რეგისტრაცია მოეთხოვებათ ბავარიიდან მიუნხენამდე, ე.წ. პროსტიტუციის ზონების გარეშე. სხვა ადგილებში კი ლიცენზირების მოთხოვნები მხარდამჭერია რეკლამირებადი “მეგა-ბორდელების” მიმართ, მცირე ბორდელების ოპერირებისთვის რესურსების სიმწირის ხარჯზე. ახლა მსჯელობენ იძულებითი სამედიცინო შემოწმებების წესის შემოღებაზე. თუმცა ამ ყველა შემთხვევაში, ჩნდება კითხვები: რამდენად რეალურია, ამ ქვეყნებში, დღეს არსებული ტრეფიკინგის მონაცემები? – რადგან არაერთი კვლევით ნაჩვენები იქნა, რომ იმ ქვეყნებში სადაც ლეგალიზებულია პროსტიტუცია, მოიმატა ძალადობის და ტრეფიკინიგის მაჩვენებლებმა.

შვედური მოდელი, სექს-სერვისის შემძენს, ანუ მყიდველს ხდის კრიმინალიზებულს. ამ გზით, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სექს-მუშაკების ძალადობისგან დაცვა მხოლოდ მათზე მოთხოვნის შემცირებით მიიღწევა. ამ მოდელს დადებითად აფასებენ მედიაში, აქტიურად პრომოციას უწევენ ისეთი ფემინისტური ორგანიზაციები, როგორიცაა Coalition Against Trafficking in Women (CATW) და European Women’s Lobby, რადგან მათ სჯერათ, რომ სექს-მუშაობა ხელს უწყობს მამაკაცების მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობას. მართალია, არც ამ მოდელს აკლია კრიტიკოსები, მაგრამ ეს კრიტიკა ნაკლებადაა ფაქტებზე და ემპირიულ მტკიცებულებებზე დამყარებული.

ახალზელანდიური მოდელი, რომელიც გულისხმობს სექს-მუშაობის სრულიად დეკრიმინალიზებას, 2003 წლიდან დღემდე რადიკალურად განსხვავებულ გამოცდილებას გვიჩვენებს – უნიკალურად ტოლერანტული,  წარმატებული  მოდელია, რომელიც სექს-სამუშაოს დეკრიმინალიზებას ახდენს. მის თანახმად, ნებისმიერ სრულწლოვანს, 18 წლიდან შეუძლია სექს-სერვისით დაკავება. ლეგალურია ქუჩაში დგომაც და ბორდელიც. სექს-მუშაკთა უფლებების დაცვა გარანტირებულია დასაქმების და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობით. რა თქმა უნდა, ეს არ არის ამ მიდგომების ძირეული მიმოხილვა, მაგრამ გარკვეული ზედაპირული წარმოდგენის საშუალებას იძლევა და თემით დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტში.

მაგრამ, ყველაზე მთავარი ამ საკითხის მოგვარებაში სტიგმა და დისკრიმინაციაა, რომელზეც არ გვისაუბრია. სამწუხაროდ, სტიგმა და დისკრიმინაციაა, რაც სექს–მუშაკებს მოძალადეებისგან მოწყვლად და საზოგადოებისგან უფრო დაფარულ, გასაქილიკებელ, მიუღებელ სოციალურ ფენად აქცევს. არადა, ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და ნუ გვავიწყდება ეს! რაც მეტია სექს–მუშაკის მიმართ სტიგმა, დისკრიმინაცია და დევნა, მით უფრო მეტად იმატებს აივ ინფიცირების რისკები, ძალადობის მაჩვენებლები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სწორედ სამართლებრივი სისტემები უწყობს ხელს საზოგადოებრივი აზრის და აღქმის ფორმირებას. გაეროც მიუთითებს, რომ კრიმინალიზაციაა სწორედ სექს–მუშაკებში აივ/შიდსის მაღალი მაჩვენებელების ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი. პროსტიტუციის კრიმინალიზება მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის მაჩვენებელების მატებას უწყობს ხელს. როგორც ჩანს, ქვეყნების უმრავლესობა დეკრიმინალიზებაში უფრო ხედავს გამოსავალს, რადგან ის პროსტიტუციით მიღებული შედეგების ზიანის შემცირებას განაპირობებს.

კვლევის ანგარიშებში, აივ-ინფექციის სურათის აღწერისას, ხშირად წაიკითხავთ, რომ აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო დაბალი პრევალენტობის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ არსებობს ეპიდემიის ფართომასშტაბიანი განვითარების მაღალი რისკი. აი სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი. თუ მოწყვლად პოპულაციას არ მივწვდებით, არ გავანათლებთ ინფექციების გადაცემის შესახებ, არ ჩავატარებთ ტესტირებებს და ამ გზით არ დავამყარებთ ინფექციაზე შესაბამის კონტროლს, და მხოლოდ იდეოლოგიით ვიაზროვნებთ შეგვრჩება ქვემოთმავალი დემოგრაფიული მრუდი, რომელიც ისედაც ქვევით მიდის, მაგრამ, სამაგიეროდ, პატრიოტული ლოზუნგებით იქნება გაჯერებული. დღეს საქართველოში პროსტიტუცია კრიმინალიზებულია, დეკრიმინალიზებას კი შეუძლია, ეს პოპულაცია გახადოს ხილული ჯანდაცვითი პროგრამებისთვის, დაამყაროს ინფექციაზე კონტროლი და ამით ყველა დაიცვას ინფიცირებისგან, მათ შორის საკუთარ თავებიც.

რადგან საქართველოში არ არსებობს ჩამოყალიბებული, თანმიმდევრული პოლიტიკა პროსტიტუციისგან გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, საჭიროა ამ თემაზე გადაწყვეტილებების მიღება სპეციალისტებთან და არა „37-მანეთიანი პოლიტიკის“ შორიდან მოტრფიალე სახეებთან ერთად. თუ ასეთი „მაგრები“ ვართ ქართველები, მივცეთ განათლება გოგონებს, რომ იყონ ძლიერები, საზრიანები და თავად შეძლონ, მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ ცხოვრებაზე, ნუ გავზრდით სხვაზე (კაცზე) დამოკიდებულებს, რათა თავად აგონ პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე და არა მისმა მამებმა, დედებმა, ბებიებმა და ბაბუებმა, რომლებმაც უკვე ისე იცხოვრეს, როგორც მათ აირჩიეს.

და კიდევ ერთი: არასწორია სექსუალური კონტაქტი, სწორია სქესობრივი კონტაქტი.

p.s. სექს-მუშაკების პოპულაციის ზომა საქართველოში მცხოვრები 18-59 წლის ქალთა დაახლოებით 1.3% დან 2.42% მდეა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კვლევის ანგარიშში.