ბლოგები

თვითმკვლელი გოგონები

ბაია პატარაიას ბლოგი

“მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა გადაღებულ იფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, 22 წლის ბრალდებულმა  გოგოს დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო”. ნეტგაზეთი, 18.08.2018  

 

16 წლის გოგონამ თავი მოიკლა…

რას ფიქრობენ სხვა 16 გოგონები ამ ამბავზე?

იქნებ თვლიან, რომ რთულ მდგომარეობაში, როცა ვიღაც მოძალადე კუთხეში მიგიმწყვდევს და გაშანტაჟებს, თვითმკვლელობა კარგი გამოსავალია?

იქნებ ფიქრობენ, რომ თვითმკვლელობა რომანტიკულია და ამით სათანადოდ დაისჯება მოძალადეც, მშობლებიც, რომლებსაც საკუთარი პრობლემის თქმა ვერ გაუბედეს, მეზობლები და ამხანაგებიც, რომელთა გაკიცხვაც აშინებდათ?

რას ფიქრობენ მშობლები, რომლებსაც 16 წლის გოგონები ჰყავთ?

იქნებ ფიქრობენ, რომ მათ შვილებს ეს არასოდეს დაემართებათ?

იქნებ ეშინიათ, რომ მათი ქალიშვილს მსგავსი პრობლემა არ შეექმნას და ამიტომ ყველაფერს უკრძალავენ, ყველაფერს უკონტროლებენ, არ აძლევენ ნაცნობ თუ უცნობ ბიჭებთან ურთიერთობის უფლებას?

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები?

ალბათ ფიქრობენ, რომ  არ არის საჭირო, სკოლაში ბავშვებს ვასწავლოთ ძალადობის ფარული ფორმების შესახებ.

იგივე პოლიტიკოსები თვლიან, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების აუცილებლობა არ დგას; მოზარდებიც თავისით უნდა გაერკვნენ ყველაფერში და სექსუალობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მარტონი გაუმკლავდნენ.

რას ფიქრობენ ამ საქმის პროკურორი და მოსამართლე?

ხედავენ კი, რომ ასეთი დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად გოგონები და ქალები არიან?

ხვდებიან კი, რომ ინტიმური ფოტოების გავრცელების ყველაზე მეტად ქალებს და გოგონებს იმიტომ ეშინიათ, რომ სწორედ მათ გაკიცხავენ, სწორედ მათ დაუძახებენ „ბოზებს“ და „გვარის შემარცხვენელს“, სწორედ მათ გამოყრიან სახლებიდან?

რა ვუთხრათ გოგონებს, რომ თავი აღარ მოიკლან?

იქნებ უნდა ვუთხრათ, რომ მათ აქვთ პირადი ცხოვრების ქონის უფლება, უფლება მოსწონდეთ ვიღაც, ეპრანჭებოდნენ მათ მიმოწერით, ფოტოებითა თუ ვიდეობით?
იქნებ უნდა ვუთხრათ, რომ არავის აქვს უფლება ისინი აშანტაჟონ პირადი ცხოვრების ამსახველი მიმოწერისა გავრცელებით?

იქნებ მათ უნდა ვასწავლოთ, რომ აუცილებელია პოლიციის ჩარევა, რომ სახელმწიფო დაიცავს მათ შანტაჟისაგან?

იქნებ უნდა ვასწავლოთ, რომ ენდონ საკუთარ მშობლებს და გაანდონ ის პრობლემები, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან?

იქნებ უნდა ვასწავლოთ, რომ არ შეუშინდნენ მოძალადე კაცებს, საკადრისი პასუხი გასცენ და ციხეში უკრან თავი დამნაშავეებს?

და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?

ჩვენ უნდა შევიყვაროთ ჩვენი შვილები.

კი არ  დავაშინოთ ბავშვები, არამედ – ვემეგობროთ, ვასწავლოთ თავდაცვა, დავეხმაროთ და მხარში დავუდგეთ, როცა მოძალადის პირისპირ აღმოჩნდებიან.

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ბავშვებს, განსაკუთრებით კი გოგონებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ვჩაგრავთ აკრძალვებით და შეზღუდვებით, მერე კი მარტოებს ვტოვებთ.