ქალზე ძალადობა

მარი ტრენტინიანის მკვლელი ბერტრან კანტა დაგეგმილი ფესტივალების სიიდან ამოშალეს

რამდენიმე დღის წინ, ქ. მონპელიეში, ბერტრან კანტას კონცერტის დაწყებამდე, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები, ქალთა უფლებადამცელები, კონცერტის მაყურებლებს მოუწოდებდნენ, ბილეთები უკან დაებრუნებინათ და მკვლელი როკერის კონცერტს არ დასწრებოდნენ. “ყველანი თანამონაწილეები ხართ!”, “ნუთუ არ გრცხვენიათ?”, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილენი.

გარდა იმისა, რომ ცნობილი ფრანგი მუსიკოსი იძულებული გახდა, მომავალი კონცერტები გაეუქმებინა, მისი სახელი ასევე ამოშალეს მომავალი საზაფხულო ფესტივალების სიიდანაც.

15 წლის წინ, ბერტრან კანტამ ვილნიუსში გადაღებებზე მყოფი მეუღლე, ცნობილი ფრანგი მსახიობი მარი ტრენტინიანი, ჟან-ლუი ტრენტინიანის შვილი, სასტიკად მოკლა. კანტა ლიტვის დედაქალაქშივე გაასამართლეს და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. შემდეგ, იგი საფრანგეთის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საბოლოო ჯამში, მუსიკოსმა 4 წელი მოიხადა.

მაყურებლების მხრიდან წამოსული ბოიკოტის საპასუხოდ, კანტამ განაცხადა, რომ მარი ტრენტინიანის ახლობლების ტკივილი კარგად ესმის, თუმცა, მან თავისი სასჯელი უკვე მოიხადა. თავის ფეისბუკ გვერდზე, მან დაწერა, რომ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, რეაბილიტაციის უფლება აქვს, რომ მარის სიკვდილიდან 15 წელი გავიდა, მასზე წნეხი კი კვლავ გრძელდება. კანტას თქმით, მას საფრანგეთში მუშაობის სრული უფლება აქვს, მის მსმენელებს კი – მის კონცერტებზე თავისუფლად დასწრების.

კანტას შემოქმედებითმა გააქტიურებამ გააღიზიანა ნადინ ტრენტინიანიც, მოკლულის დედა. მან მედიას განუცხადა, რომ მართალია, არ განსჯის კანტას თაყვანისმცემლებს, მაგრამ მას არ ესმის, როგორ დაავიწყდათ ადამიანებს “სისხლი, დარტყმები და ცრემლები”. ნადინს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, მოიხადა თუ არა სასჯელი დამნაშავემ, იგი სრულიად არ უჭერს მხარს მის საჯარო გამოსვლებს. “თანაც, მას არაფერიც არ მოუხდია! რვა წელი მიუსაჯეს და მხოლოდ ოთხი მოიხადა. არავის ახსოვს მარის დაობლებული შვილები და მისთვის მიყენებული დარტყმების რაოდენობა, არადა, მკვლელმა მას 23 დარტყმა მიაყენა!”, – ამბობს იგი.

მარი ტრენტინიანის მკვლელობის ამბის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.