თანასწორობის პოლიტიკა

დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი მიღებულია

2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. დოკუმენტის მიღებას წინ საკომიტეტო სხდომები უძღოდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა კრიტიკული შენიშვნები და ალტერნატიული ფორმულირებები წარმოადგინეს. უფლებადამცველების აზრით ძირითადი  პრობლემა ანტიდიკრიმინაციული მექანიზმის სისუსტეა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ თავდაპირველ კანონპროექტში გათვალისწინებული იყო ინსპექტორის ინსტიტუტი დაჯარიმების მექანიზმით. პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ წარმოდგენილ პროექტში კი დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის  განმახორციელებელ სუბიექტად სახალხო დამცველი განისაზღვრა.

კანონპროექტის მიმართ საკუთარი შენიშვნები სახალხო დამცველმაც გამოთქვა. უჩა ნანუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი აფართოებს ომბუდსმენის მანდატს,  იგი არ ავალდებულებს კერძო იურიდიულ პირებს, ომბუდსმენს მიაწოდონ საქმის შესასწავლად აუცილებელი მასალა. ასევე რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ აწესებს ჯარიმას. კანონპროექტი ასევე არ ითვალისწინებს დამატებითი ფინანსების გამოყოფას სახალხო დამცველის აპარატისთვის კანონით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.

პარლამენტმა გარკვეული შენიშვნები გაიზიარა. თუმცა კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრაზე. მეორე მუხლში გაჩნდა შემდეგი შინაარსის დებულება, რომ განსხვავებული მოპყრობა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ის “ემსახურება  საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს“. აღნიშნული ცვლილება იყო მოულოდნელი პარლამენტარებისთვისაც კი, რადგან ამ ვარიანტის განხილვა საკომიტეტო სხდომებზე არ მომხდარა. გარდა ამისა, ლეგიტიმური მიზნის დაყვანა მხოლოდ ამ ორ საფუძველზე სამართლებრივად მიზანშეწონილი არ არის და სამომავლოდ პრობლემას შექმნის კანონის პრაქტიკაში გამოყენებისას.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამეტმა არ გაითვალისწინა არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის შეთავაზება, გაეძლირებინათ კანონის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს უფლებამოსილება, კანონის მიღება ქვეყნისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.