თანასწორობის პოლიტიკა

ვარსკვლავები თავიანთ სივრცეებს სოციალურ ქსელებში ანტირასისტ აქტივისტებს დაუთმობენ

სელენა გომესმა და ლედი გაგამ თავიანთ ინსტაგრამ ექაუნთებზე გამოაცხადეს, რომ უახლოეს ხანში, მათ გადასცემენ იმ აქტივისტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც რასიზმის პრობლემებს ებრძვიან. ეს იმ მიზნით კეთდება, რომ ამ უკანასკნელთ თავიანთი გამოცდილებების შესახებ რაც შეიძლება, დიდ აუდიტორიაზე წვდომა გაუჩნდეთ. „ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, გავაკეთოთ მეტი, და ჩვენ იმით უნდა დავიწყოთ, რომ ვისმინოთ ღია გულითა და გონებით“, – განაცხადა სელენა გომესმა, რომელსაც 179 მილიონი გამომწერი ჰყავს. მის პლატფორმაზე პირველი ალიშა გარზა (Alicia Garza) გამოვიდა, მოძრაობა Black Lives Matter-ის თანადამაარსებელი და ორგანიზაცია Black Futures Lab-ის ხელმძღვანელი.

ლედი გაგამ, რომლის ანგარიშსაც 43 მილიონი გამომწერი ჰყავს, შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა: „ამიერიდან, რეგულარულად, მუდმივად, ჩემს ყველა პლატფორმაზე სოცქსელებში, გამოვაქვეყნებ ისტორიებსა და კონტენტს, ასევე ყველა საშუალებით შევუწყობ ხელს, გაჟღერდეს აფროამერიკელი საზოგადოების ხმა“. მანამდე, მომღერალმა უამრავ ორგანიზაციას შესწირა თანხები, რომლებიც იურიდიულ და საგანმანათლებლო მხარდაჭერას უწევენ აფროამერიკელ ტრანსგენდერ ადამიანებს, ქალებსა და გოგონებს, აგრეთვე ებრძვიან პოლიციის თავაშვებულობას.

ბევრმა ცნობილმა სახემ მოძრაობა Black Lives Matter-ს სხვადასხვა საშუალებებით გამოუცხადა მხარდაჭერა. ქსელებში პოპულარული გახდა ვიდეო, რომელშიც მსახიობი კეკე პალმერი პროტესტის მონაწილეებთან ერთად ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცებს სთხოვს, ანტირასისტულ პროტესტებს შეუერთდნენ. მართალია, ჯარისკაცებმა პოსტები ვერ დატოვეს, მაგრამ სოლიდარობის ნიშნად, დაიჩოქეს. მომღერალმა კანიე ვესტმა ორ მილიონ დოლარამდე გაიღო ჯორჯ ფლოიდ ჯიანეს გოგონას კოლეჯის ხარჯების დასაფარად, ასევე ბრეონ ტეილორისა და აჰმად არბერის ოჯახებისთვის ადვოკატების დასაქირავებლად, რომლებიც პოლიციის თავაშვებულობის მსხვერპლნი გახდნენ.

ლონდონის პროტესტებში მსახიობმა ჯონ ბოიეგამ თავის ემოციურ სიტყვაში განაცხადა: „ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვნიშნავდით. ყოველთვის წარმატებას ვაღწევდით, ყველაფრისდა მიუხედავად. ახლა სწორედ ამის დროა. არ ვაპირებ ლოდინს. არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა ჩემი კარიერა ამის შემდეგ, მაგრამ, ყველაფერი ეშმაკსაც წაუღია!“.

The Weeknd, ლიზო და ჯონ ლეჯლენდი იმ კამპანიაში მონაწილეობენ, რომელიც პოლიციის დაფინანსების შეკვეცასა და დაზოგილი თანხის განათლებაში, სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვაში გადატანას მოითხოვს.

მომღერალმა დევ ჰაინსმა, Blood Orange-ის ფსევდონიმით ცნობილმა, ნახევარი მილიონი დოლარი შეაგროვა The Movement For Black Lives-ის და The LGBTQ Freedom Fund-ის მხარდასაჭერად. „არასოდეს შეგეპაროთ ეჭვი საკუთარ თავებში. დაე იცოდეთ, რისი გაკეთება შეუძლია თქვენთვის საზოგადოებას, რომელიც მართლა გულწრფელად ზრუნავს თქვენზე – განაცხადა მან.