სექსუალობა

ახალი ჩასახვის საწინააღმდეგო პლასტირი ქალებს ორსულობისგან ექვს თვემდე ვადით დაიცავს

ექსპერტების პროგნოზით, ახალი ჩასახვის საწინააღმდეგო პლასტირი, რომელიც ქალებს ექვს თვემდე ვადით დაორსულებისგან დაიცავს, ხელმისაწვდომი იქნება მომავალში, და იგი სრულად გაგვათავისუფლებს ყოველდღიური ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებისგან.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქალისთვის სრულიად საკმარისი იქნება, ეს პლასტირი კანზე რამდენიმე წამით დაიმაგროს, რომ მან იმოქმედოს: გამოყენებისას, მიკრონემსები ქალის კანქვეშ იქნება იმპლანტირებული. მოწყობილობა იქნება სრულიად უმტკივნეულო და გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ჩვეულებრივი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

მეთოდი მთლიანად გამორიცხავს როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო ყოველდღიური აბების მიღების, ასევე რგოლის ან იმპლანტის გამოყენების საჭიროებას.

პროფესორი მარკ პრაუსნიცი (Mark Prausnitz) ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (Georgia Institute of Technology) ამბობს, რომ ხანგრძლივი მოქმედების ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე დიდი მოთხოვნაა. მათი ღირსება იმაშია, რომ ქალებს მათი გამოყენება დამოუკიდებლად შეეძლებათ. მიკრონემსებიანი პლასტირი, რომელიც კანზე მხოლოდ თვეში ერთხელ დაიტანება და ისიც – 5 წამით, ამ მიზნისკენ მიმავალი სწორი გზაა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს ტექნოლოგია უსაფრთხო და ადვილი გზა იქნება აცრების გასაკეთებლადაც. მიუხედავად იმისა, რომ პლასტირის ცხოვრებაში დანერგვამდე კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, პროფესორი პრაუსნიცი აღნიშნავს, რომ ამ მეთოდში გამოიყენება მაღალეფექტური კონტრაცეფციული ჰორმონი, და ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ პლასტირი ეფექტურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებად იქცევა.

ხანგრძლივი მოქმედების ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მთელს მსოფლიოში ბევრი ქალისთვის სასურველი რამაა, მაგრამ იგი განსაკუთრებით სასარგებლო იქნებოდა იმ ქვეყნებში, სადაც ქალებს ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომა აქვთ.

ეს სიახლე მიმზიდველია ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, და იგი ქალებს საშუალებას მისცემს, დაგეგმილად და მოხერხებულად გააკონტროლონ თავიანთი ფერტილობის უნარი, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს არასასურველი და დაუგეგმავი ორსულობების რიცხვს.

fempositive.com