ბავშვზე ძალადობა

გაუვნებელყოფილია მსოფლიოში ბავშვთა პორნოგრაფიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი

ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტომ (Britain’s National Crime Agency (NCA) და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დახურული რესურსი Welcome to Video – ბავშვთა პორნოს დარქნეტში გამავრცელებელი უმსხვილესი ვებგვერდი – გამოააშკარავეს. დარქნეტი ინტერნეტის ანონიმური ქსელია, რომელსაც კრიმინალური სამყარო ამჟამად არალეგალური საქონლისა და მომსახურების გასავრცელებლად იყენებს. რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე გერმანიის, სამხრეთ კორეის, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავებმა.

ამის შესახებ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვაშინგტონში განაცხადეს.

ვებგვერდმა Welcome to Video თავდაპირველად ბრიტანული NCA-ს ყურადღება ბრიტანელი სერიული პედოფილის მეთიუ ფალდერის (Matthew Falder) საქმის გამოძიებისას მიიპყრო.

ცნობილი გახდა, რომ ერთობლივი ოპერაციის შედეგად, გამოყენებიდან ამოღებულია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ამსახველი რვა ტერაბაიტზე მეტი ტევადობის ვიდეომასალა (დაახლ. 250 000 ვიდეოფაილი). ამჟამად, ორგანიზაცია National Center for Missing & Exploited Children-ის თანამშრომლები ამ ვიდეოების ანალიზს აწარმოებენ. უკვე ცნობილია, რომ შესწავლილი ვიდეორგოლების დაახლოებით 45% – ახალი კონტენტია, რომლის არსებობის შესახებ აქამდე ცნობილი არ ყოფილა.

აშშ-სა და მსოფლიოს 11 ქვეყანაში უკვე დაპატიმრებულია ამ ვებგვერდთან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული 337 ადამიანი, გამოძიებას ჰყავს ათობით ეჭვმიტანილი. მაგალითად, ბრიტანელი სამართალდამცავები გვატყობინებენ 18 გამოძიებისა და 7 ბრალდებულის შესახებ, რომელთა შორის ერთ-ერთი სასჯელს 22 წლით იხდის, 5 წლის ბიჭის გაუპატიურებისა და Welcome to Video-ზე იმ რგოლის ატვირთვისთვის, რომელშიც სამი წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობაა აღბეჭდილი.

დაკავებულთა ასაკი 22-დან 70 წლამდე მერყეობს. ზოგიერთმა მათგანმა დანაშაული აღიარა კიდეც. 36 წლის მაიკლ ლოუსონს 121 თვით პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ თავი დამნაშავედ ცნო ბავშვთა პორნოგრაფიის გამოყენებაში. აგენტებმა მის სახლში 41 ვიდეო აღმოაჩინეს.

„დარქნეტის ვებგვერდები, რომლებიც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისგან გამორჩენას ნახულობენ, დანაშაულებრივი ქმედების ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ფორმაა“, – განაცხადა გენერალური პროკურორის თანაშემწემ ბრაიან ბენჩკოვსკიმ (Brian A. Benczkowski).

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად, გადარჩენილია დამნაშავეთა სულ ცოტა 23 არასრულწლოვანი მსხვერპლი – აშშ-იდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებიც ვებგვერდის მომხმარებელთაგან სისტემატურ ძალადობას განიცდიდნენ.

Welcome to Video 2015 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ადმინისტრატორი და ავტორი სამხრეთ კორეის 23 წლის მოქალაქე ჩონ ვუ სონია (Jong Woo Son). ამჟამად, იგი სამხრეთ კორეის ციხეში იხდის ხანგრძლივ სასჯელს თავისი საქმიანობის გამო. აშშ-ის სამართალდამცავებმა მას კიდევ ცხრა პუნქტისგან შემდგარი ბრალდება წარუდგინეს (ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალების გავრცელება, ფულის გათეთრება). სონი აშშ-ში შესაძლო ექსტრადაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც გამოძიება აღნიშნავს, Welcome to Video იყო ერთ-ერთი პირველი ვებგვერდი დარქნეტში, რომელმაც ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია ბიტკოინებში გადაიყვანა. ანგარიშის გახსნისას, ვებგვერდის თითოეულ მომხმარებელს უნიკალური ბიტკოინ-მისამართი ენიჭებოდა. სამართალდამცავთა განცხადებით, საიტთან ამგვარად მილიონამდე ანგარიში იყო მიბმული. კონტენტის გადმოქაჩვის ან საიტზე ახალი მასალის ატვირთვის და ფულის გამომუშავების უფლების მოსაპოვებლად, მომხმარებელი 0,03 ბიტკოინს იხდიდა. 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, როდესაც მოცემული რესურსი დაიხურა, ვებგვერდის მეშვეობით, კრიპტოვალუტის სახით, 370 000$-მა გაიარა.

აღსანიშნავია, რომ გამოძიებას ძალიან გაუმართლა: დროის მცირე მონაკვეთში, Welcome to Video-ს სერვერი ხარვეზებით მუშაობდა, რამაც მასთან დაკავშირებული რამდენიმე ღია IP-მისამართის გამოვლენის საშუალება გააჩინა. ასევე, გამოძიებას დაეხმარა ზემოთხსენებული ბიტკოინ ანგარიშები და კრიპტოსავალუტო ტრანზაქციები, რომელთა შესწავლაშიც აშშ-ის საგადასახადო სამმართველოს აგენტები იყვნენ ჩართულნი. ამაში მათ კომპანია Chainalysis-ის ინსტრუმენტები დაეხმარათ, რომლებიც ბლოკჩეინ-ტრანზაქციებისთვის და მათი ადგილმდებარეობის განსასაზღვრად იყო განკუთვნილი.

სამართალდამცავები Welcome to Video-ს დახურვას მსგავს ამაზრზენ საქმეებს შორის ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს წარმატებად მიიჩნევენ.

theguardian.com