ბლოგები / ეკონომიკაshe / კამპანიები / რა უნდა იცოდე - ეკონომიკაshe

რას ნიშნავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება?

2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მდგრადი განვითარების 17 მიზანი წარუდგინა სახელმწიფოებს. მეხუთე მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესებას გულისხმობს, მერვე მიზანი კი  სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტიული დასაქმება და ყველასათვის ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფაა. სახელმწიფოებმა ამ მიზნებს 2030 წლისთვის უნდა მიღწიონ და უდავოა, რომ ზემოთხსენებული ორივე მიზნის მიღწევა შეუძლებელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე.

განვითარებული მსოფლიოს მთავრობების დღის წესრიგში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თუმცა, საქართველოში ცოტას თუ აქვს წარმოდგენა, რას გულისხმობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. რას ნიშნავს ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ან სოციუმის დონეზე? ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შედეგად მხოლოდ ქალები მიიღებენ სარგებელს? რატომ მხოლოდ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და არა – მამაკაცების?

შეკითხვების ეს კასკადი ლეგიტიმურად ჩნდება, მაგრამ პასუხების პოვნა არ არის რთული.

ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერების დოქტორი ელიზაბეტ კლაცერი გვთავაზობს, ჯერ სიტყვა „გაძლიერება“ გავშიფროთ – გაძლიერება, ანუ ვინმესთვის ძალის/ძალაუფლების მიცემა რაღაცის გასაკეთებლად, რომელიც თავის მხრივ ახალ შეკითხვების ბადებს: რას ნიშნავს „ძალაუფლება“? გაძლიერება, ანუ ფლობდე ძალაუფლებას, აკეთო რა? ხშირად, ქალების ეკონომიკური გაძლიერება განიხილება კონკრეტული ქალებისთვის შესაძლებლობის მიცემის ჭრილში, მაგალითად: უნარ-ჩვევევის შეძენა, ტრეინინგები, საბანკო კრედიტი და/ან საკუთრების უფლება, ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე სამუშაო, ხოლო სტრუქტურული ბარიერები და ეკონომიკური ძალაუფლების ურთიერთდამოკიდებულება მეტწილად უგულებელყოფილია.

ასეთი მიდგომა გამორიცხავს ექსკლუზიურ ძალაუფლებას, განსაკუთრებით კი ეკონომიკაში, და სახელმწიფოს მიერ გენდერულ ბიუჯეტირებაზე აკეთებს აქცენტს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ,  ქალებისთვის ტრადიციულად მინიჭებული როლები უნდა შეიცვალოს ყველა დონეზე. ქალებისთვის წინასწარ განსაზღვრული სამუშაო ადგილები, რომელიც არც მაღალი შემოსავლის ქონის და არც კარიერული წინსვლის შესაძლებლობას მოიაზრებს, უკან უნდა მოვიტოვოთ და შევქმნათ ჯანსაღი მიდგომა, რაც გულისხმობს ძალაუფლების განაწილებას, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, სადაც ქალებს ექნებათ თანაბარი წვდომა უსაფრთხო და სუფთა გარემოზე, პიროვნულ და ფიზიკურ ხელშეუხებლობაზე.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე ნიშნავს გენდერულ მეინსტრიმინგს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს შესაბამის პოლიტიკებსა და პროგრამებში ქალებისა და კაცების მდგომარეობას, სიტუაციებსა და საჭიროებებს შორის განსხვავებების გათვალისწინებას. ეს არის პროცესი, რის ფარგლებშიც ხდება ყველა სფეროსა და ყველა დონეზე დაგეგმილი კანონმდებლობების, პოლიტიკებისა და პროგრამების შეფასება მათი გავლენის მიხედვით ქალებსა და კაცებზე. მის საბოლოო მიზანს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციუმის დონეზე ნიშნავს საშინაო შრომის თანაბარ განაწილებას, ქალების და კაცების თანაბარ ჩართულობას სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში, თანაბარ შესაძლებლობებს დასაქმების ადგილებზე, ისეთი მნიშვნელოვანი რესურსების განაწილებას, როგორიც არის დრო, სივრცე, ინფორმაცია და ფული, განათლება, ახალი ტექნოლოგიები, ჯანდაცვის მომსახურებები, საცხოვრებელი სახლი, ტრანსპორტი, დასვენება და ა. შ.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებიდან სარგებელს მიიღებენ არამხოლოდ ქალები, არამედ – კაცები და მთლიანად საზოგადოება. მსოფლიო ბანკის შეფასების მიხედვით, დასაქმებასა და მეწარმეობაში ქალების არათანაბარი მონაწილეობით მთლიანი შიდა პროდუქტის 11% იკარგება. შესაბამისად, დროა, ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, როგორც ცენტრალურ, ისე – ადგილობრივი ხელისუფლებების დონეზე, იმისათვის, რომ ვიცხოვროთ თანასწორ, ჯანსაღ და უკეთეს გარემოში, რომელიც ორიენტირებულია მომავალი თაობების მდგრად განვითარებაზე.

ავტორი: მორეტა ბობოხიძე.

პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.