ბავშვზე ძალადობა

არ ვაპირებ, ბავშვი სახლში გამოვკეტო იმის გამო, რომ ვიღაცას მისი დანახვა აწუხებს!

ნათია კირეულიშვილი ეტლით მოსარგებლე ბარბარეს დედაა. სანამ ბარბარე მცირეწლოვანი იყო, მისი სოციალიზაციის პრობლემა ნათიას წინაშე ნაკლებად იდგა. იგი შვილს შინ მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა და თავადაც შედარებით მშვიდად გრძნობდა თავს. მაგრამ, წლები გავიდა და ბარბარეს პირველი მცდელობები, გასულიყო გარეთ და საზოგადოების სრულუფლებიანი წევრის უფლებებით ესარგებლა, არცთუ წარმატებით დასრულდა. იმ პრობლემების შესახებ, რაც დედა-შვილს ყოველდღიურად ექმნებათ, ნათია გვიამბობს.

როდის შეგექმნათ პირველი პრობლემა ბარბარეს გამო სოციუმთან ურთიერთობაში?

როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის აუცილებლობა დადგა…

რა პრობლემები იყო ძირითადად?

ხალხის მასა, რეაქცია. ზოგი ღიზიანდებოდა ბავშვის დანახვაზე, ზოგი ჭკუის სწავლებას იწყებდა… განსაკუთრებით მწარედ მახსოვს ერთი ქალის სიტყვები, მაგ ბავშვით ტრანსპორტში არ უნდა ამოდიოდეო…

შშმ ადამიანებთან მიმართებაში, საზოგადოების მხრიდან ძირითადად ორი მიდგომაა გავრცელებული: სიბრალული ან აგრესია. თუ ასეა, სჭირდება თუ არა შშმ ადამიანს ან ერთი და ან მეორე?

არც სიბრალული გვჭირდება ვინმესი და არც – აგრესია. თანადგომა კი ბატონო, და არა თანაგრძნობა. “ნწ ნწ” დამოკიდებულება, პირჯვრის გადაწერა ან პირიქით, გაღიზიანება ძირითადადი დამახასიათებელია შედარებით უფროსი ასაკის მქონე ადამიანებისთვის, თუმცა ჩემს თაობასაც ახასიათებს გაურკვეველი დამოკიდებულება, არ იციან, გვითანაგრძნონ თუ შევეცოდოთ. ერთადერთი, ბავშვებს ახასიათებთ სწორი დამოკიდებულება.


ბარბარე სკოლაში დადის?

8 წლის არის, თუმცა, სკოლაში ჩემი გადაწყვეტილებით არ შევიყვანე. არა იმიტომ, რომ შიში მქონდა დისკრიმინაციის ან არაადეკვატური დამოკიდებულების, არამედ იმიტომ, რომ მას სკოლა ვერ მისცემს ვერაფერს, დღის ცენტრისგან განსხვავებით. სპეც. პედაგოგების საშუალებით, აქ ბარბარე იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება. მისთვის აქ ძალიან მყუდრო გარემოა.

საზოგადოების ნაწილის მოსაზრება, რომ შშმ ადამიანები „გარეთ ნაკლებად უნდა გამოდიოდნენ“, იმდენად ძლიერია, რომ ამ მას ზოგჯერ თავად შშმ ბავშვების მშობლებიც იზიარებენ. ისინი ცდილობენ, შვილები მაქსიმალურ იზოლაციაში ამყოფონ, გარესამყაროსთან მინიმალური კონტაქტის პირობებში. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

ჩემი შვილი საზოგადოების ისეთივე სრულუფლებიანი წევრი და მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც – ნებისმიერი სხვა ადამიანი. დიახ, თავშიც აღვნიშნე, რომ მსგავს დამოკიდებულებას უკვე წავაწყდით, მაგრამ იმ ქალს საკადრისი პასუხი გავეცი. არ ვაპირებ, ბავშვი სახლში გამოვკეტო იმის გამო, რომ ვიღაცას მისი დანახვა აწუხებს.

რამდენიმე წლის წინ მოხდა შემთხვევა: საზოგადოებრივ პარკში მშობლებმა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელა ჩამოხსნეს. როგორ ფიქრობ, რა მიზეზით მოხდა ეს ინციდენტი?

საკმარისი განათლების არქონის, არაადეკვატური დამოკიდებულების და გულგრილობის გამო…

როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოების მხრიდან შშმ პირების მიმართ არსებული მასტიგმატიზებელი განწყობები დაიძლიოს?

მეტი კონტაქტი შშმ პირებთან, მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ. შშმ პირებს მიეცეთ მუშაობის, დამოუკიდებლად დაგაადგილების საშუალება (მხოლოდ ლურჯი ავტობუსი არაა საკმარისი). რაც მეტს გამოვიყვანთ შვილებს სახლებიდან და საზოგადოებას ხშირად ვაჩვენებთ, მით მალე დაიმსხვრევა ფესვგადგმული მითები და ადამიანები ერთმანეთის აღქმას სწორად, დაუმახინჯებლად შეძლებენ.

როგორც შშმ ბავშვის დედა, დროისა და დასაქმების მხრივ მნიშვნელოვნად შეზღუდული ხართ. საზღვარგარეთის ქვეყნებში, შშმ ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას იღებენ. საქართველოში არსებული სისტემა ოდნავ მაინც თუ პასუხობს თქვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს?

საქართველოში ამ მხრივ, სამწუხაროდ, სრული განუკითხაობაა. მუშაობას არასრული გრაფიკით ვახერხებ. ეს მხოლოდ არსებობისთვის კმარა. სახელმწიფოსგან არანაირი ხელშეწყობა არ არსებობს, მხოლოდ მიზერული პენსია გვაქვს, არანაირი შეღავათი არც სამედიცინო სფეროში, არც – მედიკამენტებზე. კარგი იქნებოდა, თუ მეტ ყურადღებას მოგვაქცევდნენ. დიახ, ნამდვილად ვისურვებდი… ცოტა აბსურდული კანონები გვაქვს საქართველოში: სხვას უხდიან თანხას, რომ მოსავლელად აიყვანონ შშმ ბავშვი, მშობელს (მეურვეს) კი უყურადღებოდ ტოვებენ. მოკლედ, გაუმართავი და უსამართლო სისტემაა და მისი წესებით ცხოვრება ძალზე რთულია.