ოჯახში ძალადობა / სტატიები / ქალზე ძალადობა

მარი ტრენტინიანის საზარელი სიკვდილის ისტორია

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან-ლუი ტრენტინიანმა (Jean-Louis Trintignant) კარიერა 2003 წელს დაასრულა. იმ მომენტისთვის, მისი მონაწილეობით გამოსულ ბოლო ფილმში „ჯენისი და ჯონი“ (Janis et John), იგი საკუთარ შვილთან, მარისთან ერთად მონაწილეობდა. მარი მამასთან ერთად ბევრ ფილმშია გადაღებული, იგი მის თეატრალურ დადგმებშიც მონაწილეობდა, მამის საყვარელი პარტნიორი იყო. 2003 წელს ჟან-ლუიმ ქალიშვილთან ერთად ბოლოჯერ წაიკითხა „პოემები ლუზე“ (Poèmes à Lou); 1 აგვისტოს ეს უკანასკნელი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ჟან-ლუი ტრენტინიანმა ბედის მეორე დარტყმას ვეღარ გაუძლო (1969 წელს მას შვილი პოლინი გარდაეცვალა) და კინო მიატოვა. ამ დეპრესიის გადაბიჯება მან მხოლოდ 9 წლის შემდეგ შეძლო, როდესაც მიხაელ ჰანეკეს (Michael Haneke) „სიყვარულში“ მონაწილეობას დათანხმდა.

მარი ტრენტინიანმა, ფრანგული კინოს ორი საკულტო ფიგურის – ცნობილი ფემინისტი რეჟისორსა და სცენარისტის ნადინ ტრენტინიანისა (Nadine Trintignant) და ჟან-ლუი ტრენტინიანის ერთადერთმა ქალიშვილმა, თავისი მომავალი ქმარი ბერტრან კანტა (Bertrand Cantat), ფრანგი როკვარსკვლავი ჯგუფ Noir Desir-იდან, 2002 წლის 3 ივლისს გაიცნო. ბერტრანი მუშათა გარეუბნის შვილი იყო, ნაკლები საერთო ჰქონდა ფრანგულ ბომონდთან, მაგრამ მან მარი თავისი სევდიანი სიმღერების გულწრფელობით მოხიბლა. როდესაც მარის 9 წელი შეუსრულდა, მისი წლამდე ასაკის და, პოლინი, გარდაიცვალა. ამის შედეგად მან ისეთი სტრესი მიიღო, რომ აღარც კი ლაპარაკობდა. შვილის ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად, დედამისს დაუღალავი შრომა დასჭირდა.

ბერტრან კანტა არა მხოლოდ კარგ მუსიკას წერდა, არამედ ფრანგი ახალგაზრდობის მემარცხენე კერპიც იყო. იგი გლობალიზაციის, რასიზმის, ლე პენის, ისრაელის წინააღმდეგ ილაშქრებდა. მისი ჯგუფის გაყიდული დისკების რაოდენობამ 6 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.

მარიმ და კანტამ ერთმანეთი ერთ-ერთ პარიზულ კაფეში გაიცნეს. მათი ურთიერთობა სულ რაღაც 6 თვეს გაგრძელდა. მარი 39-ის იყო, ბერტრანი კი 41-ის. როდესაც მარის იმჟამინდელმა ქმარმა, სამუელ ბენშეტრიმ (Samuel Benchetrit), ეს ამბავი გაიგო, მან მარის მაშინვე გაყრა შესთავაზა. „ბურჟუა“ ქალისა და „მეამბოხე“ კაცის რომანს მთელი საფრანგეთი გულშემატკივრობდა.

„ეს საოცარი სიყვარული იყო, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა. არასოდეს მსგავსი არაფერი განმიცდია. მარის მუდმივად ჩემ გვერდით ყოფნა სურდა. იგი უჩვეულოდ მომთხოვნი და მბრძანებლური იყო და მე მას სიხარულით ვემორჩილებოდი”, – განაცხადა მოგვიანებით ბერტრან კანტამ.

„კოლეტი“ (Colette) – ასე ერქვა ორსერიიან სატელევიზიო ფილმს, რომელსაც ლიტვის დედაქალაქში მარის დედა, ნადინ ტრენტინიანი იღებდა. მარი შესანიშნავი ფრანგი მწერალი ქალის, სიდონი-გაბრიელ კოლეტის (Sidonie-Gabrielle Colette)  როლს ასრულებდა, რომელიც თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდა. მარის თავისი პერსონაჟი ძალიან მოსწონდა.

ლიტვაში გადაღებების გამო, მარის და ბერტრანს ორი თვით განშორებამ მოუწია. როდესაც გადაღებების დასრულებამდე სულ რაღაც რამდენიმე დღე დარჩა, კანტამ 5 დღით მარის მონახულება გადაწყვიტა. როდესაც მარი მუშაობდა, ის ქალაქის ქუჩებში დახეტიალობდა.

ერთ-ერთი ღამით, ვილნიუსის იმ ოტელის მომსახურე პერსონალს, სადაც მარი იყო დაბინავებული, 2003 წლის 27 ივლისის ღამით მისი აპარტამენტებიდან ძლიერი ხმაური მოესმა. სართულის მორიგემ მარის ნომერში რამდენჯერმე დარეკა, მაგრამ ზარს არავინ უპასუხა. მაშინ იგი ნომერთან მივიდა და კარზე დააკაკუნა. კარი კაცმა გააღო, რომელმაც ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ ხმაური აღარ განმეორდებოდა.

ცოტა ხანში, ხმაური კვლავ განმეორდა და მალევე შეწყდა. დილის რვის ნახევარზე, სართულის მორიგე კვლავ შეაშინა მარი ტრენტინიანის ნომრიდან გამოსულმა ღრიალმა. უცებ, დერეფანში მარის აპარტამენტებიდან კაცი გამოვარდა, რომელიც ვენსანს, მარის ძმას, საშველად უხმობდა. იგი ყვიროდა, რომ მარის „უბედურება დაემართა“.

მარის ნომერში ოტელის პერსონალს საზარელი სურათი დახვდა: მსახიობი იატაკზე უგონოდ ეგდო. ირგვლივ ნამსხვრევებად იყო ქცეული არა მხოლოდ ძვირფასი ლარნაკები, არამედ მთელი ავეჯი. პორტიემ მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა, გონებადაკარგული მარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როდესაც პოლიციამ კანტა ზერელედ შეამოწმა, აღმოჩნდა, რომ იმ მომენტისთვის იგი სრულიად არაადეკვატური იყო. სასწრაფო დახმარებამ მას სისხლში უძლიერესი ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ნარკოტიკების სასიკვდილო დოზა აღმოუჩინა – როგორც ჩანს, მუსიკოსი თავის მოკვლას ცდილობდა. იგი იმავე კლინიკაში მიიყვანეს, სადაც მარი იწვა.

შემდეგი ამბები კოშმარულ სიზმარს ჰყავს. საავადმყოფოში დადგინდა, რომ კომაში მყოფ მარი ტრენტინიანს თავის ქალა ჰქონდა გაჩეხილი. ექსპერტიზის თანახმად, მან ამ მდგომარეობაში ხუთ საათზე მეტ ხანს დაჰყო. ამ დროის მანძილზე, დროული სამედიცინო დახმარების მიღების შემთხვევაში, მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო.

ნადინ ტრენტინიანი შვილის საწოლს არ მოსცილებია. მან პარიზიდან ვილნიუსში საუკეთესო ნეიროქირურგი მოიწვია, მაგრამ ოპერაციამ მდგომარეობა ოდნავადაც არ გააუმჯობესა.

ბერტრან კანტა საავადმყოფოდან პირდაპირ ვილნიუსის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც თავდაპირველად 48 საათით დააკავეს. პირველ დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ იმ ღამიდან აბსოლუტურად არაფერი ახსოვს. ლიტვურ პრესაში ინფორმაცია გაჩნდა, რომლის თანახმადაც, მარი ფანჯრიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს.

ჟან-ლუი ტრენტინიანი პარიზიდან ვილნიუსში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. იმავე დროს, ბერტრანის მხარდასაჭერად შარლ დე გოლის აეროპორტიდან ვილნიუსისკენ გაემართნენ ჯგუფი Noir Desir-ის წევრებიც. ისინი აეროპორტში ერთმანეთს შეხვდნენ. როკ-მუსიკოსებმა ჟან-ლუისთან საუბარი სცადეს, მაგრამ ამ უკანასკნელს არაფრის გაგონება არ სურდა.

მეორე დღეს, პარიზის სასამართლო ინსტანციაში ბერტრან კანტას წინააღმდეგ სარჩელი შევიდა. მარი პარიზში გადააფრინეს. ექიმებმა მის მშობლებს განუცხადეს, რომ მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ნადინ ტრენტინიანს მხოლოდ ერთი რამ სურდა, – რომ მისი შვილი სამშობლოში გარდაცვლილიყო.

კანტა, თავის მხრივ, ამბობდა, რომ თუ მარი მოკვდებოდა, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაამთავრებდა, მისი ადვოკატი კი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ამ ამბავს განზრახ მკვლელობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. „ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა სრულ ჭკუაზე არ ვიყავი, – ამბობდა კანტა, – მარისთან ერთად ვსვამდი, სხვა არაფერი მახსოვს“. პრესის მტკიცებით, მთელი ეს დრო იგი საშინელ მდგომარეობაში იყო, გაუჩერებლად ტიროდა და ამტკიცებდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.

ამ დროისათვის, ყველა დაიკითხა. მარის ოჯახს მიაჩნდა, რომ საღ გონებაზე მყოფმა კანტამ სიკვდილამდე სცემა მარი, შემდეგ კი ნარკოტიკებით გაიჭყიპა, რომ ყველაფერი უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა. კანტას ადვოკატი კი ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მხოლოდ ერთხელ ჰკრა ხელი მარის, „ამ ისტერიულმა ფურიამ კონფლიქტი თავად გააჩაღა“, რის შედეგადაც თავად დაეცა და კეფა კუთხეს ჩამოარტყაო. ჟურნალისტების მტკიცებით, მარი უსასტიკესად, მიზანმიმართულად  იყო ნაცემი და შემდეგ სასიკვდილოდ მიტოვებული.

სულ მალე, მარი გარდაიცვალა. საფრანგეთის ყველაზე წარმატებული მუსიკოსის კარიერა დასრულდა. თავდაპირველად მას „სხეულის დაზიანებების მიყენების“ მუხლი წაუყენეს, მაგრამ შემდეგ, ლიტვის გენპროკურატურამ მუხლი „განზრახ მკვლელობის“ ბრალდებით ჩაანაცვლა. მუსიკოსი ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მკვლელობა წინასწარ განზრახვით არ ჩაუდენია, და ჩადენილს ნანობდა.

თავდაპირველად, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მალე იგი საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ, 2007 წელს, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

2010 წელს, ბერტრანი კიდევ ერთი უბედურებაში გაეხვა: მისმა ყოფილმა ცოლმა, კრისტინა რადიმ (Kristina Rady), თავი ჩამოიხრჩო. გამოძიების თანახმად, ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც ბერტრანი შინ იმყოფებოდა და სხვა ოთახში ეძინა. გვამი სკოლიდან შინ დაბრუნებულმა ბავშვებმა აღმოაჩინეს.