თანასწორობის პოლიტიკა

ესტონეთში შრომით ანაზღაურებაში გენდერულ სხვაობას ებრძვიან

ესტონეთში ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის საოცრად დიდი განსხვავებაა: ქალებს წლიურად  104 დღით მეტი მუშაობა უწევთ იმისათვის, რომ თავიანთი შრომისათვის, იგივე თანამდებობაზე, კაცების თანაბარი ხელფასი მიიღონ. წელს ქვეყანაში თანაბარი ხელფასების დღე 10 აპრილს აღინიშნება.

ესტონეთის პარლამენტის დეპუტატს მარიანე მიკოს (Marianne Mikko) დღევანდელი მდგომარეობა არა მხოლოდ გენდერულ უთანასწორობად მიაჩნია, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევადაც. „გამოდის, რომ ჩვენმა ქალებმა სამი თვით მეტი უნდა იმუშაონ, რომ მათი ხელფასები კაცებისას გაუტოლდეს. გენდერული სხვაობა ხელფასებს შორის ქალების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას უშლის ხელს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების შელახვასთან“, – განაცხადა მან. საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დეპუტატმა თითქმის რიტორიკული შეკითხვა დასვა: „როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს და ვინაა პასუხისმგებელი?“, კაცებს და ქალებს თანაბარი ხელფასები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

ესტონეთში ქალებისა და კაცების უთანასწორო ხელფასების თემა პირველად არ გაჟღერებულა. მაგრამ ამჯერად, შრომითი ანაზღაურების სფეროში სქესთა უთანასწორობის პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად, აქტივისტები საგანგებო მიმართვის ხელმოწერასა და ტალინის სავაჭრო ცენტრ Solaris-ში დებატების მოწყობას აპირებენ.

დღეისათვის, ესტონეთში ევროკავშირის მასშტაბით ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება აღინიშნება. ბოლო მონაცემებით, ეს სხვაობა 27%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც კაცი ერთ ევროს გამოიმუშავებს, ქალს იგივე შრომისთვის მხოლოდ 73 ცენტს უხდიან. ევროკავშირის ქვეყნებში, ამ სავალალო სტატისტიკაში ესტონეთი უკვე მრავალი წლის მანძილზე ლიდერობს. შარშან, ქვეყანაში შრომის ანაზღაურების სფეროში სხვაობა 28,3%-ს შეადგენდა, რაც 12%-ით მეტია ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე.

ესტონეთისგან განსხვავებით, დიდ ბრიტანეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომელიც 250-ზე მეტ თანამშრომლიან კომპანიებს თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაციის ღიაობას ავალდებულებს. ეს მონაცემები უკვე მომავალი წლის აპრილში იქნება ხელმისაწვდომი.

ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ შრომის ანაზღაურების მხრივ გენდერულ განსხვავებასთან ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკას 2025 წლისთვის დამატებით 150 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მოუტანს.

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში კაცებისა და ქალების ხელფასებს შორის სხვაობა საშუალოდ 18,1%-ს შეადგენდა.

„როდესაც პირველმა ქალმა დავიკავე შოტლანდიის პირველი მინისტრის თანამდებობა, ძალიან ამაღელვა გოგონებისა და ქალების ყურადღებამ, რომლებიც მიკავშირდებოდნენ, რათა ეთქვათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ეხილათ ქალი ქვეყანაში უმაღლეს თანამდებობაზე“, – განაცხადა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა და შოტლანდიის ეროვნული პარტიის თავმჯდომარემ ნიკოლა სტერჯენმა (Nicola Sturgeon).