თანასწორობის პოლიტიკა

კვლევა: 6 წლის ბავშვები უკვე გენდერული სტერეოტიპებით აზროვნებენ

ილინოისის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ლინ ბიანმა (Lin Bian) და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი სიმპიანმა (Andrei Cimpian) დაადგინეს, რომ ექვსი წლიდან, გოგონები ინტელექტუალურ აქტივობას საკუთარ სქესთან უფრო და უფრო იშვიათად აიგივებენ და გაურბიან მის დემონსტრაციასთან დაკავშირებულ აქტივობებს. კვლევის შედეგების შესახებ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრესრელიზი გვიამბობს.

მიუხედავად იმისა, რომ მითი ქალებთან შედარებით კაცების უსაზღვრო ინტელექტუალური უნარების შესახებ უკვე წარსულს ჩაბარდა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მას მაინც დიდი გავლენა აქვს ქალების პროფესიულ ამბიციებზე. მაგალითად, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ კაცები გაცილებით მარჯვედ უმკლავდებიან მათემატიკურ ამოცანებს, ვიდრე ქალები, საბოლოო ჯამში ქალების მხრიდან ამ სფეროს მიმართ დაინტერესებას აქრობს. მაგრამ, სტერეოტიპებით გაჯერებულია არა მხოლოდ წარმოდგენები ამა თუ იმ სქესის ადამიანთა კონკრეტული უნარების შესახებ, არამედ ზოგადად მათი ინტელექტის შესახებ. „ჩვენი საზოგადოება, როგორც წესი, ინტელექტუალურ წარმატებებს ძირითადად კაცების უპირატესობად მიიჩნევს. ამგვარი წარმოდგენები ქალებს იმ სამუშაო ადგილებისგან განიზიდავს, რომელიც განსაკუთრებულ ინტელექტს მოითხოვს. ჩვენ გვინდოდა, გაგვერკვია, თუ როგორ არიან ჩათრეულნი მცირეწლოვანი ბავშვები ამ სტერეოტიპებში“, – ამბობს ლინ ბიანი.

მეცნიერებმა 5-დან 7 წლამდე ბავშვები სხვადასხვა ექსპერიმენტებში ჩააბეს. ერთ-ერთი მათგანი მათთვის იმ ადამიანის შესახებ ისტორიის მბობას გულისხმობდა, რომელიც „მართლაც უჭკვიანესი იყო“. ამის შემდეგ, ბავშვებს სთხოვდნენ, გამოეცნოთ, 4 უცნობს შორის (2 ქალი, 2 კაცი), რომელ მათგანზე იყო საუბარი. კვლევის ავტორებმა აგრეთვე ბავშვებს იმის გამოცნობა სთხოვეს, თუ ვინ იქნებოდა სხვადასხვასქესიან წყვილში „ყველაზე, ყველაზე ჭკვიანი“.

კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ 5 წლის ასაკის გოგონები და ბიჭები ამ „საზრიან ადამიანად“ საკუთარი სქესის წარმომადგენელს ასახელებდნენ, მაგრამ უკვე 6-7- წლის გოგონები უკვე ბიჭებთან შედარებით ამ თვისებებს საკუთარ სქესს ნაკლებად მიაწერენ. პასუხებში ეს ასაკობრივი განსხვავებები საერთო იყო სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და რასობრივ-ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ ბავშვებში.

ექსპერიმენტების სხვა ნაწილში, მეცნიერებს იმის დადგენა სურდათ, აისახებოდა თუ არა ეს წარმოდგენები ბავშვების ინეტრესებზე. ამისათვის, უკვე სხვა ჯგუფში, 6-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ორი თამაში შესთავაზეს: „ყველაზე, ყველაზე ჭკვიანებისთვის“ და „ყველაზე, ყველაზე მონდომებულებისთვის“. ამ თამაშების სიუჟეტი და წესები ერთმანეთს ძალიან გავდა. დასასრულს, მეცნიერები ბავშვებს ეკითხებოდნენ, თუ რამდენად მოეწონათ მათ ეს თამაშები.

შედეგებმა აჩვენა, რომ გოგონები ნაკლებად დაინტერესებულნი იყვნენ „ყველაზე ჭკვიანებისთვის“ განკუთვნილ თამაშებით, მიუხედავად იმისა, რომ თამაში „ყველაზე მუყაითებისთვის“ არანაირად არ იყო განკუთვნილი „სხვა“ სქესის ბავშვებისთვის.

„ადრე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ზრდასრული ქალებიც 6-7- წლის გოგონების მსგავსად იქცევიან – არ ილტვიან იმ სფეროებისკენ, რომელიც, როგორც მიიჩნევა, „ინტელექტის ბრწყინვალებას“ მოითხოვს, და ეს სტერეოტიპები გოგონების არჩევანზე სულისშემძვრელად ადრეული ასაკიდან მოქმედებს“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი სარა-ჯეინ ლესლი (Sarah-Jane Leslie).

გენდერული სტერეოტიპები, რომლის თანახმადაც კაცებს გაცილებით დიდი უნარები და ნიჭი აქვთ, ვიდრე ქალებს, ბავშვებზე უკვე 6 წლიდან მოქმედებს, მიაჩნიათ ამერიკელ სოციოლოგებს. ამ ასაკიდან გოგონები თანდათანობით სცილდებიან „ძალიან ჭკვიანი ბავშვებისთვის“ სავარჯიშოებს და ბიჭებთან შედარებით სულ უფრო და უფრო ნაკლებად დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ შესაძლებელია, მათი სქესის წარმომადგენელებს არაჩვეულებრივი ინტელექსტი ჰქონდეთ.

დღეისათვის, კავშირი სქესთან და ინტელექტის საშუალო დონესთან არ მტკიცდება. უფრო მეტიც: ისრაელის, შვეიცარიისა და ამერიკის ნეიროფიზიოლოგთა დიდი ჯგუფი, 1400 კაცისა და ქალის სტრუქტურული მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემების საფუძველზე, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამა თუ იმ სქესისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებით სპეციფიკური თვისებები არ არსებობს. მეცნიერები ამბობენ, რომ თითოეული ინდივიდის ტვინი იმ მახასიათებლების „მოზაიკას“ წარმოადგენს, რასაც ჩვენ „უპირატესად ქალურს“ ან „უპირატესად კაცურს“ ვუწოდებთ, და ორივე სქესში სრულიად თანაბრად გვხვდება.