ბლოგები / ეკონომიკაshe / რა უნდა იცოდე - ეკონომიკაshe / სტატიები

საიდან უნდა დავიწყოთ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე ფიქრი

ავტორი: გვანცა ხონელიძე

ქალის მიერ გაწეული შრომა იაფად ფასობს და ეს პრობლემა განვითარებულ, დასავლურ დემოკრატიებშიც მწვავედ დგას. შრომის ღირებულების გაიაფებას ერთი კონკრეტული მიზეზი არ მოეპოვება, ესაა გარემოებათა ჯაჭვი,  რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქალების შრომას ბაზარზე ხდის დაუცველს, ფრაგმენტულს და მარტივად ჩანაცვლებადს. გარდა იმისა, რომ მცირე ხელფასი ნაკლებ კეთილდღეობას ნიშნავს, ის ასევე აისახება საპენსიო დანაზოგის სიმცირეზე და სიღარიბის რისკს ზრდის მოხუცებულ ასაკში.

გენდერული ნიშნით ანაზღაურებათაშორისი სხვაობა ყველაზე მცირე ნორდიკულ ქვეყნებშია. ეს სხვაობა უმცირესია ისლანდიაში, ფინეთსა და ნორვეგიაში. ეს ქვეყნები არამარტო ხელს უწყობენ თანასწორი შრომითი პირობების შექმნას სამუშაო ადგილზე, არამედ დიდ ინვესტიციებს დებენ მზრუნველობითი სერვისების განვითარებაში. საქართველოში ჰგონიათ, რომ მზრუნველობით სერვისში ინვესტირება – წყალში გადაყრილი ფულია, მაგრამ პრაქტიკა საპირისპიროს მოწმობს; მაგალითად, საბავშვო ბაღების სერვისის გამართვა აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, განსაკუთრებით ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გააქტიურებას და დასაქმებას, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე აისახება. გერმანია, ავსტრალია, დანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკა ავრცელებენ სტატისტიკურ ინფორმაციას, თუ როგორ შექმნა სამუშაო ადგილები და შეამცირა ქალისა და მამაკაცის შემოსავლებს შორის სხვაობა მზრუნველობით სექტორში ინვესტირებამ. ეკონომისტები „women’s budget group“ -დან მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზებით მსჯელობენ, რომ სოციალურ ინფრასტრუქტურებში, განსაკუთრებით კი მზრუნველობით სერვისში თანხების ინვესტირება შეამცირებს უმუშევრობას, გაზრდის სამუშაო ადგილების ოდენობას. მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ინვესტირება სოციალურ ინფრასტრუქტურაში, მათი დასკვნებით, შექმნის 13 მილიონ სამუშაო ადგილს ამერიკაში, 2 მილიონს გერმანიაში, 1 მილიონს იტალიაში.

ქალები კაცებზე ნაკლებ ფულს იმიტომ კი არ გამოიმუშავებენ, რომ ნაკლებს შრომობენ, არამედ იმიტომ, რომ  საოჯახო საქმის შესრულების გამო ქალებს უჭირთ სამუშაო ბაზარზე გასვლა და თავის დამკვიდრება. კვლევის „საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში“ ანალიზიდან ჩანს, რომ ქალების უმეტესობისათვის სარეცხის გარეცხვა-გაფენა და სახლის დალაგება ისეთი მოვალეობებია, რომლებსაც ისინი ძირითადად თვითონ, მეუღლის დახმარების გარეშე ახორციელებენ. ასევე, ცალსახად ქალის მოვალეობად აღიქმება ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლაც, ქალების მხოლოდ 17% თვლის, რომ ამ შრომას კაციც და ქალიც თანაბრად უნდა ინაწილებდეს. ეს ფაქტები  აჩვენებს, რომ საშინაო საქმე სქესითაა განსაზღვრული და ის უმეტესად ქალებს აწვება ტვირთად.

შემოსავლების გენდერული ნიშნით განსხვავების ერთ-ერთ უმთავრეს  მიზეზს, ასევე ჰორიზონტალური სეგრეგაცია, ანუ ე.წ. ქალური სამუშაოების არსებობა, წარმოადგენს. ემპირიული დასკვნები ცხადყოფს, რომ სამუშაოს „კაცურ“ და „ქალურ“ დაყოფას შედეგად „Gender pay gap“ ანუ გენდერული ნიშნით ანაზღაურებათაშორისი სხვაობა მოსდევს. ქალები დაბალანაზღაურებად მზრუნველობით სექტორში კონცენტრირდებიან, კაცები კი – იქ, სადაც მეტი დოვლათი ტრიალებს. დღეს ქართველი ქალები მეტად არიან წარმოდგენილნი ისეთ სამუშაოებზე, რომელიც მოითხოვს ნაკლებ ინვესტიციას, ნაკლებ ადამიანურ კაპიტალს, რაც ასევე განაპირობებს ქალების ძალთა აკუმულირებას ნახევარგანაკვეთურ სამუშაოებზე.  ეს ბარიერები ერთობლიობაში ქმნიან უთანასწორო პირობებს შრომის ბაზარზე და ასევე იმ 37% -იან  სხვაობას, რომლითაც ქალის შემოსავალი ჩამორჩება კაცის საშუალო შემოსავალს.

ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვა ბიუჯეტური სახსრების გონივრული გადანაწილებიდან უნდა დაიწყოს. დღეს ბიუჯეტის დაგეგმვა და დოვლათის რედისტრიბუცია გენდერულად ნეიტრალურია, მაშინ როცა საქართველოში სიღარიბეს ქალის სახე აქვს: 2018 წლის მაჩვენებლით, საარსებო შემწეობის მიმღები 435 450 ათასი ადამიანიდან 239 095 ქალია, 196 355 კი – კაცი. ქალების სოციალური როლისგან განუცალკევებელია მათი მზრუნველობითი როლი ოჯახში. ამ კუთხითაც, სახელწიფო ქალებს ბედის ანაბარა ტოვებს.  2013 წელს 20 000 ბავშვი დარჩა ბაღის გარეშე, 2014 წელს 25 000 ბავშვი იყო ბაღებში ადგილების მომლოდინე, როგორც სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ასახული, თბილისის ტერიტორიაზე 171 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც დარეგისტრირებულია 61 370 აღსაზრდელი. მისი თქმით, სასწავლო წლის დასაწყისში ბაღებს მიმართა, თუმცა რეგისტრაციის გარეშე დარჩა 3 500 ბავშვი.  ასეთი რეალობის ფონზე, ეკონომიკურად არააქტიური ქალების სამუშაო ბაზარზე გამოყვანა უფრო და უფრო რთული ხდება. კულტურული სტერეოტიპების შეცვლა, რომ დიასახლისობა და საშინაო საქმე მხოლოდ ქალის ვალია, საწყის ეტაპზე შესაძლებელია მზრუნველობითი სერვისების გამართვით. მზრუნველობით სერვისებში ინვესტიცია ერთი მხრივ ქმნის სამუშაო ადგილებს და უმეტესად ასაქმებს ქალებს, მეორე მხრივ კი დედებს უთავისუფლებს დროს და საშუალებას აძლევს მათ, გააქტიურდნენ ეკონომიკურად და იშოვნონ ანაზღაურებადი სამსახური.