ბლოგები

ბეჯითი თუ ნიჭიერი?

ბავშვობიდანვე ვითვლებოდი ბეჯით, „კარგ გოგოდ“, ხოლო ჩემი ბიჭი ბიძაშვილი, რომელთან ერთად ვიზრდებოდი, იყო „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“.

იგი უფრო ნიჭიერი იყო მათემატიკაში, მუსიკასა და ხატვაში. ყოველ შემთხვევაში, ამას ასე მაწვდიდა ჩემი ოჯახი, ნათესაობა და მთელი გარემო. კლასშიც, მათემატიკაში ყოველთვის ბიჭებზე კეთდებოდა აქცენტი და ამბობდნენ, აი რა ნიჭიერია, წაიყვანეთ კომაროვშიო. გოგოები კი, ყოველთვის რჩებოდნენ მხოლოდ ბეჯითებად, მაგრამ არა ნიჭიერებად.

იმისათვის, რომ დამემტკიცებინა, რომ მეც შემეძლო მათემატიკის და „კაცური“ პროფესიის სწავლა, მოვემზადე და ჩავაბარე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.  გამომივიდა კიდეც ყველაფერი, უმაღლესი მათემატიკაც ვისწავლე, პროგრამირებაც და ფინანსური ანალიზიც, თანაც ინგლისურ ენაზე. ამით მეგონა, რომ მამაჩემის თვალში მეტ პატივისცემას დავიმსახურებდი, თუმცა ამაოდ.

ჩემი ასაკისათვის ძალიან კარგად ვხატავდი, მაინტერესებდა და გატაცებული ვიყავი ხატვით. მაგრამ იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი თვლიდა, რომ ეს არ იყო ქალის საქმე და ზოგადად სარფიანი პროფესია, ხატვაზე არ შემიყვანეს, მიუხედავად ჩემი მრავალი თხოვნისა. მე მატარებდნენ მუსიკასა და ქართულ ცეკვაზე, რაც, მათი აზრით, გოგოსთვის უფრო შესაფერი იყო. როდესაც წამოვიზარდე, ჩემი სოფლის სახლის კედლებზე ქალის ფიგურები დავხატე, სხვადასხვა მითოლოგიური პერსონაჟები. დედაჩემმა და ჩემმა ბიჭმა ბიძაშვილმა ეს ნახატები „სატანურად“ ჩამითვალეს და წაშალეს, ზედ ნაკურთხი წყალი ასხეს და ჯვრები დაახატეს.

ბიძაჩემი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და შვილივით მზრდიდა, ჭადრაკს მაინც მხოლოდ თავის ბიჭს ასწავლიდა, მაგრამ არა მე, რადგან ჭადრაკს ნიჭი სჭირდებოდა, მე კი მხოლოდ „ბეჯითი“ ვიყავი.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ყველაფერს მხოლოდ ახლა თუ ვაანალიზებ და ვცდილობ, რომ ჩემს ქალიშვილს მაინც შევუქმნა ისეთი პირობები, რომ თავისი თავის სჯეროდეს და სწამდეს, ის აკეთოს, რაც მოსწონს და უყვარს. თუმცა, საზოგადოებაში, წიგნებში, ზღაპრებში გაბატონებული სტერეოტიპები ამ ყველაფერს ხელს არ უწყობს. ძალიან ცოტაა წიგნი, სადაც გოგო თუ ქალი მისაბაძი პერსონაჟები იქნებიან, წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგ ჩემს შვილს გაუჩნდება სურვილი, რომ მასაც ასეთი ქალი უნდა რომ გაიზარდოს, – პილოტი, მეზღვაური, ფიზიკოსი, მათემატიკოსი თუ მხატვარი. ეს ყველაფერი ბავშვის დაბადებამდე იწყება ვარდისფერი და ცისფერი ტანსაცმლის შერჩევით და ქალის მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, მე და ჩემი გოგო ვკითხულობთ ზღაპარს, სადაც კაცს ზარმაცი ცოლი შეხვდება. ამ ქალს არავინ „თხოულობდა“ მისი სიზარმაცის გამო და ბოლოს ერთმა ღარიბმა კაცმა შეირთო ცოლად. შემდეგ, მთელი ზღაპარი იმაზეა, თუ როგორ „გამოასწორებს“ ქმარი ზარმაც ცოლს: როგორ სცემს მის საყვარელ კატას, რათა ქალი დააშინოს და აიძულოს სახლის საქმეების კეთება, და როგორ „გამოსწორდება“ ცოლი. შემდეგ, ყველანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. მოკლედ, ზღაპარი ტიპური ოჯახში ძალადობის შესახებაა. ზღაპრის წაკითხვის შემდეგ, მთელი საათი დამჭირდა ჩემს გოგოსთან საუბარი, იმაზე, თუ რას და რატომ აკეთებდნენ არასწორად ზღაპრის პერსონაჟები, როგორ არ დაუტოვეს გამოსავალი ქალს, რომელიც აღარც მამამ მიიღო უკან ოჯახში და ისევ ქმართან დაბრუნება მოუწია, რატომ უნდა იყოს ქალი დამოუკიდებელი ფინანსურად და ფსიქოლოგიურად და ა.შ.

თუმცა, მიუხედავად ჩემი ყველა მცდელობისა, მაინც არსებობს ის გაუკუღმართებული შეხედულებები, რომლებსაც დედაჩემი ჯერ მე და ახლა უკვე ჩემს შვილს ცდილობს, რომ შთააგონოს. დედაჩემი თავად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო და დიდი სირთულეები გადაიტანა მისგან თავის დასაღწევად. მარტივი მაგალითი: თუ კლასელი ბიჭი გაწვალებს, დაგცინის და ნერვებს გიშლის, ესე იგი უყვარხარ და ბიჭები ზოგადად ასე გამოხატავენ სიყვარულსო, რაც შემდეგ ხშირად გადაიზრდება ხოლმე რუსეთიდან წამოსულ კიდევ უფრო უკუღმართ გამოთქმასა და ფრთიან ფრაზაში – “Бьет, значит любит“ ანუ თუ გცემს, ესე იგი უყვარხარ.

და ასე იზრდებიან თაობები. ძალიან რთულია, რომ შენი შვილი არ გაზარდო ისე, როგორც შენ გაგზარდეს. რაც არ უნდა სადავოდ და ირონიულად მოგეჩვენოთ, მგონია, რომ ოჯახში ძალადობა ქალებისგან იწყება, შვილზე მორალური თუ ფიზიკური ძალადობით. თუ გოგოა, ქალად ქცეული იგი იყენებს აღზრდის იმავე ძალადობრივ მეთოდებს თავისი შვილების მიმართ და თუ ბიჭია, თითქოსდა სამაგიეროს უხდის დედას და ახლა საკუთარ ცოლზე და შვილებზე ძალადობს. ასე გრძელდება ძალადობის მოჯადოებული წრე. მსოფლიო სტატისტიკა ხომ სწორედ იმას გვიჩვენებს, რომ ოჯახში მოძალადეების უმრავლესობა ბავშვობაში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.

ასე რომ, სწორედ ჩვენ ქალებმა უნდა გავზარდოთ ფემინისტი ბიჭები და გოგოები, გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე და მომავალ თაობებს მაინც მივცეთ შანსი, რომ იცხოვრონ საზოგადოებში, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს ყველას, მიუხედავად სქესისა.