ბლოგები / ქალზე ძალადობა

მე მქვია გადარჩენილი…

ბლოგპოსტის ავტორი: მარიამ ჯვართავა 

გამარჯობა. მე მქვია გადარჩენილი… ეს სახელი ავირჩიე იმიტომ, რომ ოდესღაც გადავურჩი სკოლას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს საზოგადოებას და სიკვდილს…

2013 წელს, როდესაც მეათე კლასს ვამთავრებდი და 15 წლის ვიყავი, ვსწავლობდი ბათუმის ერთ-ერთ სახელგანთქმულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც ერქვა “ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია”.

ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც გარდატეხის ასაკმა ჩემთან ძალიან დაიგვიანა და უცებ, 15 წლის ასაკში, დამატყდა თავს…

მოვხვდი ძალიან ცუდ სამეგობრო წრეში, მქონდა ენით აუწერელი შინაგანი პროტესტები, გარეგნობის ცვლილებები და ა.შ. – ყველაფერი, რაც გარდატეხის ასაკს ახასიათებს. ჩემი შავი ტანსაცმლით შემოსვა, თმის წითლად შეღებვა, თვალების შავი ფანქრით დაფერვა და ალაგ-ალაგ დახეული კოლგოტების ჩაცმა, იმ დროისთვის ყველაზე სახელგანთქმული სკოლისთვის, „უდიდესი ტრაგედია“ და „სატანიზმისკენ მიდრეკილება“ აღმოჩნდა. ჩემი ცხოვრების სტილის “გამოსწორებაში” მთელი სკოლა ჩაერთო. მიბარებდნენ, მსაყვედურობდნენ, მსჯიდნენ და ერთი სიტყვით, – მაბულინგებდნენ…

ისიც მითხრეს, რომ გამოსწორების მიზნით, გამაკონტროლებდნენ, რომ ყოველ შაბათ-კვირას ეკლესიაში მევლო, აღსარება ჩამებარებინა და ზიარება მიმეღო…

სკოლაში მომუშავე ადამიანები სრულიად უცოდინრები აღმოჩნდნენ ყველაზე მთავარ საკითხში – გარდატეხის ასაკში მყოფ მოსწავლესთან მიდგომებში. არაფრით ესმოდათ, რომ ამ დროს, ეკლესია არ არის საშველი…

ამ ყველაფერმა იმ შედეგამდე მიმიყვანა, რომ თვითმკვლელობა ვცადე – იმ დროს ეს ნამდვილად გამოსავალი მეგონა… წარმოიდგინეთ, იმ ასაკში ვიყავი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა, მაგრამ ამის ნაცვლად, სილას ვღებულობდი სახეში…

წარმოიდგინეთ, რამხელა ზეწოლა ხორციელდებოდა ჩემზე მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან და შემდეგ უკვე საზოგადოებისგან, რომელსაც, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩემი „ღრმად პატივსაცემი“ სკოლისგან ჰქონდა… იმის ნაცვლად, რომ მობილიზება მოეხდინათ, ჩაერთოთ პროფესიონალები და აღმოეფხვრათ პრობლემა, – ყველა პრობლემის გადაჭრის გზად მხოლოდ ეკლესიას აღიარებდნენ… მიბარებდა სხვადასხვა მასწავლებელი, რომელიც მორალს მიკითხავდა. რომელიც არა მეგობრულად, არამედ მტრულად მესაუბრებოდა და მე დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა…

დღეს რომ ცოცხალი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა იმ აუარებელი რაოდენობის ბრბოს ფონზე, რომელმაც ჩემი ნუგეშისცემა და გადარჩენა შეძლო… ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მკაცრად გადაწყვიტა ჩემი ჩამოშორება ბულინგით და სიძულვილით აღსავსე სკოლისგან, რომელიც ეცადა, გაეგო პრობლემა და შემდეგ იმოქმედა, იმოქმედა ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, იმოქმედა იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის მაინც მიეცა მაგალითი, თუ როგორ უნდა იყო ადამიანი, თუ როგორ უნდა დაიცვა მოზარდი…

ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ის თითოეული ჯოჯოხეთური დღე გამახსენა, რომელიც მ სკოლაში გამოვიარე 10 წლის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებულად მძიმე, მეათე კლასი აღმოჩნდა… წარმოუდგენელი ბულინგი, ლანძღვა, ცილისწამება, დაცინვა, ზიზღი და ათასი უბედურება გამოვიარე 15 წლის ბავშვმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გარდატეხის ასაკს ებრძოდა და ცდილობდა, თავი დაეძვრინა ამ სიტუაციიდან…

ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებს! შვილებს უნდა ჰქონდეთ მათი ნდობა და მათი იმედი… მაგრამ, ასევე, ძალიან დიდ როლს უნდა თამაშობდეს სკოლა, რომელიც შეიძლება ამ საშინელი ქმედების უმთავრესი მიზეზი აღმოჩნდეს…

15-16-17-18-19 წლის ასაკში უდიდესი ტკივილები გამოვიარე… გამოვცადე ტკივილი, რაც სუიციდის მცდელობას მოჰყვა…

განა დღეს არ მაქვს ფიქრები, მაგრამ მაინც იმას ვამბობ, რომ სიკვდილი არ არის გამოსავალი. ყოველთვის არსებობს გზა, რომელიც შვებამდე მიგვიყვანს… მე დღემდე ვიბრძვი. დღემდე ძიებაში ვარ, დღემდე მივდევ ბედნიერებას და მჯერა, რომ ერთ დღეს განათდება ყველაფერი და მეც ვიამაყებ საკუთარი თავით, რომ გადავურჩი ბნელ ფიქრებს, რომ გადავურჩი სიკვდილს და ვსუნთქავ – ჩემი მშობლებისთვის, ჩემი ადამიანებისთვის, ძალიან ცოტასთვის, მაგრამ მაინც..

ბავშვებო, ჩაებღაუჭეთ სიცოცხლეს და არასოდეს გაუშვათ იგი საკუთარი ნებით!