კოალიცია თანასწორობისთვის / სექსუალური შევიწროება

„კოალიცია თანასწორობისთვის” სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებს

დღეს, “კოალიციამ თანასწორობისთვის” განცხადება გაავრცელა.

კოალიცია თანაწორობისთვის’’ ეხმიანება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის, მიერ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ძალადობის სხვა ფორმებს, რომლებიც გამოვლინდა სოციალური ქსელის, მედიისა და კოალიციის წევრი ორგანიზაციების დაზარალებულებთან შეხვედრის მეშვეობით. კოალიციას სურს მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოს სექსუალური შევიწროების ყველა მსხვერპლ ქალს და მოუწოდოს მათ სამართლებრივი საშუალებების გამოყენებისკენ. კოალიციას მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოაშკარავება და მათზე სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია ქალთა დისკრიმინაციის ამ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და დაფარულ ფორმასთან საბრძოლველად.

სექსუალური შევიწროება არის „სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.’’ კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ მოპოვებული და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს შევიწროების არა ერთეულ, განცალკევებულ ფაქტებს, არამედ სხვადასხვა ქალის მიმართ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ინტენსივობით განხორციელებულ სავარუდო შევიწროებასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქმედებებ,ი როგორც წესი, ხორციელდებოდა სოციალური ქსელით ან/და პირად რეალურ სივრცეებში, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობისა და ძალაუფლების გამოყენებით (მათ შორის, თანამშრომლის მიმართ). ზოგიერთ შემთვევაში მსხვერპლები უთითებენ არასასურველი ინტიმური და ფიზიკური შეხების ფაქტებს. მთლიანობაში მსგავსმა მოპყრობამ მსხვერპლს ქალებს სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემო შეუქმნა და ზოგიერთ მათგანში ტანჯვისა და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა.

სექსუალური შევიწროება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური მექანიზმი, რომელიც ემსახურება ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობის შენარჩუნებას, ლახავს მათ ღირსებას, ხელს უშლის მათი პოტენციალის სრულ განვითარებას, შრომითი ურთიერთობების დაწყებასა და შენარჩუნებას. სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სანქციას არ ითვალისწინებს, შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლებისთვის უკავშირდება სტიგმასა და ხშირ შემთხვევაში ხდება თავად მსხვერპლების დადანაშაულება, ამგვარი ქმედებები სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება და ქალები ამჯობინებენ არ ისაუბრონ შევიწროების ფაქტებზე.

სექსუალური შევიწროების ფაქტის შეფასება უმეტესწილად ხდება მამაკაცის აღქმისა და სტანდარტების ტესტის გათვალისწინებით. შედეგად იგი ხშირ შემთხვევაში მიიჩნევა ქალთა და მამაკაცთა ურთიერთობის მისაღებ ფორმად, რაც ახდენს ქალის მიერ განცდილი ფსიქოლოგიური ზიანის გაუფასურებას. აღნიშნული მიდგომის გამყარება სახელმწიფოს კანონმდებლობითა და პრაქტიკით წარმოადგენს ქალის დისკრიმინაციის ფორმას.

ამასთანავე ვეხმაურებით ისტორიების გასაჯაროების შედეგად სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესაძლო დარღვევის საკითხს. აღვნიშნავთ, რომ გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის თანახმად, გენდერული ძალადობის შემთხვევაში, სავარაუდო მოძალადის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სხვა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ქალის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის უფლებას. არსებითია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის სენსიტიურ შემთხვევებზე საუბრის დროს ყველა ზომა იქნეს მიღებული, რათა არ მოხდეს მსხვერპლ ქალთა ხელახალი ვიქტიმიზაცია სავარაუდო მოძალადეს უფლებების დაცვის კონტექსტში.

კოალიცია მიმართავს სახალხო დამცველს მსხვერპლთა კონფიდენციალობის დაცვით შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების ყველა შემთხვევა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში.

კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რათა ევროკავშირის დირექტივებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის თანახმად (სტამბოლის კონვენცია), სექსუალური შევიწროება კანონმდებლობით აღიაროს დისკრიმინაციის ფორმად, რაც შექმნის სასამართლოსთვის მიმართვის მკაფიო შესაძლებლობას.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ყველა ქალს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განიცადა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, ომბუდსმენის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანის წარდგენის შემდეგ, ქალთა მოძრაობის ათამდე წევრი დევდარიანის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების, ზოგ შემთხვევაში კი ძალადობის შესახებ ალაპარაკდა.

მართალია, ფართო საზოგადოებისთვის კონკრეტულმა ქალებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს, თუმცა, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ სახალხო დამცველთან. ნინო ლომჯარია მათ დღეს შეხვდა. ცნობილი გახდა, რომ ამ ფაქტებს იგი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის, დისკრიმინაციის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში.

“აღსანიშნავია, რომ სავარაუდო შემთხვევათა შესახებ სახალხო დამცველისთვის მხოლოდ კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ქალთა მოძრაობამ საჯარო განცხადება გაავრცელა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკითხის მნიშვნელობას, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო შემთხვევა და მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს მიმართონ სახალხო დამცველის ოფისებს ანდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზზე 1481. სახალხო დამცველი აგრძელებს მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს, დაიწყონ მუშაობა სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად. ამასთან, დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციისთვის, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ ან ფიზიკურ ქმედებას, რომელიც პირს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან/და ულახავს ღირსებას”, – წერია სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებაში.