სექსუალური ძალადობა

ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ სექს სკანდალში გაეხვა

ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე გავლენიან კაცს შორის, რომლებთან სექსიც მას 17 წლის ასაკში აიძულეს.

35 წლის ვირჯინიას თქმით, პრინცი ენდრიუ – იორკის ჰერცოგი და დედოფალი ელისაბედ მეორის შუათანა ვაჟი, მას დაქალმა, ჯეფრი ეპშტეინის პარტნიორმა ქალმა გააცნო. ენდრიუ მჭიდრო კავშირშია ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის გახმაურებულ საქმესთან. ამა წლის აგვისტოში, ეპშტეინი მკვდარი იპოვეს ციხეში, სადაც იგი არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩაბმაში საქმეზე, სასამართლოს განაჩენს ელოდებოდა.

ვირჯინია იხსენებს, რომ 2001 წელს, ჯეფრი ეპშტეინმა იგი ლონდონში ჩაიყვანა, რათა პრინცისთვის გაეცნო. გაცნობის საღამოს, ენდრიუმ იგი ღამის კლუბ Tramp-ში წაიყვანა, იქ მისთვის არაყი შეუკვეთა და გოგონა საცეკვაოდ გაიწვია.

„ის საშინლად ცეკვავდა და მთლად ოფლში ცურავდა, – ამაზე უარესი არაფერი მინახავს. მე ზიზღი ვიგრძენი, მაგრამ მესმოდა, რომ იგი უნდა გამერთო, რადგან ჯეფრის და ჩემს დაქალს ასე სურდათ“, – იხსენებს ვირჯინია.

კლუბის შემდეგ, გოგონას აუხსნეს, რომ პრინც ენდრიუსთან სექსი უნდა ჰქონოდა.

„ეს არაა უბრალოდ ბინძური ისტორია სექსის შესახებ. ეს არის ტრაფიკის, იძულების, ძალადობის ამბავი თქვენს სამეფო ოჯახში. ბრიტანელებს ვემუდარები, მხარი დამიჭირონ, დამეხმარონ ბრძოლაში და ეს ყველაფერი ნორმად არ აღიქვან“, – ამბობს სავარაუდო მსხვერპლი.

პრინცი ენდრიუს  მტკიცებით, მას არ ახსოვს, თუ ოდესმე ვირჯინია ჯუფრესთან სექსი ჰქონდა. ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოზე, პრინცი ენდრიუ წელზე ხვევს ხელს ვირჯინიას, უკანა პლანზე კი ეპშტეინის პარტნიორი და ვირჯინიას დაქალი გისლეინ მაქსველი ჩანს. პრინცი იმასაც ამტკიცებს, რომ ფოტო დამონტაჟებულია, თუმცა, ბრიტანული მედიის მიერ გამოკითხული ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ გამოსახულება ფოტოშოპით დამუშავებულს არ ჰგავს.

ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ იორკის ჰერცოგი „უპირობოდ სწუხს თავის კავშირზე ჯეფრი ეპშტეინთან“, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს ვირჯინიასთან დაკავშირებულ ინციდენტს. პრინცი ამბობს, რომ არაფერი იცოდა ეპშტეინის სუტენერული ქსელის შესახებ, მაგრამ ვერ უარყოფს, რომ მასთან მეგობრობდა – დაფრინავდა მისი კერძო თვითმფრინავით, სტუმრობდა მის კუთვნილ ტროპიკულ კუნძულს და ნიუ-იორკის აპარტამენტებს.

იორკის ჰერცოგმა თავი ვალდებულად ჩათვალა, უარი ეთქვა საჯარო სამეფო ვალდებულებებისგან. მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა რამდენიმე ბრიტანულმა ფონდმა და კომპანიამ, მაგრამ ბრიტანეთში ვირჯინია ჯუფრეს ჩვენებების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა დიდად იმედისმომცემი არაა.

სკოტლანდ იარდში ამბობენ, რომ ჯუფრეს საჩივრის საფუძველზე გამოძიებას არ დაიწყებენ. პოლიციამ დამატებითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ მასალები სექს ტრაფიკის შესაძლო საქმეზე შეეხება ძირითადად იმ მოვლენებს, რომლებიც ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ ხდებოდა.

წყარო: bbc.com