თანასწორობის პოლიტიკა

დონალდ ტრამპი ქალთა უფლებებს უკვე პრეზიდენტის რანგში ზღუდავს

ძალზე ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სავარძელი დონალდ ტრამპმა გადაიბარა, მაგრამ ოდიოზური გადაწყვეტილებებით ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მან უკვე მოახერხა.

ტრამპმა ამერიკელი ქალებისთვის ძალზე მნიშვნელოვან აკრძალვა-ბრძანებას მოაწერა ხელი. ფედერალური აკრძალვის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება იმ სახელმწიფო ორგანიზაციებს, რომელიც ქალებს ოჯახის დაგეგმვის კუთხით კონსულტაციებს უწევდა და აბორტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.

ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებას (დაახლოებით 600 მილიონი დოლარი) ასობით საერთაშორისო ორგანიზაცია იღებდა. ეს კონკრეტული ორგანიზაციები, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან ბრძოლის მიზნით, ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, რაც ხანდახან აბორტების კეთებასაც მოიცავდა.

ამ ბრძანებით, ტრამპმა წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გადაწყვეტილება გააუქმა, რომელმაც ეს აკრძალვა ჯერ კიდევ 2009 წელს მოხსნა.

აბორტებთან დაკავშირებული დაფინანსების აკრძალვა დემოკრატიული მმართველობის რესპუბლიკურით ჩანაცვლებასთან ერთად პირველად როდი ხდება. ოჯახის დაგეგმვისა და აბორტების შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ამკრძალავი კანონი ჯერ კიდევ 1984 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა შემოიღო. Huffington Post შეგვახსენებს, რომ მას შემდეგ, იგი რამდენჯერმე გააუქმეს და კვლავ აღადგინეს. რესპუბლიკელთა ამ პოლიტიკის თანახმად, რომელიც „მეხიკოს პოლიტიკის“ (The Mexico City policy) სახელითაა ცნობილი, აშშ-ის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებმა უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელი არ უნდა შეუწყონ აბორტების განხორციელებას.

თავდაპირველად, კანონი პრეზიდენტმა კლინტონმა გააუქმა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად რესპუბლიკელი ჯორჯ ბუში უმცროსი აირჩიეს, იგი კვლავ აღადგინეს, ვიდრე ბარაკ ობამას მმართველობამდე.

გუტმახერის ინსტიტუტი (Guttmacher Institute) და „მეხიკოს პოლიტიკის“ სხვა მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ ამგვარ შეზღუდვებს დამანგრეველი გავლენა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც იძულებულნი არიან, დახურონ კლინიკები, შეამცირონ თავიანთი მომსახურების სპექტრი და ამით ქალებს რეპროდუქციულ მომსახურებასა და აივ-ის პროფილაქტიკაზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდონ.

პოლიტიკას განსაკუთრებით სერიოზული შედეგები მოჰყვება განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის, რომლებიც ორსულობის შეწყვეტის სახიფათო მეთოდებს მიმართავენ, რადგან უსაფრთხო აბორტებზე წვდომა არ აქვთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ განვითარებად ქვეყნებში წელიწადში სახიფათო მეთოდებით ორსულობის შეწყვეტაზე 21 მილიონ ქალზე მეტი ქალი მიდის, რაც დედათა სიკვდილიანობის ყველა შემთხვევის დაახლოებით 13%-ს შეადგენს.

თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპმა ტელეარხ MSNBC-ის განუცხადა, რომ აშშ-ში აბორტი აკრძალული რომ იყოს, ქალები მისი გაკეთებისთვის უნდა ისჯებოდნენ, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სასჯელი „ეკუთვნით“ ამისთვის ამერიკელ ქალებს.

ტრამპის ამ ბრძანებამ აშშ-ში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის აბორტის თემაზე არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გაამწვავა. უკვე დიდი ხანია, რაც რესპუბლიკელები ოჯახის დაგეგმვაზე ორიენტირებული ამერიკული ორგანიზაცია Planned Parenthood-ის ფედერალური დაფინანსების გაუქმებას ითხოვენ.

ქალთა უფლებების აქტივისტები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან აბორტების დამარეგულირებელი კანონების ცვლილებით. ამჟამად, აშშ-ის ყველა შტატში ქალის აბორტზე უფლებას 1973 წელს უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს. მაგრამ, დღესდღეობით, სასამართლოში ერთი ადგილი ვაკანტურია და თუ მის ადგილას პრეზიდენტი კონსერვატორ მოსამართლეს დანიშნავს, სასამართლოი კონსერვატორები უკვე უმრავლესობაში იქნებიან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი (Mike Pence) აცხადებდა, რომ მას აბორტების რისხვად ტყუილად არ უწოდებენ. ივლისში მან თქვა, მე აბორტების წინააღმდეგი ვარ და ამის გამო მობოდიშებას არ ვაპირებო, და დასძინა, რომ აბორტების ლეგალიზაციაზე სასამართლოს გადაწყვეტილება „ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება, სადაც მისი ადგილია“.