პოლიტიკაshe

ესტონეთს ქალი პრეზიდენტი ჰყავს

რიიგიკოგუში, ესტონეთის პარლამენტში, ქვეყნის ისტორიაში პირველმა ქალმა პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა (Kersti Kaljulaid) საპრეზიდენტო ფიცი დადო. ამ ცერემონიის შემდეგ, იგი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ოფიციალურად შეუდგა მუშაობას.

კალიულაიდი პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც სექტემბერში არჩევნების ორმა ტურმა უშედეგოდ ჩაიარა: მასში მონაწილე ვერც ერთმა კანდიდატმა რიიგიკოგუში ხმათა ნახევრის მოგროვება ვერ შეძლო, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს.

ესტონეთში ქვეყნის პრეზიდენტს ძირითადად წარმომადგენლობითი ფუნქცია ეკისრება და გაცილებით ნაკლები უფლებამოსილება გააჩნია, ვიდრე პრემიერ-მინისტრს. კალიულაიდი ესტონეთის მეხუთე პრეზიდენტია. სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე იგი პარლამენტმა 3 ოქტომბერს აირჩია.

კერსტი კალიულაიდი ტარტუს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, პროფესიით ბიოლოგი. მას ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდებაც აქვს, როგორც კერძო კომპანიებში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, 2011 წლიდან კი European Court of Auditors-ში ტალინს წარმოადგენდა.