პოლიტიკაshe

ანგელა მერკელი: „გენდერული კვოტების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მოქმედების დროა!“

იენა ბერენდსმა (Jenna Behrends), ახალგაზრდა პოლიტიკოსმა გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, საკუთარი პარტიის მისამართით ღია წერილი დაწერა, სადაც თანაპარტიელებს სექსიზმში ადანაშაულებს.

კოლეგების უმრავლესობამ იენას ეს განცხადება მოიწონა, თუმცა ზოგიერთმა მისი ქმედების მოტივთან დაკავშირებით ეჭვებიც გამოთქვა.

პარტიის ხელმძღვანელობისათვის განკუთვნილ წერილში ბერენდსი წერს, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი სექსიზმითაა გაჟღენთილი. კერძოდ, იგი აღაშფოთა ბერლინის სენატის ერთ-ერთი წევრის მიმართვამ „საყვარელო თაგუნია“.

ფედერალურ მთავრობაში ოჯახის საქმეების მინისტრმა მანუელა შვეზინგმა (Manuela Schwesig) განაცხადა, რომ სექსისტური ხუმრობები აბსოლუტურად მიუღებელია.

jenna-behrends
იენა ბერენდსი

ბერენდსს მხარი აუბა ბუნდესტაგის წევრმა მწვანეთა პარტიიდან გეზინ აგენამ (Gesine Agena), რომელიც საკუთარ პარტიაში გენდერულ პოლიტიკას კურირებს. მისი თქმით, კაცი პოლიტიკოსებისგან ქარაფშუტული გამოთქმების მოსმენა ხშირად უწევს. „სექსიზმს პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკოსი ქალი აწყდება“, – აცხადებს იგი. ნიშანდობლივია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისგან განსხვავებით, მწვანეთა პარტიის სიაში ქალებისთვის 50%-იანი კვოტირებაა დაწესებული.

26 წლის იურისტი ბერენდსი ამბობს, რომ 23 სექტემბერს მის მიერ ბლოგის სახით გამოქვეყნებულმა პოზიციამ თანაპარტიელებში დიდი მხარდაჭერა ჰპოვა. „ძვირფასი პარტია, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ქალების მიმართ და რა სახიფათოდ ეთამაშები საკუთარ მომავალს!“, – ნათქვამია წერილში.

თუმცა, იენა ბერენდსის წერილს მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურება როდი მოჰყვა. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ქალთა ფრთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა სანდრა სეგლამ (Sandra Cegla) განაცხადა, რომ ბერენდსი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის გენერალურ მდივანთან და ანგელა მერკელის (Angela Merkel) მთავარ თანაშემწესთან პეტერ ტაუბერთან (Peter Tauber) ინტიმურ კავშირში იმყოფება. გერმანული გამოცემის Der Spiegel-ის ვებგვერდმა ტაუბერთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მასსა და იენა ბერენდსს შორის ფლირტის გარდა არაფერი ყოფილა.

ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ბერენდსმა მხოლოდ და მხოლოდ განაახლა გერმანულ პოლიტიკაში სექსიზმზე არსებული დისკუსია, რომელიც 2013 წელს ჟურნალისტ ლაურა ჰიმალრაიხის (Laura Himmelreich) ჩივილით დაიწყო, თავისუფალი დემოკრატების პარტიის წამყვანი პოლიტიკოსის რაინერ ბრიუდერლეს (Rainer Bruederle) მხრიდან სექსუალური შევიწროების გამო.

ბერენდსი საკუთარი პარტიის წევრ კაცებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი „გიჟდებიან კათხა ლუდზე დაყოლებულ ბოროტ ჭორებზე“. „ქალები, რომლებიც საწოლის მეშვეობით ცდილობენ წამყვანი პოზიციების დაკავებას, მხოლოდ მათ ბინძურ ფანტაზიებში არსებობენ“, – წერს იგი. ჟურნალისტები ამბობენ, რომ სენატორი, რომელზეც იენა საუბრობს, ბერლინელი პოლიტიკოსი ფრანკ ჰენკელია (Frank Henkel).

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან ბერლინის ცენტრალური რაიონის მერობის კანდიდატი კარსტენ შპალეკი (Carsten Spallek) აცხადებს, რომ სექსიზმის ირგვლივ ატეხილი სკანდალის ყველა მონაწილემ დასახელებული პრობლემა გულახდილად გააანალიზა და მივიდა დასკვნამდე, რომ „მისი განხილვა პარტიის შიგნით, მშვიდ მდგომარეობაშია აუცილებელი“. იენა ბერენდსი ამ განცხადებას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დიდი ენთუზიაზმით მიესალმა.

მიუხედავად მიმდინარე სკანდალისა, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ქალების ყველაზე მაღალ პოსტებზე დანიშვნის დიდი პრაქტიკა გააჩნია. ამის საილუსტრაციოდ ანგელა მერკელის მაგალითიც კმარა, რომელიც 2000 წელს პარტიაში პირველი ქალი ლიდერი გახდა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ურსულა ფონ დერ ლეიენი (Ursula von der Leyen) იკავებს, ბუნდესტაგის საპარლამენტო ფრაქციის მოადგილე ნადინ შენია (Nadine Schoen), ხოლო კანცლერი მერკელის სავარაუდო შემცვლელად იულია კლეკნერი (Julia Kloeckner) მოიაზრება.

რაც შეეხება ანგელა მერკელს, მან გერმანიაში სექსიზმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა გამოაცხადა. „სრულიად მიუღებელია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებიდან 65 წლის შემდეგ, წამყვანი კომპანიები ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალების დანიშვნაზე კვლავ თავს იკავებენ. დიდი ხნის მანძილზე, პირადად მე გენდერული კვოტების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა, შეუსრულებელი დაპირებების ასეთი სიმრავლის შემხედვარე, ვხვდები, რომ მოქმედების დროა!“, – განაცხადა მან.