"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „საფარის“ საჩივარი ადევნებაზე დამცავ ორდერში ცვლილების შეტანის თაობაზე დააკმაყოფილა

2012 წლიდან, ნ. ა-ს  მიმართ სრულიად უცხო ადამიანი, უცნობის სტატუსის მქონე მამაკაცია ადევნებული. მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოებისადმი არაერთგზის მიმართვისა, ახალგაზრდა ქალი ფაქტობრივად დაუცველი რჩებოდა ამდევნებლის წინაშე, მხოლოდ  ოჯახის წევრების დახმარების იმედად. 5 წელზე  მეტია, რაც მსხვერპლი ამდევნებელი პირის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის (სისტემატური, უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია) ქვეშ ცხოვრობს. აღნიშნული ვითარება იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას და მას ცხოვრების წესის შეცვლას აიძულებდა. კერძოდ, ის   გადაადგილდებოდა მხოლოდ  მამის  თანხლებით, რამდენიმეჯერ  შეიცვალა  სამსახური  და  კუთვნილი  ტელეფონის ნომრები, საღამოს  საათებში  სახლიდან  ვერ  გამოდიოდა და ა.შ. 

რამდენიმე თვეა, ნ. ა-ს ადვოკატირებას და იურიდიულ დახმარებას  ორგანიზაცია „საფარი“ უწევს. ორგანიზაცია „საფარის“ დახმარებით, ნ. ა-მ სამართალდამცავ  ორგანოებს მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გენდერული  ნიშნით ქალის მიმართ ადევნებას გულისხმობს.  

ორგანიზაციის აქტიური ჩართვის შედეგად, პოლიციამ ამოწერა  შემაკავებელი ორდერი ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობაზე, ხოლო 2017 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა დამცავი ორდერის თაობაზე. შედეგად, ადევნებულ მამაკაცს, 6 თვით აეკრძალა ნებისმიერი კომუნიკაცია მსხვერპლთან, თუმცა, ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა იარაღის ჩამორთმევა/იარაღის  შეძენის ლიცენზიის აკრძალვა. აღნიშნული გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო  სასამართლოში და სრულად იქნა დაკმაყოფილებული დაცვის მხარის მოთხოვნა იარაღის  აკრძალვის ნაწილში.

“საფარი”  კვლავ  განაგრძობს  მსხვერპლის  ინტერესების  დაცვას   წინასწარ  გამოძოიებასა  და  სასამართლოში.