სექსუალობა / სტატიები

ლენა დანჰემი ბოდიპოზიტივსა და ქალთა უფლებებზე

ამერიკულ ტელეარხზე HBO, 12 თებერვალს სერიალ „გოგონების“ (Girls) ბოლო, მეექვსე სეზონი დაიწყო. ფინალური სეზონის გამოსვლის წინ, სერიალის რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა ლენა დანჰემმა (Lena Dunham) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, იგი სერიალის გაგრძელებას სრულმეტრაჟიანი ფილმის სახით გადაიღებს. გარდა ამისა, დანჰემი ფემინისტურ რესურსს, Lenny Letter უძღვება, იგი აგრეთვე ბოდიპოზიტიურ ფოტოსესიებში მონაწილეობს და მკაცრად აკრიტიკებს დონალდ ტრამპს.

– როგორ ფიქრობთ, სერიალმა „გოგონებმა“ ახალ თაობაზე გავლენა იქონია? ამის გამო პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ?

– დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სერიალი ქალებს სირცხვილის იმ გრძნობის დაძლევაში დაეხმარა, რომელსაც ისინი საკუთარი წინააღმდეგობრივი ემოციების, ინტიმური ცხოვრების გამო გრძნობდნენ. თავისთავად, შოუს გმირი მიბაძვის საგანი არაა, და მე მათ საქციელზე პასუხს არ ვაგებ. მაგრამ, ჩემზე სხვა რამაა დამოკიდებული: რამდენად ზუსტად შემიძლია ქალის გამოცდილების გადმოცემა, მისი ამბის თხრობა. საბოლოო ჯამში, ეს მაყურებლის გადასაწყვეტია.

– სერიალის ბოლო სეზონი, ასე ვთქვათ, თავისებურ დროს გამოდის. რამდენად ასახავს იგი ამერიკელი საზოგადოების პრობლემებს, თუნდაც ქალთა უფლებების კუთხით?

– ვფიქრობ, რომ ქალთა უფლებებზე დღევანდელი დისკუსია იქამდე მიდის, რომ ამერიკელების გარკვეულ ნაწილს ქალთა ფუნდამენტური უფლებების არ სწამს. საქმე არა მხოლოდ საკუთარი სხეულის განკარგვას ეხება, არამედ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონობას, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას. საზოგადოებას ქალები სრულიად არაადეკვატური სტანდარტების მარწუხებში ჰყავს გამომწყვდეული. თითოეულ ქალს, რომელიც ამ სტანდარტების წინააღმდეგ წასვლას ბედავს, თავკერძას და ჯიუტის იარლიყი გარანტირებული აქვს. ქალებზე უდიდესი წნეხი მოდის, მათ უნერგავენ, რომ არანორმალურები არიან, მათ აიძულებენ, თავი იზოლირებულად და განმარტოებულად იგრძნონ მაშინ, როდესაც სინამდვილეში ყველაფერი რიგზეა.

სწორედ ამას ვებრძვით ჩვენს სერიალში: გამოხატულად ანტიტრამპულ პროპაგანდას არ ვეწევით, თუმცა, არსობრივად, ჩვენი შოუ კონტროლის მსგავსი იდეის წინააღმდეგ ილაშქრებს. ქალის ცხოვრება და სხეული კონგრესის საკონტროლებელი არ არის. სწორედ ამიტომ, ქალთა ბრძოლა და პრობლემები ყველას გვეხება. ახლა მხოლოდ ქალთა უფლებების შეზღუდვის მცდელობები არ მიმდინარეობს, აქ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ იბრძვიან, ვინც სხვანაირად ფიქრობს და გამოიყურება. ეს ჩემთვის სრულიად ანტიამერიკული პოზიციაა – ამერიკა თავისუფლების პრინციპებზე დაფუძნდა და ახლა ამ თავისუფალ აზროვნებას ვკარგავთ.

რა თქმა უნდა, იმის პრეტენზია არ მაქვს, რომ სერიალის ფინალური სეზონი პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის გზაა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ იგი რამეზე მაინც დააფიქრებს, ბოლოს და ბოლოს, გააცინებს ადამიანებს. ჩვენ ახლა ეს ძალიან გვჭირდება.

– როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ „გოგონების“ თაობამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო?

– ალბათ, კონკრეტულად იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ თეთრკანიანი ქალების დიდმა პროცენტმა ტრამპი აირჩია. მათ ხმა საკუთარი ინტერესების, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, ტრანსგენდერი, მუსლიმი დების წინააღმდეგ მისცეს. პირადად მე მეჩვენება, რომ ამ ქალებს ოჯახში ერთ რამეს ასწავლიდნენ: არაფერს ნიშნავს მათი შეხედულებები, უფლებები და სხეული. მეც რომ სხვა ვითარებაში გავზრდილიყავი, დედაჩემი რომ ფემინისტი არ ყოფილიყო, მამა ტრამპის მხარდამჭერი ყოფილიყო, ძმა – აბორტების მომხრე და ჩემს ბოიფრენდს ჩემი სხეულისა და გრძნობების პატივისცემა არ ჰქონოდა, – არც კი ვიცი, ვის მივცემდი ხმას. ვფიქრობ, რომ დროა, ამ ქალებს ხელი გავუწოდოთ და გავაგებინოთ, რომ მათ გაცილებით მეტის უფლება აქვთ.

– ერთხელ აღნიშნეთ, რომ „გოგონების“ გადაღება იმის გამოც გადაწყვიტეთ, რომ ჰოლივუდში სექსი მუდმივად არარეალისტურად არის ასახული?

– როდესაც ვხედავდი, როგორ არადამაჯერებლად იყო გადაღებული ჰოლივუდურ ფილმებში სექსის სცენები, სურვილი მიჩნდებოდა, ეს სურათი რამენაირად შემეცვალა. კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ სექსის ალბათ ყველაზე უცნაური, უხერხული და მართალი სცენები გადავიღეთ, რაც კი ტელევიზიით ოდესმე უჩვენებიათ.

– პორნოკრიტიკოსის გამოცდილება იგრძნობა…

– პორნოზე რეცენზიებს დიდი ხნის წინ ვწერდი, კოლეჯში. პრობლემა იმაშია, რომ ჩემგან პორნოფილმების საშუალო კრიტიკოსი გამოვიდა, რადგან პორნო სრულიად არ მომწონს. როდესაც მას ვუყურებ, ცუდად ვხდები და ერთი აზრი არ მასვენებს: ნუთუ ესენი აქ თავისი ნებით მონაწილეობენ? ამ დროს მუდმივად თან მდევს შეგრძნება, რომ ქალებს ექსპლუატაციას უწევენ.

– ბოდიპოზიტივის იდეის აქტიური მხარდამჭერი ხართ, პირადი მაგალითითაც კი. თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ქალის სხეულისადმი და სილამაზის სტანდარტებისადმი დამოკიდებულება სერიალის მიმდინარეობის პროცესში?

– მიხარია, რომ ყველაფერი სილამაზის მრავალფეროვნების, რეალური ქალებისა და რეალური სხეულების დაფასებისკენ მიდის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც. მაგალითად, პლუს საიზ მოდელების ინდუსტრიის მზარდი ტემპი თითქოს ფორმალურად კარგის ნიშანია, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ ეს ქალები უჩვეულოდ ლამაზები კი არიან, მაგრამ მაინც მოდელები არიან. მათ მოდელებივით აცვიათ, სრული მაკიაჟის თანხლებით, და მოდელების ყველა შესაძლებლობა გააჩნიათ.

სინამდვილეში, საჭიროა „ჩვეულებრივი“ ქალების სხეულის ნორმალიზება, ქალებისა, რომლებსაც ჟურნალებში არ იღებენ, რომლებსაც თეთრეულის იდეალური კომპლექტს არ აცმევენ, ვის მაკიაჟზეც ვიზაჟისტი არ მუშაობს, მისი ღირსებების სრულად ხაზგასასმელად. მშვენიერების აღქმა ჩვეულებრივშიც უნდა შეგვეძლოს. თუმცა, ამით სულაც არ ვაუფერულებ ბოდიპოზიტივის მოდელების დამსახურებას. ვაღმერთებ ეშლი გრემსა და ტარა ლინს, ისინი მართლაც საოცრებები არიან, მაგრამ მეჩვენება, რომ ნამდვილ გარღვევას ინსტაგრამელი გოგონები ახდენენ, რომლებიც ამბობენ: „სულაც არ მედარდება, რომ კოსმეტიკის გარეშე ან ცელულიტიანი სხეულით მიხილავენ“. რაღა თქმა უნდა, ამაში დიდი სიძლიერეა.

– თავად თქვენ როგორ ეკიდებით იმ ფაქტს, რომ თქვენს გარეგნობას მუდმივად აფასებენ და აკრიტიკებენ?

– მართალი გითხრათ, მიმიფურთხებია ამისთვის. მე სხვა პრობლემები მაღელვებს. ამიტომაც, რეაგირებას მხოლოდ არსებით კრიტიკაზე ვახდენ. სულაც არ მაინტერესებს იმ ადამიანის აზრი, რომელიც რატომღაც დროს კარგავს და ჩემს სხეულს აკრიტიკებს.