პოლიტიკაshe / სტატიები

ბენაზირ ბჰუტო – ისლამური სამყაროს დაუმარცხებელი ქალი

ბენაზირ ბჰუტოს (Benazir Bhutto) მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ ყველაზე ცნობილ პოლიტიკოს ქალად იხსენიებენ. თავად ბენაზირი საკუთარ თავს „აღმოსავლეთის ასულს“ უწოდებდა და ეს მისი საუკეთესო დახასიათება იყო.

ბენაზირი წარჩინებული ოჯახის შვილი იყო, ოქსფორდსა და ჰარვარდში მიღებული განათლებით. მას თავისუფლად შეეძლო, მდიდარი პაკისტანელი ქალის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლა არჩია. „ამგვარი ცხოვრება მე არ ამირჩევია, პირიქით, მან ამირჩია მე“, – წერდა ბენაზირი ავტობიოგრაფიაში.

ბენაზირის წინაპრები მამის მხრიდან სინდის პროვინციის დიდებულები იყვნენ. მისი ბაბუა შაჰ ნავაზი თავის დროზე პაკისტანის ხელისუფლებას ედგა სათავეში. მამამისი, ზულფიკარი (Zulfikar Ali Bhutto), შვილის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ყველანაირად ხელს უწყობდა: როდესაც 12 წლის ბენაზირს დედამ ჩადრი აჩუქა, როგორც პატივსაცემი მუსლიმური ოჯახის შვილს, მამამ ჩადრის ტარების არჩევანის უფლება თავად გოგონას მიანიჭა. „ისლამი ძალადობის რელიგია არაა, და ბენაზირმა ეს იცის. ყველას თავისი გზა და არჩევანი აქვს!“, – განაცხადა მან. ბენაზირმა ის საღამო თავის ოთახში გაატარა, მამის სიტყვებზე ბევრს ფიქრობდა. დილით კი, მან სკოლაში ჩადრის გარეშე წასვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ, ბენაზირს ჩადრი არასოდეს გაუკარებია. თავისი ქვეყნის პატივსაცემად, იგი მუდამ ელეგანტური თავშლით დადიოდა.

ზულფიკარ ალი ბჰუტო 1971 წელს პაკისტანის პრეზიდენტი გახდა. მან საკუთარი ქალიშვილის პოლიტიკური კარიერისთვის შემზადება იწყო. იმ დროს ქვეყანაში ყველაზე მწვავე პრობლემად ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაურკვეველი საზღვარი იყო. ამის გამო, ორი ხალხი კონფლიქტის მუდმივ რეჟიმში ცხოვრობდა. 1972 წელს, ინდოეთთან მოსალაპარაკებლად, მამა-შვილი ერთად გაემართა. იქ გაიცნო ბენაზირმა ინდირა განდი და არაოფიციალურ ვითარებაში მას ბევრი ესაუბრა. მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგები გამოიღო, რაც საბოლოოდ ბენაზირის პრემიერ-მინისტრობის დროს განმტკიცდა.

1977 წელს, პაკისტანში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ზულფიკარი ხელისუფლებას ჩამოაცილეს და ორწლიანი დამქანცველი სასამართლო პროცესის შემდეგ, სიკვდილით დასაჯეს. ქვეყნის ყოფილი ლიდერის ქვრივი და ქალიშვილი ხელისუფლების უზურპატორის ზია ულ ჰაქის (Muhammad Zia-ul-Haq) წინააღმდეგ სახალხო მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში. ისინი მალე დააპატიმრეს.

ხანდაზმული ქალი შეიბრალეს და შინა პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბენაზირმა ტუსაღობის ყველა სიმძიმე გამოსცადა. ზაფხულის გვალვაში, მისი კამერა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცეოდა ხოლმე. „მზე კამერას ისე ხრუკავდა, რომ ჩემი კანი ნაფუფქებით იფარებოდა. ჰაერი იმდენად გავარვარებული იყო, რომ ვერ ვსუნთქავდი“, – დაწერს მოგვიანებით იგი საკუთარ ავტობიოგრაფიაში. ღამით ბენაზირს ქვეწარმავლები, მოსკიტები და ობობები აწუხებდა. მწერებისგან თავის დასახსნელად, ბჰუტო ციხის მძიმე გადასაფარებლის ქვეშ იმალებოდა, თუმცა ახლა უკვე სუნთქვას ვეღარ ახერხებდა. გაუგებარია, როგორ ახერხებდა ფუფუნებაში აღზრდილი ახალგაზრდა ქალი ასეთი ჯოჯოხეთის ატანას.

1984 წელს, დასავლეთის ჩარევის წყალობით, ბენაზირმა საპყრობილეს თავი დააღწია. მან ევროპისკენ გასწია და პოლიტიკური შეხვედრები გამართა. მრავალრიცხოვან პრესკონფერენციაზე, იგი პაკისტანში არსებულ რეჟიმზე საუბრობდა. მისი სიმამაცე და სიმტკიცე ბევრს ხიბლავდა. პაკისტანელი დიქტატორიც მიხვდა, თუ როგორ პრინციპულ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა საქმე. 1986 წელს, პაკისტანში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა და ბენაზირი სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა.

1987 წელს იგი ასიფ ალი ზარდარიზე (Asif Ali Zardari) დაქორწინდა, რომელიც ასევე სინდის პროვინციის ძალზე გავლენიანი ოჯახის შვილი იყო. ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ ეს ანგარიშით ქორწინება იყო, მაგრამ ბენაზირი ქმარში თანამებრძოლსა და დასაყრდენს ხედავდა.

ამ დროისათვის, ზია ულ ჰაქმა კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მინისტრთა კაბინეტი დაშალა. ახალნამშობიარები ბენაზირი კვლავ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება.

სულ მალე, დიქტატორი ზია ულ ჰაქი ავიაკატასტროფაში დაიღუპა: მის თვითმფრინავში ბომბი აფეთქდა. მის სიკვდილში ბევრმა შეკვეთილი მკვლელობა დაინახა, რომელშიც თავად ბენაზირს, მის ძმას მურთაზას და დედამისსაც კი ადანაშაულებდნენ.

1989 წელს ბჰუტო პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ხდება. ეს ისტორიული, გრანდიოზული მასშტაბის მოვლენა იყო: ისლამურ ქვეყანაში ქალი მთავრობას პირველად ჩაუდგა სათავეში. ბენაზირმა თავისი მმართველობა სრული ლიბერალიზაციით დაიწყო: უნივერსიტეტებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებს თვითმმართველობა მიანიჭა, მედია კონტროლისგან გაათავისუფლა, ციხიდან პოლიტპატიმრები გამოუშვა.

შესანიშნავი ევროპული განათლების მქონე, ლიბერალურ ტრადიციებზე აღზრდილი ბენაზირი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში, რაც ძირისძირობაშივე ეწინააღმდეგებოდა პაკისტანის ტრადიციულ კულტურას. უპირველეს ყოვლისა, მან ადგილობრივ ქალებს არჩევანის თავისუფლება მიანიჭა: მათ პირველად მიეცათ შანსი, არჩევანი გაეკეთებინათ როგორც ჩადრის ტარება-არტარებას, ასევე სახლში დარჩენასა და მუშაობას შორის. ბენაზირი პატივს სცემდა თავისი ქვეყნისა და ისლამის ტრადიციებს, მაგრამ ამავე დროს ებრძოდა ყველაფერ დრომოჭმულს, რაც მისი ქვეყნის განვითარებას აფერხებდა.

ბუნებრივია, მისმა ამგვარმა დემოკრატიულმა საქმიანობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ფუნდამენტალისტ ისლამისტებში, რომელთა გავლენაც პაკისტანში 1990-იანების დასაწყისში გაძლიერდა. პრემიერ-მინისტრის კაბინეტს ხშირად კორუფციაში ადანაშაულებდნენ. 1990 წელს, პაკისტანის პრეზიდენტმა ღულამ ხანმა (Ghulam Ishaq Khan) ბჰუტოს მთელი კაბინეტი გადააყენა. მაგრამ, ბენაზირი ფარ-ხმალს არ ყრიდა. იგი 1993 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა, თავისი პარტია ხელისუფლების კონსერვატულ ფრთას მიუერთა და კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა.

1996 წელს, ბენაზირი წლის საუკეთესო პოლიტიკოსად დასახელდა. იგი მიღწეულს არ დაკმაყოფილდა და შემდეგი დემოკრატიული რეფორმების გატარება დაგეგმა. მისი პრემიერობის მეორე ვადის დროს, მოსახლეობაში დაწყებითი განათლების დეფიციტი თითქმის მესამედით შემცირდა, მთიან რაიონებში წყალი გაიყვანეს, ბავშვებმა უფასო სამედიცინო დახმარება მიიღეს, დაიწყო ბავშვთა დაავადებებთან ბრძოლა.

მაგრამ, ბენაზირის შორს მიმავალ გეგმებს კვლავ მისი გარემოცვის კორუფციაში ჩართულობამ შეუშალა ხელი: მისი ქმარი ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს, ძმა სახელმწიფო თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. თავად ბჰუტო იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და დუბაიში ემიგრაციაში წასულიყო. 2003 წელს, საერთაშორისო სასამართლომ შანტაჟსა და ქრთამში ბრალდებები დაადასტურა და ბენაზირის ანგარიშები გაყინეს. მიუხედავად ყველაფრისა, იგი კვლავ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაშია ჩართული ქვეყნის გარეთ: ატარებს ლექციებს, პრეს-ტურებს.

2007 წელს, პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი (Pervez Musharraf) ბჰუტოს კორუფციასა და ქრთამში ყველა ბრალდებას უხსნის და მას ქვეყანაში დაბრუნების უფლებას აძლევს; პაკისტანში ექსტრემიზმთან ბრძოლაში მას ძლიერი მოკავშირე სჭირდება. ქვეყანაში ბენაზირის პოპულარობის, ვაშინგტონის მხარდაჭერის გათვალისწინებით, იგი შეუცვლელი პერსონა იყო შიდაპოლიტიკური დიალოგების წარმოების საქმეშიც.

2007 წლის 18 ოქტომბერს, 8-წლიანი იძულებითი გადასახლების შემდეგ, ბენაზირი სამშობლოში დაბრუნდა. მის კორტეჟს მხარდამჭერები ეგებებოდნენ. ამ დროს ორი აფეთქება გაისმა. 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 500-მდე დაიჭრა, თუმცა თავად ბჰუტო არ დაშავებულა.

პაკისტანში დაბრუნებული ბჰუტო პოლიტიკურ ბრძოლაში აგრესიულად ჩაება. 2007 წლის ნოემბერში, ფერვეზ მუშარაფმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ქვეყანაში მზარდი ექსტრემიზმის ტალღით ახსნა. ბენაზირი ამას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა. ერთ-ერთ მიტინგზე მან პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნა გააჟღერა. მალე მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ამას მისთვის არსებულ რეჟიმთან ბრძოლის საქმეში ხელი არ შეუშლია.

„ფერვეზ მუშარაფი ქვეყნის განვითარების დაბრკოლებაა. ვერ ვხედავ მასთან თანამშრომლობის გაგრძელების და მისი ხელმძღვანელობით მუშაობის აზრს“, – ამგვარი ხმამაღალი განცხადებით გამოვიდა ბჰუტო 27 დეკემბერს, ქალაქ რავალპინდიში მიტინგზე. ვიდრე წავიდოდა, ბენაზირმა თავისი დაჯავშნილი მანქანიდან ხალხს გახედა. ამ დროს მას ორი ტყვია დაახალეს – ყელსა და მკერდში (იგი ჯავშანჟილეტს არასოდეს ატარებდა). ამას თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქება მოჰყვა, რომელიც მის მანქანას მოპედით მაქსიმალურად მიუახლოვდა. ბჰუტო უძლიერესი კონტუზიით გარდაიცვალა, თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.

ამ მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ბევრი ქვეყნის ლიდერმა მუშარაფის რეჟიმის წინააღმდეგ განცხადება გააკეთა და პაკისტანელ ხალხს გულწრფელად მიუსამძიმრა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა (Ehud Olmert) ბჰუტოს სიკვდილი პირად ტრაგედიად გამოაცხადა და მას „აღმოსავლეთის რკინის ლედი“ უწოდა. მისი თქმით, სწორედ ბენაზირი იყო ისრაელისა და ისლამური სამყაროს დამაკავშირებელი ჯაჭვი.

28 დეკემბერს, ბენაზირ ბჰუტო თავის მამულში, სინდის პროვინციაში დაკრძალეს, მამის საფლავთან ახლოს.