თანასწორობის პოლიტიკა

ბონო „წლის ქალის“ ლაურეატია

ჟურნალ Glamour-ში არაერთხელ განიხილეს საკითხი, ჩაერთოთ თუ არა „წლის ქალის“ ლაურეატთა სიაში კაცები. შედეგად, რედაქცია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამჟამად უამრავი კაცი ქალებისთვის საჭირო საქმეს აკეთებს. „ქალებისთვის საჭირო საქმეს ბევრი კაცი აკეთებს და ბონო მათ შორის ერთ-ერთია“, – განაცხადა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა სინდი ლეივმა (Cindi Leive).

ჟურნალის რედაქციის არჩევანი ბონოზე შემთხვევით არ შეჩერებულა: სწორედ ჯგუფ U2-ს ლიდერია მოძრაობის „სიღარიბე სექსიზმია“ ორგანიზატორი. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 62 მილიონ გოგონას გენდერული ნიშნით უარი ეთქვა სწავლის შესაძლებლობაზე, ხოლო ნახევარმა მილიარდმა ქალმა კითხვა არ იცის.

თავად მუსიკოსმა განაცხადა, რომ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა მანამ ვერ იქნება მოგებული, სანამ მას თავად კაცები არ შეუერთდებიან. ბონოს თქმით, კაცები მსოფლიოში არსებულ სიღარიბეზე არიან პასუხისმგებელნი. „ამ პრობლემაზე პასუხისმგებლობა დიდწილად ჩვენ გვაკისრია, ამიტომაც, მის გადაწყვეტაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“, – განმარტა მან.

ჟურნალი Glamour-ის 2016 წლის ლაურეატებს შორის დიზაინერი მიუჩა პრადა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდიც არიან.

„წლის ქალის“ ყველა ლაურეატის დაჯილდოების ცერემონია 14 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.