ქალზე ძალადობა

თბილისი ქალთა მსოფლიო პროტესტის ტალღას შეუერთდა

შაბათს, 21 იანვარს, ვაშინგტონში ასეულობით ათასი ადამიანი შეუერთდა „ქალების მარშს“, რომელიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს საერთაშორისო საპროტესტო კამპანიის კულმინაციურ წერტილად იქცა.

ნავარაუდევი იყო, რომ მარშში დაახლოებით 200 000 ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს რიცხვი 500 000-მდე ავიდა.

ვაშინგტონის მარშის სოლიდარობის ნიშნად, პროტესტის აქციები გაიმართა სიდნეიში, ლონდონში, პარიზსა და ბარსელონაში. საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 700-მდე მსვლელობა გაიმართა.

მარშის ორგანიზატორებმა, რომელთა შორის მემარცხენე პარტიების, ფემინისტური და მწვანე მოძრაობების აქტივისტები მრავლად იყვნენ, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ქალთა უფლებების პრობლემაზე გადაწყვიტეს, რომელიც, მათი აზრით, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის გამო საფრთხეში აღმოჩნდა.

მარშის მონაწილეთა დიდ ნაწილს თავზე მჭახე ვარდისფერი ქუდი ამშვენებდა, რაც 2005 წლის ჩანაწერების ერთგვარი შეხსენება იყო, სადაც ტრამპი ქალების ინტიმურ ადგილებზე საკუთარი შეხებების შესახებ საუბრობდა. აქციის მონაწილეები ქუჩაში ასევე რასობრივი ჩაგვრის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და აბორტის უფლების საკითხების გამო გავიდნენ.

მარშს ბევრი ცნობილი სახე შეუერთდა, რომელთა შორისაც უყვნენ: მომღერალი კეტი პერი, მსახიობები: სკარლეტ იოჰანსონი, ემი შუმერი და პატრისია არკეტი, აგრეთვე რეჟისორი მაიკლ მური.

პოპ სცენის საკულტო ფიგურამ მადონამ, მსვლელობაში მონაწილეობის გარდა, მკვეთრი განცხადებებიც გააკეთა. „დიახ, მე აღშფოთებული ვარ. დიახ, მე თეთრი სახლის აფეთქებაზეც მიფიქრია“, – განაცხადა მან აქციაზე.

ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლიბერალურად განწყობილი მოსახლეობის სასტიკი რისხვა მაშინ დაიტეხა თავს, როდესაც ქალების, მექსიკელებისა და მუსლიმების მიმართ საკუთარი უარყოფითი განწყობა დააფიქსირა. მის მიერ გაჟღერებულმა პრინციპმა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ამერიკის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ადამიანებიც არანაკლებ საგონებელში ჩააგდო.

„გასული წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკამ შეურაცხყო, დემონიზება გაუკეთა და დაემუქრა ბევრ ჩვენთაგანს. ვაშინგტონის ქალთა მარში მკვეთრი მესიჯია ახალი მთავრობისთვის მისი მოსვლის პირველივე დღეს, აგრეთვე მთელი მსოფლიოსთვის, რომ ქალთა უფლებები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

რასაკვირველია, ქალთა მსოფლიო მარშს თბილისშიც შეუერთდნენ. მარში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქალების მარში თბილისში ახალი გლობალური მოძრაობის ნაწილია, რომელიც მიზნად ქალთა უფლებების დაცვასა და განმტკიცებას ისახავს.

მარი კურტანიძე

„მიუხედავად იმისა, რომ მარში ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის სექსისტურ-მიზოგინური რიტორიკით და წინასაარჩევნო კამპანიით იყო ინსპირირებული, აღნიშულ აქციას გაცილებით უფრო ფართო მიზანი ჰქონდა. იგი ზოგადად ქალთა უფლებებს და გენდერულ თანასწორობას ეძღვნებოდა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა და მისმა კაბინეტმა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაინახონ, რომ ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, გენდერული თანასწორობისკენ წინსვლა შეაფერხონ და რომ ჩვენი უფლებებისთვის ვიბრძოლებთ. მოხარული ვარ, რომ მარშის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება მომეცა. ჩემი სიტყვის ძირითადი მიზანი იყო იმის ხაზგასმა, რომ თანასწორობისთვის ბრძოლას ვერ მოვიგებთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა ყველა შესაძლო პლატფორმა გამოვიყენოთ, რათა ხმა მივაწვდინოთ ერთმანეთს, საზოგადოებას, სახელმწიფოს, ვიყოთ რაც შეიძლება ხმამაღალნი.

ასევე, მე ხაზი გავუსვი სოლიდარობის მნიშვნელობას და იმის გააზრებას, რომ ქალები ჰომოგენური ჯგუფს არ წარმოვადგენთ.  ქალები განვსხვავდებით ერთმანეთისგან – მივეკუთვნებით განსხვავებულ სოციალურ ფენას, გვაქვს განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობა, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური მრწამსი. ეს განსხვავებულობები ხშირად, ჩვენს სოციუმში დამატებით ბარიერებს ქმნის და დამატებითი, მრავალშრიანი დისკრიმინაციის საფუძველი ხდება. ბრძოლა თანასწორობისთვის დასაწყისშივე განწირულია მარცხისთვის, თუკი ჩვენ ამ განსხვავებულობებს არ ვაღიარებთ და მრავალშრიანი ჩაგვრის მიმართ ბრმა ვიქნებით. აუცილებელია, რომ ქალთა უფლებებისთის ბრძოლაში ისმოდეს იმ ქალების ხმა, რომლებიც დამატებით ბარიერებს აწყდებიან. ჩვენს სოციუმში ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინირებულ ჯგუფს ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარ ქალები წარმოადგენენ. ისინი უპირისპირდებიან არა მხოლოდ პატრიარქატს, არამედ ასევე ჰეტერონორმატიულობას და ხდებიან გასაკუთრებული თავდასხმის და სიძულვილის საგანი.

აუცილებელია, რომ ნებისმიერი მოძრაობა იყოს ინკლუზიური და აჟღერებდეს განსხვავებული ქალების განსხვავებულ საჭიროებებს. მარშის ერთ-ერთი იდეაც სწორედ ეს იყო, და მადლობელი ვარ, რომ ამის სიტყვაში გაჟღერების საშუალება მომეცა“, – განაცხადა ადამიანის უფლებების აქტივისტმა მარი კურტანიძემ, რომელიც თბილისის აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

ფოტოები: Dragonhead Photography