ოჯახში ძალადობა

გახარიას ბრძანებით, თუ შსს-ს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება, იგი სამსახურს ავტომატურად დატოვებს

შსს-ს მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია 14 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.  გახარიას თქმით, 12 ივლისს მან მიიღო ბრძანება, რომლის თანახმადაც, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება, იგი შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს.

“ხშირად იყო პრეტენზია, საყვედური შს სამინისტროსთან, რომ სისტემა ოჯახში მოძალადეებს ხელს აფარებს. 12 ივლისს მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, იგი ავტომატურად დატოვებს შს სამინისტროს რიგებს. ამით ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანასა და მოქალაქეს, ჩვენ ბოლომდე, კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დავუდგებით გვერდით, ხოლო პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც მის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს. იმედი მაქვს, რომ ამ გზით და გენერალური ინსპექციის გზით შევძლებთ მოქალაქეთა და პოლიციელებს შორის ნდობის აღდგენას და გაღრმავებას“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.