ბლოგები / ეკონომიკაshe / კამპანიები

ქალი ძლიერია, მოდით, ასე განვიხილოთ – ქალები სოფლის მეურნეობაში

Women are powerful, let’s treat them that way

მიუხედავად დიდი სურვილისა, სოფლად მცხოვრებ ქალებს და გოგონებს ძნელად მიუწვდებათ ხელი განათლებაზე, შემოსავლიან სამსახურზე, ნაკლებად აქვთ საკუთრების უფლება მიწასა და სხვა რესურსებზე, რაც საშუალებას მისცემთ, თავად წამოიწყონ თავიანთი ბიზნესი.

ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, მთავრობისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევამ და მხარდაჭერამ, სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ მართლაც რომ გააღვივა ინტერესი და გაააქტიურა ქალთა გარკვეული ნაწილი, ჩართულიყო ბიზნეს საქმიანობაში ან კიდევ ეკონომიკურ საქმიანობად ექცია ის, რასაც აკეთებდა. ამ მიდგომამ კიდევ უფრო ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური ჩართულობა, როგორც უფლებების, გენდერული თანასწორობის განვითარების, ასევე ოჯახების, თემების, სექტორებისა და ერის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. თუ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ 2013 წელს ჩატარებულ კვლევას გადავხედავთ, დაუსაქმებელი ქალების 18% აცხადებდა, რომ მას საოჯახო საქმეებთან ერთად სამსახურის შეთავსება არ შეეძლო და ერჩივნა ან იძულებული იყო, არ ემუშავა. დღესდღეობით, ეს მიდგომა ნაწილობრივ შეიცვალა, ნელ-ნელა დაიწყო ქალების მიერ რესურსების გამოყენება თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის უკეთ გასაკონტროლებლად, კერძოდ აქტიურად ჩართულიყო საზოგადოებრივ, სათემო ცხოვრებაში და  გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020-ში აღნიშნულია, რომ კაცებთან შედარებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ქალებს ნაკლები ანაზღაურება აქვთ და ისინი კაცების შემოსავლის 75%-ს გამოიმუშავებენ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საჭირო კომპონენტების/პრიორიტეტების შემუშავება,  სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება, რათა მოხდეს ფინანსებზე, ქონებაზე, ინოვაციებზე ხელმისაწვდომობა, რაც ქალების ეკონომიკურ გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ქალების როლი და წვლილი სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდია. “სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა, შინაური ცხოველების მოვლა, დიასახლისობა, ოჯახისთვის წყლითა და შეშით უზრუნველყოფა, ბავშვების, მოხუცების და ოჯახის დაუძლურებული წევრების მოვლა – ასეთია მოკლე ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელიც საქართველოში სოფლად მცხოვრებ ქალებს ეკისრებათ. მიუხედავად ამისა, ქალების მიერ სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილი შეუმჩნეველი რჩება”, – ვკითხულობთ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაში “გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული წვლილისა, სოფლად მცხოვრები ქალები ჯერ კიდევ ერთ-ერთი მარგინალიზებული და უძლური ჯგუფია მსოფლიოში.

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკების ანალიზი და სტატისტიკა აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული ქალების წილი მცირეა. სტატისტიკის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულთა მხოლოდ 27%-ია ქალი (ისიც, როგორც მხოლოდ ფორმალური მეპაიე). ამასთანავე, ყველაზე მაღალბიუჯეტიან სახელმწიფო პროგრამებში ქალთა წარმომადგენლობა განსაკუთრებით დაბალია. გარდა ამისა, ქალებისათვის სოფლის მეურნეობაში ბარიერებს წარმოადგენს სოციალური სივრცეების არარსებობა, ქალების შესახებ არსებული სტერეოტიპები, კულტურული და ინსტიტუციური დისკრიმინაცია.

„შვიდი წელი და ვინ მოთვლის რამხელა ძალისხმევა, შრომა და ბრძოლა დამჭირდა, ჩემი შესაძლებლობები ეღიარებიათ, მოესმინათ და სერიოზულად აღექვათ ჩემ მიერ წამოწყებული საქმე“, – ამბობს კოოპერატივი „ქალთა ძალის“ ლიდერი ნატალია ცქიტიშვილი. იგი დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქალი მეწარმეა, რომელსაც კენკროვანი კულტურები მოჰყავს იმერეთის რეგიონში, სოფელ ქვიტირში და ასევე ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას ამ დარგში. კოოპერატივი სრულიად ქალებით არის წარმოდგენილი, მოპოვებული აქვს ევროკავშირის გრანტი და ეროვნულ ბაზარზე საკმაოდ სტაბილური მიმწოდებელია. მიუხედავად კოოპერატივის წარმატებისა, კოოპერატივი რამდენიმეჯერ დადგა დახურვის წინაშე, ისინი ჯერ კიდევ არ არიან, მზად ბიზნესში სერიოზულად ჩაერთონ, როგორც ნატალია ამბობს: მათ ჯერ კიდევ სრულად ვერ გაიაზრეს კოოპერაციის არსი, მისი დადებითი მხარეები, არ აქვთ საბაზისო ცოდნა თუ როგორ მართონ ფერმერული მეურნეობა, წარმოება და ხშირ შემთხვევაში მთელი ტვირთი ერთ ქალზე გადადის, აქვე ჩნდება უნდობლობის ფაქტორიც, რომელიც იმთავითვე სპობს ბიზნესის არსებობას. ამას ემატება მუშახელის არარსებობა, „ქალების უმრავლესობა სხვა ქვეყნებში მუშაობს, ხოლო სახლში დარჩენილ კაცებს არ სურთ, სათბურში ან ღია გრუნტზე იმუშაონ“.  ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი ის არის, რომ გასულ წელს ქალთა კოოპერატივის ნაკვეთი, რომელიც ახალი შემოღობილი იყო, გაიქურდა.

„მიუხედავად წინააღმდეგობებისა და იმედგაცრუებისა, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და განვითარებას, რადგანაც გვინდა, რომ წარმატების მაგალითად ვაქციოთ ჩვენი საქმიანობა, გვინდა, რომ ბევრმა მოგვბაძოს და დაანგრიოს ის სტერეოტიპი, რაც ქალის გაძლიერებას და აქედან გამომდინარე, თითოეული ოჯახის კარგად ყოფნას უშლის ხელს“, – ამბობს ნატალია ცქიტიშვილი.

საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აამაღლებს სოფლად ქალების ცნობიერებას, შეცვლის მათ პასიურ დამოკიდებულებას და გარდაქმნის ცვლილებების აგენტებად, უპირველესი პირობაა ეკონომიკურად ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოებისთვის.

 

ავტორი: სოფი ფუტკარაძე.

პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.