სექსუალური შევიწროება

ახალი მონაცემები: მუსიკოსთა ნახევარი სამსახურში შევიწროების მსხვერპლია

ბრიტანეთის მუსიკოსთა კავშირმა (The Musicians’ Union) ინდუსტრიის ანალიზი ჩაატარა და დაადგინა, რომ მუსიკასთან დაკავშირებული ადამიანების დაახლოებით ნახევარი სამსახურში შევიწროებას განიცდის. ორგანიზაცია დაახლოებით 30 000 ადამიანის ინტერესებს წარმოადგენს, ხოლო გამოკითხვაში 725 რესპონდენტი მონაწილეობდა.

გამოკითხულ მუსიკოსთა დაახლოებით 85 %-ს, რომელსაც შევიწროება გამოუვლია, „ინდუსტრიაში მიღებული წესების“ თანახმად, მომხდარის შესახებ არ განუცხადებია. მაგალითად, რესპონდენტთა 41 %-ს უბრალოდ სამსახურის დაკარგვის შეეშინდა, ხოლო დაახლ. მესამედმა იფიქრა, რომ მათ ბრალდებებს არავინ დაუჯერებდა. როგორც გაერთიანებაში ვარაუდობენ, ამ სფეროში ბევრი ადამიანი თვითდასაქმებულის სტატუსით მუშაობს, შესაბამისად, ფიქრობს, რომ მისი უფლებები იმ ხელშეკრულებით არაა დაცული, რომელიც სამუშაო ადგილზე შევიწროებასთან ბრძოლას მოიაზრებს. შესაბამისად, ვინაიდან ორგანიზაციის წევრთა 90 % მსგავსი წესით მუშაობს, მათი საერთო რაოდენობის თითქმის ორ მესამედს მიაჩნია, რომ ამის გამო, სხვებთან შედარებით, მოწყვლადია.

კავშირის გენერალური მდივნის მოადგილის, ნაომი პოლის (Naomi Pohl) თქმით, მუსიკოსების ანონიმური განცხადებები ჯერ კიდევ 2018 წლიდან გაჩნდა. ცნობილია, რომ შემთხვევების 95 % ქალებს გადახდათ თავს. „ბევრ მუსიკოსს, რომელმაც თავისი ისტორია გაასაჯაროვა, ახლა სასამართლოს წინაშე პასუხი მოსთხოვეს დიფამაციის გავრცელების გამო. ეს რეალობა სხვა ადამიანებს ამ თემაზე საუბრის სურვილს უკარგავს, რადგან შედეგები, შესაძლოა, მათი კარიერისთვის და პირადი ცხოვრებისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. ჩვენთვის ცნობილი შემთხვევების უმრავლესობა ასეთია: მსხვერპლი ტოვებს სამუშაო ადგილს ან საქმიანობის სფეროს, დამნაშავეს კი პასუხი ძალიან იშვიათად მოეთხოვება“.

ერთ-ერთი ანონიმი რესპონდენტი ქალი გვიამბობს: „ჩემს დამსაქმებელს შევატყობინე ცნობილი ადამიანის მხრიდან წამოსული სექსუალური შევიწროების შესახებ. იმ 10 ქალს შორის ვიყავი, ვინც ერთსა და იმავე ადამიანზე განაცხადა, მაგრამ შედეგად არანაირი ზომა არ იქნა მიღებული“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საოპერო გრანდმა პლასიდო დომინგომ, მისი შევიწროებებში მხილების გამო, რისი მოწმეც უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, ახლახან მეტროპოლიტენ ოპერაში გამოსვლები შეწყვიტა და ლოს-ანჯელესის ოპერის თეატრის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

წყარო: independent.co.uk