"საფარის" აქტივობები / პროექტები / სოციალური დახმარება

თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება – პროექტი სამცხე-ჯავახეთში სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად

„საფარის“ მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფებმა საკუთარი იდეები განახორციელეს. მათი მიზანი რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და თანასწორობის მხარდაჭერა იყო. იქამდე ამ ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ჩავატარეთ ტრენინგები, სადაც მათ ვასწავლეთ პრობლემების იდენტიფიცირება, ლობირება, ადვოკატირბეის ინსტრუმენტები და ა.შ. გარდა ამისა, ადგილობრივი აქტივისტებისთვის ჩავატარეთ თემატური ტრენინგები ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, იძულებით ქორწინებზე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე და ა.შ. აღნიშნული პროექტი „საფარმა“ და კოალიციამ თანაწორობისთვის ფონდი ღია საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტში ჩართულები იყვნენ ფოკისა და ტურცხის ახალგაზრდულ სათემო ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები – დემოკრატ მესხთა კავშირი და ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის, ასევე ერთი ადგილობრივი აქტივისტი, ქრისტინა კაზარიანი.

ფოკის ახალგაზრდული სათემო ცენტრის ორგანიზებით ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შემუშავდა ქართული ენის 2-თვიანი კურსი, შეიქმნა წიგნის კლუბი, ჩატარდა ფილმების ჩვენება და ტრენინგები ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შემდეგ თემებზე: ნატო და ევროკაშირი, დეზინფორმაცია, ლიდერობა, გემბლინგი, ბულინგი, ადამიანის უფლებები, გაცვლითი პროგრამები და ახალგაზრდული შესაძლებლობები და ა.შ.

ტურცხის სათემო ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით სოფელში შეიქმნა ქალთა კლუბი, ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი ახლაგაზრდებისთვის, ასევე საინფრომაციო შეხვედრები გენდერულ თანასწორობასა და ქალების როლის გაძლიერებაზე. აქტივობებში ჩართულები იყვნენ არა მარტო ახალგაზრდები, არამედ სოფლის მთელი მოსახლეობა.

დემოკრატ მესხთა კავშირის ინიციატივით რეგიონში შეიქმნა გენდერის კლუბი, რომელიც დაკომპლექტდა ადგილობრივი აქტიური ახალგაზრდებით. მათი ნაწილი გადამზადდა თანასწორგანმანათლებლად, რომლებმაც ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა სოფლის სკოლაში. ჯამში, გენდერულ თანასწორობაზე, ადრეულ ქორწინებაზე, გოგონათა და ქალთა უფლებებზე, რეპროდიქციულ ჯანმრთელობაზე და სხვა მომიჯნავე თემებზე ჩატარებულ ტრენინგებს დაესწრო 200-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა.

ორგანიზაციამ – ახაგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის ნინოწმინდაში საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ გამოკვეთა ორი საკითხი – არაფორმალური საგანმანათლებლო და კულტურული სივრცის საჭიროება მუნიციპალიტეტში და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციისთვის დამატებითი სივრცეების შექმნა. ორგანიზაციამ დაიწყო ამ საკითხების ადვოკატირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და უზრუნველყო ამ პროცესში ქალების ჩართულობა.

ქრისტინა კაზარიანის პროექტი შეეხებოდა ახალგაზრდების გაძლიერებას. მათი ინტერესებისა და საჭიროებების გამოკვეთს შემდეგ, ქრისტინამ დააორგანიზა ტრენინგები და საინფრმაციო შეხვედრები, რომლებსაც ჩაერთო ათობით ახალგაზრდა რეგიონის მასშტაბით.