სექსუალური შევიწროება

დოკუმენტური ფილმი „რა მოხდა ქუჩაში“ – პრეზენტაცია

გუშინ, 12 აპრილს, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში, „საფარმა“ სექსუალური შევიწროების თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „რა მოხდა ქუჩაში“ პრეზენტაცია გამართა.

ფილმის რეჟისორია სალომე საღარაძე. მასში მოთხრობილია სამი ქალის ამბავი, რომლებიც ქუჩაში სექსუალური შევიწროების თავიანთ ისტორიებს გვიზიარებენ.

ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრობლემის იდენტიფიცირება, რათა მსხვერპლი თავდაჯერებულად გაუმკლავდეს ძალადობას და ამაში საკუთარი თავი არ დაადანაშაულოს.

კამპანია ხორციელდება პროექტის „სექსუალური შევიწროვება: ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. პროექტი მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო რეგულაციების მიმოხილვითი კვლევის ჩატარებას, საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას, ტრეინინგებისა და საჯარო ლექციების სერიის ჩატარებას თბილისისა და რეგიონების უმაღლეს სასწავლებლებში, სოციალურ კამპანიას „რა მოხდა ქუჩაში“, ასევე დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების გადაღებას. პროექტში გათვალისწინებული საკითხისადმი კომპლექსური მიდგომის მიზანია სექსუალური შევიწროების საკითხში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირებულობა.

კავშირი „საფარი“ 2001 წელს დაარსდა და იგი ქალთა უფლებების დამცველი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში. 2013 წლიდან „საფარი“ აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო, ადვოკატირების და ლობირების საქმიანობაშიც. ამჟამად ორგანიზაცია ოჯახში და ზოგადად ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მუშაობის გარდა, ორიენტირებულია დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე და ქალთა მოძრაობის გაძლიერებაზე.