სექსუალური შევიწროება

მორიგმა „ქალთა მარშმა“ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართული გზავნილებით ჩაიარა

ერთი წლის შემდეგ, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, კვლავ ჩატარდა „ქალთა მარში“, რომლის პირველი აქციაც, შარშან, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ეძღვნებოდა. მარშის მონაწილეები კვლავ ქალთა უფლებების გაფართოებას მოითხოვენ და ტრამპის სექსისტურ და რასისტულ გამოსვლებს აკრიტიკებენ.

წლევანდელი „ქალთა მარში“ აშშ-ის საზღვრებს გასცდა და დიდი ბრიტანეთი, იაპონია, იტალია და სხვა ქვეყნებიც მოიცვა. მასში მონაწილეობა კვლავინდებურად მიიღეს ცნობილმა სახეებმა: ევა ლონგორიამ, ნატალი პორტმანმა, კამერონ დიასმა, ადელმა, ჯენიფერ ლოურენსმა, დრიუ ბერიმორმა, მილა კუნისმა, ეშტონ კატჩერმა, ნინა აგდალმა, პერის ჯექსონმა, ალისა მილანომ და სხვ.

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გავლენიანი ადამიანები ქალები იყვნენ – ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, მასწავლებლები, კოლეგები და კერპები. ქალებით ვარ შეპყრობილი, მათ ვაღმერთებ და ისინი დღითიდღე უფრო და უფრო მჭირდება. ქალობა მაბედნიერებს. ამ ცნების ქვეშ მხოლოდ ბიოლოგიურ სქესს კი არ ვგულისხმობ, არამედ – სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარსაც. ვიმედოვნებ, ჩემს ბიჭს კარგ ადამიანად გავზრდი: მინდა, ეს სამყარო ადამიანებისთვის უკეთესი იყოს“, – თავის Instagram-ზე დაწერა ადელმა.

წლევანდელი აქციების პოპულარული ტრენდი ისევ ვარდისფერი ქუდები იყო, რისი მეშვეობითაც აქციის მონაწილეებმა ტრამპის უტაქტო გამონათქვამები გააკრიტიკეს, ქალთა გენიტალიების შესახებ, და რომელიც ბოლო პერიოდში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

შაბათის საპროტესტო აქციებმა აშშ-ში მოძრაობების Time’s Up და MeToo ეგიდით ჩაიარა. ამიერიდან, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ წამოწყებული მასშტაბური კამპანიების გარეშე.

ერთ-ერთი მასშტაბური დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა ვიოლა დევისმა და სკარლეტ იოჰანსონმა. „გენდერული თანასწორობა ჩვენ გარეშე ვერ იარსებებს, იგი ჩვენში უნდა არსებობდეს. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენს ქმედებებზე, არამედ – ჩვენზეც“, – განაცხადა იოჰანსონმა.

აქციის მთავარმა ადრესატმა, პრეზიდენტმა ტრამპმა იხტიბარი არ გაიტეხა და აქციის წინ, მოსახლეობას მასში მონაწილეობა ტვიტერის მეშვეობით ურჩია. „მიდით მარშზე, რომ ბოლო წლის მანძილზე მიმდინარე უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატებები და კეთილდღეობა იზეიმოთ. ბოლო 18 წლის მანძილზე, ქვეყანაში ქალთა უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს!“, – დაწერა მან.

ისევე, როგორც შარშან, წლევანდელ „ქალთა მარშსაც“ უამრავი კაცი და ბავშვი ესწრებოდა.