თანასწორობის პოლიტიკა

დანიაში ბურქისა და ნიქაბის ტარება აიკრძალა

დანიაში აიკრძალა ბურქის, ნიქაბისა და სხვა სახის სამოსის ტარება, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს. კანონი ძალაში 1 აგვისტოს შევა. ამ ინიციატივის სასარგებლოდ ხმა 75-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ – 30-მა, თავი შეიკავა – 74-მა. საზოგადოებრივ ადგილებში მსგავსი სამოსით გამოჩენა ათასი დანიური კრონით დაჯარიმდება, ხოლო კანონის განმეორებითი დარღვევა 10 000 კრონის ოდენობის ჯარიმას ან ექვს თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დეპუტატების თქმით, კანონპროექტი რომელიმე რელიგიის წინააღმდეგ სულაც არაა მიმართული და არ კრძალავს სხვა სახის რელიგიურ სამოსს. ინიციატივა ცივ ამინდში მოხვეულ შარფსაც არაფერს ერჩის.

მიუხედავად ამისა, Amnesty International-ის ევროპის ოფისის დირექტორი გაური ვან გულიკი (Gauri van Gulik) კანონს არ ეთანხმება. “ყველა ქალს აქვს უფლება, ატაროს ის, რაც სურს, სამოსის მეშვეობით გამოხატოს საკუთარი იდენტობა. მართალია, სახის მთლიანად დამფარავ ჩაცმულობასთან დაკავშირებული ზოგიერთი აკრძალვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოსაზრების გამო გამართლებული იყოს, მაგრამ სრული აკრძალვა არც აუცილებელია და არც – თანაბარზომიერი, და რწმენის თავისუფლებას არღვევს”, – განაცხადა მან.

theguardian.com