სექსუალური შევიწროება

კამპანია „რა მოხდა ქუჩაში“ თქვენს მონაწილეობას ელის

გუშინ, სტარტი აიღო სოციალურმა კამპანიამ „რა მოხდა ქუჩაში“, რომლის ფარგლებშიც, ადამიანები სექსუალური შევიწროების საკუთარ გამოცდილებაზე გვიამბობენ.

კამპანია კავშირი „საფარის“ მიერ სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებული იმ საკანონმდებლო და კვლევითი აქტივობის გაგრძელებაა, რომელიც ქვეყანაში ამ პრობლემის ირგვლივ ცნობიერების გაფართოებასა და მის საკანონმდებლო რეგულაციებში მოქცევას ისახავს მიზნად.

„რა მოხდა ქუჩაში“ ადამიანების პირადი გამოცდილებების ნარატივთა კრებულია, რის შესახებაც ისინი ძირითადად ანონიმური ფორმით საუბრობენ. სექსუალური შევიწროების გამოცდილება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში მსხვერპლის მხრიდან სხვადასხვაგვარად აღიქმება: ადამიანი შესაძლოა განიცდიდეს პროტესტის, ზიზღის, საკუთარი თავის დადანაშაულების, მომხდარის იგნორირების, სირცხვილის ან იმედგაცრუების გრძნობებს. ეს ისტორიები ნათელი დასტურია იმისა, რომ მათ, ვისაც ცხოვრებაში სექსუალური შევიწროების გამოცდილება ჰქონიათ, აუცილებლად სჭირდებათ ამ თემაზე საუბარი, ინფორმაცია, საკუთარი გამოცდილებების სხვებთან გაზიარება და პასუხი ყველა იმ შეკითხვაზე, რაც დღემდე აწუხებთ.

რესპონდენტების მონათხრობებთან შეერთება და საკუთარი გამოცდილების გაზიარება კამპანიის ფეისბუქ გვერდის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კამპანიასთან შეერთება სოციალურ ქსელ ფეისბუქზე შესაძლებელია მისი ჰეშთეგების: #ნუმოითმენ #მომიყევი #რამოხდაქუჩაში გამოყენების მეშვეობითაც. თუ ანონიმურობასთან გექნებათ პრობლემა, გთხოვთ, თქვენი ისტორია მოგვწეროთ კამპანიის „რა მოხდა ქუჩაში“ ფეისბუქ გვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე shorenagabunia2@gmail.com. ამ შემთხვევაში, ჩვენ მას ანონიმური სახით გამოვაქვეყნებთ.